ავტორი:

"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი

"პარლამენტში "ოცნებიდან" 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ "ნაცმოძრაობის" ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ" - ელისაშვილი

90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს მოუწოდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, მოაწერონ ხელი ხელისუფლებასთან შეთანხმებას და ყველა ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტში შესვლა სირცხვილი არ არის, ეს ქვეყნის სამსახურია და ამისთვის იბრძოდნენ პარტიები, როდესაც წინასაარჩევნოდ ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ.

„უნდა მოვუწოდო „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ლიდერებს, ნიკა მელიას, რომელსაც მართლა პატივს ვცემ, ხატია დეკანოიძეს, თინა ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, ლევან ხაბეიშვილს, მინდა მათ მოვუწოდო, მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და გავუსწოროთ ამ ქვეყანას თვალი, ხომ გვინდა რომ უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ ყველას შვილებმა, ვთქვათ ვაჟკაცურად, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ პარლამენტში. ნუ გრცხვენიათ, პარლამენტში არჩევისა და შესვლისთვის ვიბრძოდით და დავდიოდით ქუჩა-ქუჩა და სოფელ-სოფელ 3 თვე, ეს სირცხვილი არ არის ეს ქვეყნის სამსახურია.

ბოლო დროს ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და ვიცი, რომ ძალიან გაჭედილები არიან, არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ. ვიცი, რომ პარტიის შიგნით ჯანჯღარი და ყანყალია, არიან რადიკალები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გაგვიგებს ჩვენი ამომრჩეველიო - მიიღეთ გაბედული გადაწყვეტილება!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მან მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოიწონა, რომელმაც განაცხადა, რომ მალე ოპოზიციური პარტიები პარლამენტში იქნებიან და აღნიშნა, რომ სააკაშვილს კარგად ესმის, რას ნიშნავს ევროკავშირისა და ნატოს ელჩებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლების განცხადებები.

„სააკაშვილი იქ არის და ხვდება, რას ნიშნავს აპატურაის განცხადება, ხვდება ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების განცხადება რა არის, ხვდება ევროპარლამენტის განცხადება რა არის, ამათგან განსხვავებით ძალიან კარგად ხვდება რაღაცებს და ამისთვის შევაქებ სააკაშვილს - ყოჩაღ! ძალიან კარგი განცხადებაა! ოპოზიციამ ხელი უნდა მოვაწეროთ ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას და გადავდგათ ძალიან დიდი ნაბიჯი წინ, გავბედოთ, შევიდეთ პარლამენტში და იქ მთელი პოლიტიკური დუღილი გავაჩაღოთ. ვიფიქროთ ქვეყანაზე, რა დღეშია ქვეყანა ამასობაში! დაგვენგრა თავზე! მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის სიტყვას ახლა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, დანარჩენები გატრუნულები არიან იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ბედავს, რომ რაღაც თქვას, ახალგაზრდა ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა!“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ელისაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ შეთანხმებების საფუძველზე, იმას თმობს, რაც საქართველოში, მისივე თქმით, 30 წელია სანატრელია.

„ჯვარს მაცვეს და ტყავი გაგვაძრეს მე და იოსელიანს და ჩვენ პარტიას. მინდა აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე, არანაირი ბანაკი არ მაქვს და ჩემ გარშემო არ ვაგროვებ, უბრალოდ, იდენტური პოზიციები აქვს იმას, ვისაც აქვს სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ამ ქვეყნისადმი, არეულობა, რევოლუცია, ვისაც არ უნდა. მე პარლამენტში ვერავინ დამინახა, არც ლევან იოსელიანი და არც მე იქ არ ვყოფილვართ, ჩვენ მანდატები გვაქვს, ჩვენ იქ არ მივალთ და პარლამენტში არ შევალთ, თუ არ გაფორმდება შეთანხმება, შეთანხმება მომავალზე. იმ შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებას“ ვათმობინებთ ისეთ რაღაცებს, რაც 30 წელია სანატრელია საქართველოში და რაც მთავარია, თმობს. მე ვარ აგერ ცოცხალი მოწმე, ჩემ თვალწინ მიდის ეს პროცესი, მეც ვარ ერთ-ერთი, ვინც ველაპარაკები, ვაწვები „ქართულ ოცნებას“, იხევენ უკან, კომპრომისზე მიდიან.

ყველას უნდა პარლამენტში შესვლა უბრალოდ თქმას ვერ ბედავენ. იმის ეშინიათ რა დღეშიც ერთი კვირაა მე და ლევან იოსელიანი და ჩვენი პარტია ვართ. გვლანძღავენ, მოღალატეები, საზიზღრები ხართო, მაგრამ ჩვენ რომ დარწმუნებულები ვართ, სახელმწიფოებრივად სწორი პოზიცია გვაქვს და ჩვენ გვწამს, შეთანხმება უნდა გადარჩეს, შეთანხმებას ხელი უნდა მოვაწეროთ, უნდა გვეყოს პასუხისმგებლობა, გამბედაობა და ღირსება, რომ მოვაწეროთ და მერე შევიდეთ პარლამენტში. ჩემზე ამბობდნენ, იქ ვნახავთო, კიდევ ვამბობ, თუ შეთანხმება არ შედეგება, ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, არც მე, არც ლევანი.

დღეს რაც მოხდა, „პიონერთა სასახლის“ ეზოში, რაც მოაწყვეს, ეს არის ზუსტად მოტყუება და ხალხის შეურაცხყოფა. რა მაგარი ხალხი იყო შეკრებილი, რას მოაწერეს ხელი - ჩვენ ვაფორმებთ მემორანდუმს, რომ ვხევთ მანდატებს და არ შევდივართ პარლამენტშიო და ვინ ამბობს ამას - უგულავა, ბოკერია, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, კუკავა, რომელთაც მანდატები არ აქვთ და ხელი მოაწერეს, მანდატებს ვთმობთო. ახლა გეტყვით დანარჩენები რას აკეთებენ, თქვეს, ჩვენ მანდატებზე უარს ვამბობთ, მაგრამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთო, ვის ატყუებენ, თან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, თან თურმე, მანდატს ხევენ, თუ მანდატს ხევ, მონაწილეობას რა აზრი აქვს, ვის ატყუებ ელჩებს?“, - განაცხადა ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ქონების ჩამონათვალი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა "ფონდ ქართუს" გადასცა - "პარაგრაფ რიზორტი და სპა შეკვეთილში", შპს "ბიზნეს ცენტრი" და ა.შ.

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?