ავტორი:

სამხრეთ კავკასიაზე გავლენების განაწილების ახალი ხაფანგი? - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივამ საქართველოს

სამხრეთ კავკასიაზე გავლენების განაწილების ახალი ხაფანგი? - რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ერდოღანის "ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივამ საქართველოს

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შესაძლებელია შეიქმნას "ექვსეულის პლატფორმა“, რომლის მიზანიც რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება იქნება. "დღეს ჩემ ძმასთან (ილჰამ ალიევთან) ერთად განვიხილავდით შესაძლებლობას შეიქმნას პლატფორმა ექვსი ქვეყნისგან, რომელშიც იქნებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, საქართველო და სურვილის შემთხვევაში - სომხეთი. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განსავითარებლად", - განაცხადა ერდოღანმა ბაქოში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე. გამოითქვა უკვე ვარაუდები, რომ შესაძლოა ამგვარი ფორმატით სამი ქვეყანა - თურქეთი, ირანი და რუსეთი ცდილობდნენ სამხრეთ კავკასიაში გავლენების განაწილებას და რეგიონში დასავლური ინტერესების ამოკვეთას. არ არის გამორიცხული, რომ ამ სამი ქვეყნის ინტერესი კონკრეტულ პერიოდში მართლაც დაემთხვას კიდეც, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მათი თანამშრომლობა ცოტა რთულად წარმოსადგენია.

რა ფორმატია ეს, რამდენად შესაძლებელია მისი რეალიზება რეგიონში, აქვს თუ არა თურქეთს კავკასიაში მთავარი მოთამაშის ამბიცია და რა საფრთხეები შეიძლება დადგეს საქართველოს წინაშე, ამ კითხვებზე პასუხს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის გიორგი გობრონიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რას ითვალისწინებს ერდოღანის მიერ ინიცირებული “ექვსეულის პლატფორმა” და რამდენად შესაძლებელია მისი რეალიზაცია რეგიონში? როგორც იკვეთება, თურქეთს სამხრეთ კავკასიაში მთავარი მოთამაშის ამბიცია გაუჩნდა...

- თურქეთს სურს, რომ კავკასიის რეგიონში საკუთარი ინტეგრაციული მოდელი შექმნას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად კავკასიის რეგიონში ორი მოდელი მუშაობს:

1. დასავლური ინტეგრაციული მოდელი, რომლის ნაწილიც საქართველოა და ეს არის ევროკავშირი და ნატო;

2. რუსეთის მიერ ინიცირებული ევრაზიული ინტეგრაციის მოდელი, რომლის ნაწილიც არის სომხეთი.

საბოლოო ჯამში, თურქეთი ცდილობს შექმნას ამ ყველაფრის ალტერნატივა, სადაც თვითონ იქნება რეგიონული ლიდერის სახით წარმოდგენილი. ასე იყო 2008 წელსაც, როდესაც თურქეთს უნდოდა კავკასიაში მშვიდობისა და განვითარების პლატფორმა შექმნილიყო, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაახმიანეს ეს ინიციატივა და მაშინ არ გამოვიდა. თურქეთი ახლაც იმავეს ცდილობს, თუმცა ძნელია თქმა, რამდენად რეალური შანსები აქვს.

ერდოღანს დეტალები არ გაუხმაურებია და ჯერჯერობით ის ვიცით, რომ მისი სურვილით, ეს ექვსი ქვეყნისგან შემდგარი პლატფორმა უნდა იყოს - საქართველო, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი და თუ მოისურვებს, სომხეთიცო. უახლოეს მომავალში რამდენად დიდია ამის პერსპექტივა, ეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ შემთხვევაში არის განსხვავებული, მას გააჩნია თავისი დღის წესრიგი და ის თურქეთის ამ ინიციატივას გაუწევს წინააღმდეგობას. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთი რეგიონში არ არის ისეთი ძლიერი და არ არის იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ძლიერი, როგორც დასავლეთის მთავარი პარტნიორი რეგიონში, რაღაც ალტერნატიული დღის წესრიგი რომ დავუპირისპიროთ. თან ჩვენ ვხედავთ, რომ საბოლოოდ, რეგიონი რუსულ-თურქული კონკურენციის ზონად ჩამოყალიბდა და ვიდრე ჩვენ დავლაგდებით, ასეთი ვითარება იქნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩების მოწოდებები - დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი, სწორედ იმით აიხსნება, რომ ამ შემთხვევაში, აქ დასალაგებელია მათი პოზიციაც.

- ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინიციატივა რეგიონში სამომავლოდ რუსეთ-თურქეთის კიდევ უფრო გაძლიერებას და დასავლეთის პოზიციების შესუსტებას, საბოლოოდ კი კავკასიიდან მის გაძევებას გულისხმობს?

- დასავლეთის გაძევებას ცდილობენ, რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ერთი მხრივ, თვითონ დასავლეთზე - რამდენად მაღალია მისი ინტერესი და რამდენად მზად არის, რომ დიდი ინვესტიცია ჩადოს რეგიონში თავისი ყოფნის შენარჩუნებაში. ასევე, დამოკიდებულია დასავლეთის რეგიონალურ მოკავშირეებზე, ანუ - ჩვენზე. იმ შემთხვევაში, ჩვენ თუ ვერ შევდექით, როგორც წარმატებული კონსოლიდირებული დემოკრატია, რომელიც იქნება დასავლური ინტეგრაციული პროექტის ორგანული ნაწილი, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს რეგიონში დასავლეთის პოზიციების ეტაპობრივ შესუსტებას გამოიწვევს. რაც შეეხება გაძლიერებას, მე არ მახსენდება, როდის იყვნენ ეს ქვეყნები (რუსეთი და თურქეთი) რეგიონში სუსტები.

სამწუხაროდ, ყარაბაღის თემა, პრაქტიკულად, დღეს კიდევ უფრო შეუძლებელს ხდის სომხეთისა და აზერბაიჯანის რაიმე თემაზე კომუნიკაციასა და შეთანხმებას. ხოლო თუ იქნება საქართველოს კონფლიქტები და სისუსტეებიც, ეს რეგიონს ძალიან მოწყვლადს გახდის გარე ძალების შიდა ჩარევებისთვის.

- ანუ თურქეთის ჰეგემონია შენარჩუნდება რეგიონში, რისი პრეტენზიაც მას აქვს. და რუსეთი ამას შეეგუება?

- განსაკუთრებული სიახლე აქ არაფერი მომხდარა. საქმე იმაშია, რომ ამჟამად უკვე თურქეთი ცდილობს იქცეს რეგიონში ლიდერად. იქნება ძალიან მაღალი ხარისხის კონკურენცია. ხელაღებით იმის თქმა, რომ ცალსახად რუსეთს, ან თურქეთს დარჩება ჰეგემონია, ძნელია. ამ შემთხვევაში, უფრო ის უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ორი ძალის კონკურენცია საბოლოო ჯამში, მოახდენს ერთმანეთის გავლენების კომპენსირებას და ისინი, ძირითადად, ერთმანეთის გავლენების შესუსტებით იქნებიან დაკავებულები, ვიდრე საკუთარი ახალი გავლენების შექმნით.

საკუთარი ახალი გავლენების შექმნა არ გამოვა მანამ, ვიდრე არ შესუსტდება მეორე ძალის გავლენა და ეს იქნება ამ ორ სახელმწიფოს შორის რაღაც კონკურენცია-თანამშრომლობის რეჟიმში, რაც მათთვის დიპლომატიაში ჩვეულებრივი მოვლენაა.

- რა შესაძლო საფრთხეების წინაშე შეიძლება დადგეს რეგიონი და კონკრეტულად - საქართველო რუსეთ-თურქეთის კონკურენციის პირობებში და როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, რა უნდა მოიმოქმედოს დასავლეთმა, და რა - ჩვენ?

- აზერბაიჯანისთვის თურქული პროექტის რეალიზება არანაირი საფრთხე არ არის, მეტიც, ეს მისთვის იქნება ერთგვარი წარმატებაც. საქართველოსთვის თურქული პროექტის რეალიზება, ზოგადად, არ არის სასურველი, ვინაიდან ჩვენთვის რამდენადაც მნიშვნელოვანია თურქეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, პარტნიორობა და კომუნიკაცია ბევრ საკითხებზე, იმდენად თურქული გავლენა არ უნდა გადავიდეს იმ ნიშნულს, რომლის შედეგადაც შეიძლება საფრთხედ ჩამოყალიბდეს. თავისთავად ცხადია, რუსული გავლენების ზრდა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად სომხეთს აწყობს, იმავდროულად, ეს ძალიანაც არ აზარალებს აზერბაიჯანს იმიტომ, რომ რუსეთმა შეიქმნა საკმარისი პოზიცია აზერბაიჯანში და მასზე საკმაოდ სერიოზული გავლენის ბერკეტები მოიპოვა. რუსული გავლენის ზრდა, პრაქტიკულად, იყო ის მოცემულობა, რასაც დათანხმდა აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებით და რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ჩაყენებით. რუსეთის გავლენის ზრდა ჩვენთვის არის ყველაზე ნაკლებად სასურველი სცენარი გამომდინარე იქიდან, რომ:

1. ჩვენი ტერიტორიები რჩება ოკუპაციის ქვეშ;

2. ჩვენ ვრჩებით რუსეთიდან მომდინარე მუდმივი საფრთხის ქვეშ.

შესაბამისად, ყველაზე ნაკლებ სასურველი ჩვენთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ისაა, რომ შევძლოთ და მესამე აქტორის – დასავლეთის ჩართულობა გავზარდოთ იმაზე მეტად, ვიდრე დღეს არის. დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს, მანამ, ვიდრე საქართველო ჰგავს იმას, რასაც ჰგავს? ჩვენთან მიმართებაში დასავლეთი ვერაფერს იზამს იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც დგას სახელმწიფოებრიობის პრობლემა, ძალიან რთულია, რომელიმე პარტნიორი იყოს აქტიურად ჩართული და ვილაპარაკოთ უფრო სერიოზულ თანამშრომლობაზე. ჩვენ, პირველ რიგში, გვჭირდება ის, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებმა სრულფასოვნად იმუშაოს, მიმდინარეობდეს შეუქცევადი დემოკრატიზაციის პროცესი, ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური ეკონომიკური განვითარების გარანტიები და მრავალმხრივი პროაქტიური დიპლომატია. ეს არის აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს საინტერესო თავისი მოკავშირეებისთვის და მათი ინვესტიცია წამოვიდეს ჩვენკენ. ინვესტიციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსურ, არამედ პოლიტიკურ ინვესტიციასაც და მხარდაჭერას.

- საუბრობენ იმაზე, რომ გამოსავალი შესაძლოა იყოს ამერიკული სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსება, ახალი ინტერვენცია რომ ავიცილოთ თავიდან...

- ბაზებს რაც შეეხება, აქ არის ასე საკითხი, რა პირობები აქვს აშშ-ს აქ სამხედრო ბაზის განთავსებისთვის, რა ამოცანა დგას, ან რა ორმხრივი ვალდებულებაა ამისთვის? არ ვიცი, რამდენად განიხილავს აშშ სამხედრო ბაზის განთავსებას საქართველოში, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს რისკები და ამ რისკებს ორი რაღაცით უნდა ვუპასუხოთ.

1. შევდგეთ, როგორც კონსოლიდირებული დემოკრატია;

2. სტაბილური ეკონომიკური განვითარება.

- სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილმა მიანიშნა, “ტრაქტატი-2 მზადდება, დასავლეთმა სასწრაფოდ რამე თუ არ მოიმოქმედაო...

- ჩვენი ამ კრიზისში ყოფნა, საბოლოო ჯამში, ყველანაირად ასუსტებს დასავლეთის პოზიციას, იმავე - ჩვენსას იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენ ვითვლით ხმებს, ვიდრე ვერ ვკრებთ პარლამენტს და ვართ ერთპარტიულ რეჟიმში ცხოვრების პირობებში, ხელისუფლების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ღიად უპატივცემულობის რეჟიმში და ვიდრე ვართ ამხელა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, აქ რაიმე სერიოზულ თანამშრომლობას აზრი, რა თქმა უნდა, არ აქვს. ელემენტარულად, იქამდე მივიდა საქმე, რომ ქვეყანის შიგნით პოლიტიკური აქტორები დიპლომატიური წარმომადგენლების გარეშე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. არა და, ეს დიპლომატიური ძალისხმევა სხვა რაღაცეებზე უნდა იხარჯებოდეს და არა იმაზე, ადამიანები ერთმანეთს შეახვედრონ და დაალაპარაკონ. ჩვენ იმდენად გარე პრობლემა არ გვიდგას, რამდენადაც შიდა და თუ ისინი გადავლახეთ, გარეთ შედარებით მარტივად შევძლებთ დავალაგოთ სიტუაცია. ჩვენ თვითონ თუ იმაზე მეტი გავაფუჭეთ, ვიდრე ნებისმიერმა მტერმა შეიძლება დაგვიშაოს, მაშინ საერთოდ, რა აზრი აქვს რაიმე ტიპის დიპლომატიას, ან სხვა მიმართულებას?

"უცნაური იქნებოდა პრეტენზიების წაყენება დღევანდელ არაკომუნისტურ რუსეთთან" - რას აცხადებს ზატულინი  ე.წ. მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე სომხურ გამოცემასთან

"მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს" - რას პასუხობს ბოკერია სააკაშვილს?

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"