ავტორი:

"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული

"ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო" - გოგი ქავთარაძის "მოგზაურობის" დასასრული

რეჟისორი, მსახიობი გიორგი (გოგი) ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბატონი გოგის გარდაცვალება რომ შევიტყე, რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დავურეკე, ვიცოდი, ძალიან მეგობრობდნენ და ბევრი მოსაგონარიც ექნებოდა, მაგრამ ბატონმა თემურმა მომიბოდიშა, - დიდი მადლობა, რომ სწორედ მე დამირეკეთ, მაგრამ... ახლახან დავბრუნდი მისი ოჯახიდან, ძალიან განვიცდი, ძალიან ცუდად ვარ და ვერაფერს გეტყვით, რამდენიმე დღეში აუცილებლად გიამბობთ გოგიზეო. ამიტომ... რამდენიმე დღეში მართლაც აუცილებლად გიამბობთ ბატონ გოგიზე...

ამონარიდი გაზეთ "კვირის პალიტრის" 2009 წლის არქივის სტატიიდან, რომელშიც ბატონი გოგი ყვებოდა:

"თეატრის გარდა არც არაფერზე მიოცნებია...

სკოლაში დრამწრე გვქონდა. ჩვენი ხელმძღვანელი იყო რეზო ესაძე - იმავდროულად ჩვენი ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი. ჩემზე რეზო ესაძემ დიდი გავლენა მოახდინა. შემდეგში, უკვე მოწიფულობაში, ასევე დიდი გავლენა ჰქონდა რობერტ სტურუას. სკოლა რომ დავამთავრე, მოსკოვში წავედი. სხვათა შორის, მოსკოვში იმ წელს ვგიკ-ში აბარებდა რეზო ესაძეც - გამოცდების ნახვა ჰქონდა დაგეგმილი, მერე მოვემზადებიო. ბედად, მიხეილ რომმა შეამჩნია და ჩაირიცხა. ეს დიდი სიხარული იყო. მე კი სტაჟი არ მქონდა და გამოცდებზე გასვლის უფლება არ მომცეს.

ჩამოვედი და მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა სცენის თანამშრომლად. ეს ნიშნავს მასობრივ სცენებში დამხმარე შემადგენლობაში ყოფნას. ბედნიერი ვიყავი, ვუყურებდი მარჯანიშვილის თეატრის კორიფეებს. შალვა ღამბაშიძის გარდა, ყველას მოვესწარი. რეჟისორობაზე ვოცნებობდი, ამიტომ საკუთარი ინიციატივით გავხდი რეჟისორის თანაშემწის თანაშემწე. ვიჯექი და ვიწერდი ყველაფერს. ერთ მშვენიერ დღეს, მაშინაც, როგორც ყოველთვის, თეატრს უჭირდა, დირექტორი კი აკაკი დვალიშვილი იყო. გამოაკრეს განცხადება: ყველა შტატგარეშე თანამშრომელი და შტატიან სცენის თანამშრომელთა ნაწილი გათავისუფლებულია თეატრიდანო. მე შტატგარეშე ვიყავი, ამდენად, კითხვაც არ მჭირდებოდა, ვიცოდი, გათავისუფლებული ვიყავი. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის.

რამდენიმე დღის მერე ქუჩაში შემხვდა აწ განსვენებული ბონდო გოგინავა, - თეატრში რატომ არ მოდიხარო... გათავისუფლებული ვარ-მეთქი. შედი და ბრძანება წაიკითხეო. მივედი. გამოკრულია: სცენის შტატგარეშე თანამშრომელი გიორგი ქავთარაძე ჩარიცხულ იქნას შტატში სცენის თანამშრომლად და დაევალოს რეჟისორის თანაშემწის ფუნქციაცო. ამაზე დიდად სასიხარულო ჩემს ცხოვრებაში მერე არაფერი მომხდარა.

1962 წელს ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში და თუმანიშვილის სტუდენტი გავხდი...ერთ დღეს ისევ ბონდო გოგინავა შემხვდა, გილოცავო... განაწილდა "მე ვხედავ მზეს" და შენ სოსოიას როლი მოგცესო. რაც დაწერა ნოდარ დუმბაძემ, ყველაფერი ვითამაშე, გარდა ზურიკელას როლისა. მერე კი, როცა რეჟისორი გავხდი, ყველა მისი ნაწარმოები დავდგი, მათ შორის 4 სპექტაკლი საზღვარგარეთ.

ერთ დღეს კარზე ზარი დაირეკა. გავაღე - რობიკო სტურუა დგას... მცირე სცენაზე ვდგამ სპექტაკლს "ვახშმობის წინ" და წაიკითხე, მინდა გათამაშოო. ასე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. დაიწყო ჩემი და რობიკოს დიდი მეგობრობა.სადიპლომო სპექტაკლი რუსთაველის თეატრში დავდგი. სერგო ზაქარიაძე მყავდა მთავარ როლში...1967 წელს დავდგი "ჩვენ, მისი უდიდებულესობა". მთავარ როლს ისევ სერგო ზაქარიაძე თამაშობდა. ეს იყო პირველი სპექტაკლი ქართული თეატრის ისტორიაში, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა - გასტროლზე იყო რუმინეთში. ცხადია, შემთხვევით მოხდა, მუშათა კლასზე იყო, ლენინს ეძღვნებოდა და ამიტომ.

ბედი მქონიაო, მე უნდა ვთქვა, მიხეილ კობახიძემ რომ "ქორწილში" მიმიწვია, მერე ვინ არ მაჩვენებდა ხელით - ასე მიგქონდა ყვავილებიო... ამ ფილმით დაიწყო ჩემი კინოკარიერა". იხილეთ სრულად

ამავე ინტერვიუში ამბობს, ვიცხოვრე, როგორც გემის კაპიტანმა, მოგზაურობაშიო...

სოციალურ ქსელში რამდენ მოგონებას გადავაწყდი ბატონ გოგიზე, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი, ოთხი ძალიან ნიჭიერი და ძალიან პოპულარული ქართველის - გურამ საღარაძის, ნუგზარ ჟუღელის, სოფიკო ჭიაურელისა და გოგი ქავთარაძის ფოტოს გულგრილად ვერაფრით ავუარე. ფოტო "ფეისბუკ-მომხმარებელმა" რუსიკო ყიფიანმა გამოაქვეყნა და სტატუსიც დაურთო: "ეს არაა უბრალო სურათი, ეს გახლავთ ფოტო ქართული სათეატრო ოჯახის ალბომიდან... დღეს ამ კვარტეტის ბოლო წარმომადგენელიც გადაბრძანდა იმიერში, მარადისობაში. ძალიან შემოგვეჩვია სიკვდილი, რამდენი ძვირფასი პიროვნება წაგვგვარა ამ უცნაურ, მძიმე წელს.?!.. ესენი აღარასოდეს განმეორდებიან..."

ბატონი გოგი 80 წლის იყო, მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ასაკოვანი გოგი ქავთარაძე პირისპირ არ მინახავს, მიუხედავად მისი ჭაღარისა, ჩემს ცნობიერებაში რატომღაც კვლავ იმ გმირებად დარჩა (შეიძლება, თავად მოვინდომე, ასე დამეტოვებინა), რითაც ბავშვობიდან გავიცანი - თავის კეთილ, უწყინარ, ხალისიან ახალგაზრდა გმირებად.

წლების წინ ქართულ ფილმებს ძალიან ხშირად უჩვენებდნენ და უმრავლესობა მართლაც გენიალური იყო, ამიტომ ლამის ზეპირად ვიცოდით იმ ფილმების კადრებიც და დიალოგებიც. მაგრამ რეჟისორ მიხეილ კობახიძის ჭეშმარიტად შედევრი - მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი "ქორწილი", მიუხედავად იმისა, რომ უხმო იყო და მხოლოდ - მუსიკალურად გაფორმებული, დღესაც დაუვიწყარია - ფილმადაც და თავისი უსახელო მთავარი გმირითაც, ვის როლსაც სწორედ გოგი ქავთარაძე ასრულებს, თანაც - შესანიშნავად.

მახსოვს, რა სითბოთი იხსენებდა გოგი ქავთარაძეს რეჟისორ გიორგი შენგელაიას "მაცი ხვიტიაში" მთავარი როლის შემსრულებელი ალეკო გაბეჩავა. იგი არაპროფესიონალი მსახიობი იყო სოხუმიდან, ფილმს 1960-იან წლებში იღებდნენ. შესანიშნავ მოჯირითეს, გადაღებებისას კასკადიორიც არ დასჭირვებია. გოგი ქავთარაძე ფილმში "მაცის კოჭოიას" განასახიერებდა. ბატონი ალეკო ამბობდა, გოგი ჩემზე ცოტათი უფროსი იყო, ერთმანეთს კარგად ვუგებდით და ფილმმა ძალიან დაგვამეგობრაო. ერთხელ, ანაკლიაში ყოფნისას, გოგი ქავთარაძეს მისთვის შეუთავაზებია, მოდი, ცხენების ჭენებაში შევეჯიბროთ ერთმანეთსო. გაუჭენებიათ კიდეც, მაგრამ ბატონი გოგი ცხენს გადმოუგდია და ჭაობში ჩავარდნილა. - გარშემო არავინ იყო და ჩემი ამოსაყვანი გახდაო, - ღიმილით მიამბობდა ბატონი ალეკო. ურთიერთობა მერეც გაუგრძელებიათ, - ვიდრე სოხუმში ვცხოვრობდი, გოგი კი სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, ხშირად ვურთიერთობდით, ვძმაკაცობდით, ვილხენდით. ტკბილად მახსენდება მასთან ერთად გატარებული დღეებიო.

რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის "განგაშში" გოგი ქავთარაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს - ფოთოლას შეყვარებული ყარამანისას.

ფოთოლას როლში კი ახალგაზრდა არაპროფესიონალი მსახიობი, იმხანად კალათბურთელი, საკმაოდ ტანმაღალი და გამხდარი ღუღუნი კანდელაკი გადაიღეს. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ეს ფილმი, არაფრით დაავიწყდებოდა ეპიზოდი, როდესაც ეს გამიჯნურებული წყვილი ჭიათურის კლდეებზე, ითხვისის მაღაროს საბაგიროთი ადის და ასრულებს ულამაზეს სიმღერას "შენი გული, ჩემი გული, ჭირიმე"... იმ, ძველი ფილმის გახსენებისას, ერთხელ ღუღუნი კანდელაკს ვკითხე, გოგი ქავთარაძე გულის სწორად როგორ მოგწონდათ-მეთქი? მახსოვს, ღიმილით მიყვებოდა, - სინჯებზე ბევრი დაბალი ბიჭი დამახვედრეს, ოღონდ ყარამანის როლისთვის ყველას მაინც გოგი ქავთარაძემ აჯობა. გოგი "მაღაროში მომუშავე" ახალგაზრდებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი იყო, ამიტომ ძალიან ვერც ვუშინაურდებოდით. გულის სწორად კი, რა მოგახსენოთ - არც იმას მოვწონდი და არც - მე, ძალიან შეუფერებელი წყვილი ვიყავით, თუმცა ძალიან თბილად მახსენდება ის გადაღებაც და ჩემი "მიჯნური" ყარამანი-გოგიცო.

ბატონი გოგის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისმა კოლეგებმა და აღზრდილებმაც მიუძღვნეს პოსტები.

ვებგვერდ ambebi.ge-ის რედაქცია ვიზიარებთ ბატონი გოგი ქავთარაძის ოჯახის, კოლეგების, აღზრდილების და მთელი საქართველოს მწუხარებას.

  • ცნობისთვის:

გიორგი (გოგი) ქავთარაძე გახლდათ რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი;

1969-1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი;

1974-1976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი;

1976–1982 წლებში ქუთაისის თეატრის დირექტორი;

1982-1992 წლებში სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი;

1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი, იგი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი;

1990-1991 წლებში გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე;

2012-2016 წლებში იგი იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

"არავინ არ იცის, სად არის დოდო მამიდა..." - ია ფარულავას თქმით, კოვიდით გარდაცვლილი მამიდის აშშ-დან საქართველოში ჩამოსვენება ვერ მოხერხდა

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის პირველი ტალღის დროს ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება" - საპატრიარქო

"მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება... ყინვამ შესაძლოა დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს" - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი