ავტორი:

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

"ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - რას ჰყვება ბადრი ესებუას ოჯახის ახლობელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძებნილ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა, პოლიციამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავა.

უწყების ცნობით, ბიძინა ესებუას უთვალთვალებდნენ, რადგან, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ვარაუდობდნენ, რომ მას ძებნილ ძმასთან კონტაქტი ჰქონდა და სხვადასხვა დანიშულების ნივთების გადაცემას გეგმავდა.

ბიძინა ესებუამ მიმალვა სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. მისი კუთვნილი “ბემვეს" მარკის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი...

გამოძიების არ სჯერა, ბიძინა ესებუას მამას, ტარიელ ესებუას. მისი თქმით, არ სჯერა, რომ მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჰქონდა და ის არც იმის შესაძლებლობას უშვებს, რომ იარაღი მისი ძებნილი ძმისთვის, ბადრი ესებუასთვის უნდა გადაეცა. ის ირწმუნება, რომ მისი ოჯახის წევრებმა ბადრი ესებუას ადგილსამყოფელი არ იციან და აღარც კონტაქტი ჰქონიათ მასთან. “ტელევიზიით გავიგე, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი არ ვიცი. არ ვიცი, ეს (იარაღი) საიდან ამოიღეს, სახლიდან არ ამოუღიათ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

AMBEBI.GE –ს ესებუების ოჯახის ახლობელს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, ბიძინა ესებუას ძმასთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა, არ სჯერა, რომ მას ჰქონდა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები.

“ძნელია, ძმა სადღაც ტყეში, ან კაცმა არ იცის სად, უპატრონოდ, მშიერ-მწყურვალი გეგულებოდეს და მშვიდად იყო. მესმის, რომ ძებნილია, მაგრამ ადამიანურადაც მესმის მისი ძმის, დედ-მამიშვილი მწარეა, რა უნდა თქმა, სახეზე ეტყობათ, რაც მათ გულში დუღს... ასი წლით დაბერდა დედ-მამა.

ვუყურებთ ამ ოჯახს და ვხედავთ, რომ თვალს და ხელს შუა ილევა მთელი ოჯახი, პირველ რიგში, დედ-მამა. მამამისი არის კაცი, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს, ყველასთვის პატივსაცემი კაცია... რა გითხრათ, დაიღუპა თავი და თუ ძმაც როგორღაც გარია, ეს პატიოსანი ოჯახიც დაუღუპავს და ეგ არის. ვერც ვიჯერებთ, რომ ბომბები და ტყვიები იშოვა, არ არის ასეთი ტიპი. თუმცა, კაცმა არ იცის, რა მოხდა და კიდევ რა მოხდება.

აქამდე კი ვამბობდით ყველანი, არ გვჯერა, ბევრი რამ არ ემთხვევა და დააბრალესო, მაგრამ მართლა ასე რომ ყოფილიყო, რაღაც გზას იპოვიდა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად, ირანში ხომ არ ვცხოვრობთ?! ყველაზე გონივრული იქნებოდა, ვიდრე მის ძმასაც გარევდა, ჩაბარებოდა, როგორც ეს მამამისმა ურჩია.

აბრაგობის წლები ხომ არ არის, სადღაც-სადღაც იცხოვროს და ვერავინ იპოვოს?! როგორია დედ-მამისთვის ამ ქარსა და ყინვაში შვილი სად არის რომ არ იციან. ცოტა გაბრაზებულიც კი ვართ ბადრიზე, ბანკში შესვლის გამბედაობა თუ ჰქონდა, მერე რაც მოჰყვა იმაზეც აიღოს პასუხისმგებლობა. თავისი თავი გაიმეტა, მაგრამ ოჯახის წევრებს როგორ ექცევა ასე?! შემდეგი ვინც ლუკმას მიაწვდის, ისიც უნდა დაიჭირონ და ის შორიდან უყურებს?!" - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, ბადრი ესებუას ბრალი ედება ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში. შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელსაც, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით, 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. ბადრი ესებუას დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თეთრიწყაროში 82 წლის მამაკაცი 87 წლის მეუღლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - "ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა"

შსს - აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 6 პირია დაკავებული