ავტორი:

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?

"სისტემა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მის გარეშე ჩამოიშლება... ერთმანეთთან  ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია" - როგორ აფასებენ ექსპრემიერის მეორედ წასვლას?

"პასუხისმგებლობისგან გაქცევა“ - პირველ რიგში, ასე აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკური საქმიანობიდან წასვლის შესახებ, რაზეც მან დღეს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში ისაუბრა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის აზრით, მან საკუთარი მისია შეასრულა, მიაღწია დასახულ მიზნებს, მიდის სიამაყის გრძნობით. ასევე, ის ეხება 2012 წელს ხელისუფლების გადაბარების საკითხსაც და ხაზს უსვამს, რომ რეალურად, ეს მშვიდობიანად არ მომხდარა (რაც განსაკუთრებით საინტერესოა მას შემდეგ, რაც საქართველოში მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანად დათმობა კაპიტოლიუმში გაიხსენეს და სამაგალითო შემთხვევად მოიყვანეს).

ბიძინა ივანიშვილის "მეორედ წასვლა“, მის წერილში ხაზგასმული გზავნილები და პირველად წასვლასთან განსხვავებები თუ მსგავსებები AMBEBI.GE-სთან ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე პოლიტიკოსმა შეაფასა.

  • "ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საკუთარ გუნდს გადააბაროს პასუხისმგებლობა - არა მართვა, არამედ პასუხისმგებლობა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ეს არ არის რეალური წასვლა, არამედ, ქვეყანაში არსებული და მოსალოდნელი მძიმე პრობლემების ფონზე, არაფორმალური მმართველობის კიდევ უფრო გამყარება იქნება.

"ვფიქრობ, რომ ეს "დადეკლარირებული“ წასვლა უფროა, რადგან ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, პრაქტიკულად, დეფოლტის წინაშე ვდგავართ უზარმაზარი, რამდენიმე მილიარდიანი საგარეო ვალით, ჯანდაცვის სიტუაციაში უმძიმესი კრიზისით, როდესაც ვაქცინა არც ჩანს და ამაზე არც საუბრობენ. ახლა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ფორმალურად და არაფორმალურადაც დაადეკლარიროს, საკუთარ გუნდს გადააბაროს პასუხისმგებლობა - არა მართვა, არამედ პასუხისმგებლობა. ეს არის იმის ღია დეკლარირება, რომ ეს, რაც ამ უმძიმეს მდგომარეობაში ხდება და მოხდება, იქნება ვთქვათ, კობახიძე-გახარია-ვოლსკის ბრალი. რეალურად, ის არ თმობს ძალაუფლებას. 31 ოქტომბერს იყო ამის რეალური შანსი, რაც მან არ გამოიყენა. შესაბამისად, ასე ვიტყოდი, რომ ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიული მმართველი არ არის, იგი ავტოკრატია, მან შექმნა რეჟიმი, სამწუხაროდ, ყველაფერი გააუარესა: იგივე, პოლიტიკური მართლმსაჯულება; ეკონომიკური მდგომარეობა; პროგრესი; ადამიანებს კეთილდღეობა აღარ აქვთ; ჯანდაცვა. როდესაც მწვავე კითხვები დაისმება, თუ სად არის ადამიანებისთვის კეთილდღეობა, მერე იტყვის, რა ჩემი ბრალია, გახარიას და კობახიძეს მიაკითხეთო. ამის გაკეთება გადაწყვიტა, მაგრამ ამას ხომ რეალურად არავინ დაიჯერებს? რა თქმა უნდა, ეს არ გადაფარავს ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობას მთელი ამ წლების განმავლობაში. ის შეეცდება, დარჩეს და არაფორმალური, კიდევ უფრო მძიმე მმართველობითი ფორმის მმართველი იქნება, რაც გულისხმობს იმას, რომ პრაქტიკულად, ეკონომიკაც და მთელი სახელმწიფო ინსტიტუტებიც კიდევ უფრო გადადის არაფორმალურ იატაკქვეშეთში და მისი აღქმით, მიტაცებული სახელმწიფო კიდევ უფრო ძლიერდება. ივანიშვილს გარე პასუხისმგებლობის აღება აღარ უნდა ამ უმძიმეს, შინაარსობრივ კრიზისებზე, მათ შორისაა ჯანდაცვა, სადაც უფრო და უფრო მეტი კითხვა დაისმება იმის შესახებ, თუ სად არის ვაქცინა და სად წავიდა ის მილიარდები, რომელიც ქვეყანამ აიღო ამ კრიზისის პერიოდში.

ამიტომ მე ვფიქრობ, "წასვლაც“ და "მოსვლაც“ უკავშირდება იმას, რომ მას არ სურს პასუხისმგებლობის აღება, თუმცა ყველამ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

  • "მის გარეშე ეს სისტემა ჩამოიშლება, ვერ იფუნქციონირებს"

"ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის შეხედულებითაც, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას არ დატოვებს. ამის მიზეზად გოგიჩაიშვილი თავად სისტემას და მის მოწყობას ასახელებს.

"მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა, რადგან სისტემა, რომელიც მან ააწყო, მისი ლოიალურია, მის გარეშე ეს სისტემა ჩამოიშლება, ვერ იფუნქციონირებს. ეს არ არის დემოკრატიული პრინციპებით აწყობილი სისტემა, სადაც ინსტიტუციები ერთმანეთთან კონსტიტუციური წესით თანაარსებობენ, არამედ ყველა მისი ხალხია. მარტივად რომ გითხრათ, დიქტატორები რასაც აკეთებენ ხოლმე: მკაცრი ვერტიკალი, სადაც მოსამართლე, პროკურორი, დეპუტატი, პოლიციელი, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე და პლუს ამას, ბიზნესი მის ვერტიკალშია მოქცეული... შესაბამისად, ის არსად წავა, ალბათ, ცოტა ხანი გაერიდება მედიას, რადგან ფიქრობს, რომ ამით მედია ზეწოლის შემცირებას შეძლებს, რომ აქცენტები სხვა ადამიანებზე გადავიდეს. ყოველთვის იტყვის, მე წასული ვარ და არაფერ შუაში ვარო, ვერასდროს გაარკვევ, წავიდა თუ არ წავიდა, ეს უბრალოდ, რწმენის მომენტია, რომ არსად წასულა. ის რომ წავიდეს, სისტემა იმიტომ ჩამოიშლება, რომ ხალხი ერთმანეთს ვერ შეეგუება, ეს წარმოუდგენელია, რადგან ის ისე ალაგებს მოზაიკას, სადაც მოზაიკის ერთმა ნაწილმა მეორე ნაწილი მის გარეშე ვერ უნდა აიტანოს.

ჩვენთან რომ იყოს დალაგებული ინსტიტუციები და სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა თანაარსებობდეს კონსტიტუციური პრინციპით და ერთი ადამიანის როლი არაფერს წარმოადგენდეს, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში - წავიდა ტრამპი, სისტემა დარჩა და ა.შ. პირიქით, ეს სისტემა მის გარეშე ვერ იარსებებს, ეს მისი სისტემა, არაკონსტიტუციური მართვაა. ერთმანეთთან ვერასდროს დალაგდებიან შოთაძე და გახარია, წარმოუდგენელია, ლილუაშვილმა და გახარიამ, ან გომელაურმა და გახარიამ საერთო ენა გამონახონ. ივანიშვილის მთავარი ნებაა, რომ ყველა საკითხი მასთან იყოს შეთანხმებული. უბრალოდ, ესაა გზა, რომ რაღაცნაირად, დროთა განმავლობაში მედიაში უარყოფით კონტექსტში მისი სახელის ნაკლებად ხსენება მოხდეს - ჩემი აზრით, მისი გათვლა ძირითადად ესაა“, - აღნიშნავს გოგიჩაიშვილი.

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრეობაზე და პასუხობს კითხვას, თუ რა მსგავსებასა თუ განსხვავებას ხედავს პოლიტიკიდან მის "პირველ“ და "მეორე“ წასვლას შორის.

"პრინციპში, მისი მემკვიდრეობა რა არის? ეს არის დამნაშავე მოსამართლეები, ყოფილი დამნაშავე პროკურორები, ძალიან მაღალი დონის კორუფცია (ელიტურიც აღარ არის ეს, უკვე მასობრივი კორუფცია), რეტროგრადიზმი, განვითარების არანაირი პერსპექტივა და არანაირი განცდა ადამიანებში, რომ ხვალინდელი დღე პროგნოზირებადი, კარგი და მნიშვნელოვანია; სამწუხაროდ, სწორედ მისი ძლიერი სურვილით "ნაციონალური მოძრაობა“ - ძალიან მძიმე რეალობა "დატოვა“, უმძიმესი მემკვიდრეობაა, მე ვფიქრობ, სამარცხვინო. თუ იღებ პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე და ამას ტოვებ - ჩინჩალაძეს, შოთაძეს, ასეთი მასშტაბის კორუფციას, კორუმპირებულ უშიშროებას, პროკურატურას, სასამართლოს, თვითმმართველობას, მთავრობას, პარლამენტს, ჩემი აზრით, პასუხი უნდა აგო.

რაც შეეხება იმ პერიოდს, როცა ის პოლიტიკიდან პირველად გავიდა, მაშინ ძალაუფლება მეტ-ნაკლებად გადანაწილებული იყო, სხვანაირი სიტუაცია იყო, სხვა პარტიები იყო, კოალიცია იყო, პარლამენტი ფუნქციონირებდა... ახლა ეს პარლამენტი არ არის, ეს ხომ, თავისი გაგებით, მისი შპს-ია, თავისივე მენეჯერები დატოვა, ეს არაა სახელმწიფოს ხალხი, რომელიც თქვენზე ფიქრობს და ზრუნავს, ან თქვენი ყოველდღიურობითაა შეწუხებული, არამედ ფიქრობს, როგორ იშოვოს ფული და როგორ დალაგდეს ტენდერში. ვინ არის დეპუტატი, რომელზეც ფიქრობთ, რომ თქვენი ინტერესების დამცველია, მოქალაქის? დატოვა თავის ხალხი და წინა წასვლას და დღევანდელს შორის განსხვავება ისაა, რომ ახლა უფრო მშვიდადაა, რომ მას ვინმე არ წაართმევს ხელისუფლებას. ის უფრო ენდობა, ვთქვათ, კობახიძეს და გახარიას, ვიდრე მაგალითად, კვირიკაშვილს. ანუ განსხვავება კომფორტშია - ის ამჟამად უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. მან ხაზიც გაუსვა, რომ დატოვა ხალხი, რომელიც მერყევი არაა, არამედ, სტაბილურია. თუმცა აქ თავის თავზე ლაპარაკობს, ეს ხომ ეგოცენტრული წერილია, ის ყოველთვის თავის თავზე ლაპარაკობს და "საქართველოშიც“ თავის თავს გულისხმობს, რადგან თვითონაა ის მთავარი ადრესატი, რომელსაც მან ეს კომფორტი შეუქმნა, რასაც სახელმწიფო საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა, რომლითაც ის კომფორტულადაა, შესაცვლელია“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

  • "თუ მართლა მიდის, ძალიან კარგი იქნება ამ ქვეყნისთვის"

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი ჩვეულ "ტრიუკს“ არ ატარებს და მართლაც მიდის პოლიტიკიდან, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია, თუმცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი ნდობა არ შეიძლება.

"ორი ვარიანტია: ერთი, რომ კიდევ რაღაც ჩვეულ "ტრიუკს" ატარებს, სინამდვილეში არსად მიდის და რისთვის გამოაქვეყნა უშველებელი წერილი, ჯერ რთული მისახვედრია; და მეორე, რომ მართლა მიდის. ამის შანსი გაცილებით ნაკლებია, მაგრამ თუ მართლა მიდის, ძალიან კარგი იქნება ამ ქვეყნისთვის. ტოვებს იმას, რომ თავისი მმართველობის რვანახევარი წლის თავზე მივიღეთ ოდნავ მეტი პლურალიზმი გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით და გაცილებით ღარიბი, ღატაკი და უიმედო ქვეყანა. ხოლო თუ ტრიუკს ატარებს და ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული, როგორც თავის წერილში ამბობს, ერთიც და მეორეც გამოჩნდება. დრო გვიჩვენებს, კიდევ რაღაცას ატყუებს მთელ მსოფლიოს და საქართველოს, თუ გულწრფელად მიდის და მართლა დაიღალა, 65 წლისაა და აღარ უნდა პროცესებში მონაწილეობა. თუმცა ერთი ვიცით, რომ მაგ კაცის ნდობა არცერთ ნაბიჯზე არ შეიძლება“, - ხაზს უსვამს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ზოგიერთი მთავარი გზავნილი, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილში იკითხება, ღიმილისმომგვრელია.

"ის, რომ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია, ღიმილისმომგვრელია; ის პასაჟი, რომ ამაყი და თავაწეული მიდის, ღიმილისმომგვრელი და სევდიანი, იაფფასიანსი ტყუილია. ამოვიღოთ მისი დაპირებებიდან ნებისმიერი და ვნახოთ, რომელი შესრულდა? ერთადერთი ის, რომ სააკააშვილს დაამარცხებდა - კი ბატონო, დაამარცხა, მაგრამ უკეთესი ქვეყანა მივიღეთ? არ მივიღეთ. აღარ გავყვები იმ ჩამონათვალს, რომ წყალი უფასო, შუქი უფასო, ბენზინი ამდენი, ყველა სოფელს 5 მილიონი და ა.შ. არც ერთი დაპირება შეუსრულებია და არც - სტრატეგიული მიზანი. როგორც გითხარით, ტოვებს გაცილებით გაჭირვებულ, უიმედო და უპერსპექტივო ქვეყანას. სტრატეგიული მიზანი თუ ეს ჰქონდა, რომ უპერსპექტივობა ყოფილიყო, მაშინ ამ სტრატეგიულ მიზანს ნამდვილად მიაღწია.

სხვა მხრივ, რაც არ უნდა მოხდეს, 2012 წლის ოქტომბრისადმი ჩემი დამოკიდებულება პოზიტიურია და მაშინ ქვეყანამ ნაბიჯი წინ გადადგა. ასეთი თუ ისეთი ზეწოლით, ამერიკელი სენატორების ჩართულებით თუ სხვა, ფაქტია, რომ სააკაშვილს მოუწია ხელისუფლების დათმობა, რაც ქვეყნისთვის კარგი იყო, მაშინ ხელისუფლებაში სააკაშვილის დარჩენა არაფრით შეიძლებოდა, ისევე, როგორც დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება“, - აცხადებს "მოქალაქეების“ ლიდერი.

ის არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში შესაძლოა, მესამედაც დაბრუნდეს.

"მესამედ მოსვლა“ შეიძლება ვიხილოთ, რადგან ივანიშვილს უბრალოდ წესი აქვს, ყველა და ყველაფერი გადააგდოს და მოატყუოს. ამას დრო გამოავლენს, ახლა რთულია თქმა, ან რატომ გამოაქვეყნა ეს წერილი, ან რეალურად რას აპირებს, ძალიან რთულია, რადგან ამ კაცის ნდობა რომ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ბავშვმაც კი იცის. იმ ტექსტის 5/6 აბსოლუტურად ყალბი პათეტიკით იყო და არის გაჯერებული.

რაც შეეხება წინა წასვლას, როდესაც 2013 წელს წავიდა, მართლა შეეძლო ეთქვა, თავაწეული და ამაყი მივდივარ და შემიძლია, თვალი გავუსწორო საქართველოსო. მაშინ შეიცვალა ხელისუფლება, სააკაშვილი, რომელიც დაუმარცხებელი ჩანდა და მოძალადე იყო, დამარცხდა, მოძალადე ხელისუფლება დასრულდა და ა.შ. თუმცა დღეს ის არც ამაყია და არც თავაწეული - საკუთარ თავთან არ ვიცი, მაგრამ ქვეყანასთან ის შერცხვენილია, რადგან მისი მმართველობის მეცხრე წელს ქვეყანა გაცილებით ღატაკი და უიმედოა და თუ ეს სიამაყის და თავაწეულობის საფუძველს აძლევს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. 2013 წელს მართლა წასვლა იქნებოდა ღირსეული ნაბიჯი, დღეს კი ისაა, რომ ის გაერიდა იმ პრობლემებს, რაც ამ ქვეყანას კიდევ ელის, გაზაფხულზე იქნება თუ შემოდგომაზე, როდესაც ყველას სუსხივით და ყინვასავით მოგვიჭერს სიღატაკე და გაჭირვება. ალბათ უნდა, რომ ხელი არ გაიშვირონ მისკენ და სხვა რაღაცებს დაბრალდეს და არა ივანიშვილს, რომ ასეთ ვითარებაში ჩააგდო ქვეყანა. ასე რომ, ძალიან დიდი განსხვავებაა მაშინდელ წასვლასა და ახლანდელ წასვლას შორის - ეს პრობლემებისგან გაქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე ღირსეულ წასვლას და 2013 წელს მართლა ღირსეული წასვლა იქნებოდა, ნამდვილი წასვლა რომ ყოფილიყო“, - აღნიშნავს ალეკო ელისაშვილი AMBEBI.GE-სთან.

როდის გაიმართება ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და რას ამბობს საქმის პროკურორი

პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა

"ევროკავშირის მიერ გირაოს დეკლარირება ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები" - ხატია დეკანოიძე