ავტორი:

იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის მუტირებულ სახეობასთან? - ყველაფერი COVID-19-ის ახალ ვერსიაზე

იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის მუტირებულ სახეობასთან? - ყველაფერი COVID-19-ის ახალ ვერსიაზე

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი სახეობა გამოვლინდა, რომელიც ვირუსის უკვე არსებული სახეობის მუტირებული ვარიანტია. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებაში დამატებით შფოთვის მიზეზი გახდა, რადგანაც როგორც ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, პირველადი კვლევების მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო გადამდებია, ვიდრე უკვე არსებული კოვიდ-19.

ყოველივეს გამო დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერეს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, გერმანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა, კანადამ, თურქეთმა, არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთიდან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი და ჩეხეთი. გარკვეული შეზღუდვები უკვე დააწესა ჩვენმა ქვეყანამაც - ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

  • რა ვიცით კორონავირუსის ახალი სახეობის შესახებ და გვაქვს თუ არა შეშფოთების საფუძველი?

არსებობს რამდენიმე საყურადღებო საკითხი, რომელთა უგულებელყოფაც ინფექციონისტების თქმით, არ შეიძლება, მათ შორის, მთავარია ის, რომ ახალ ვერსიას აქვს ადამიანის დაინფიცირების გაზრდილი უნარი.

ვირუსის ახალი სახეობა სექტემბერში აღმოაჩინეს, ნოემბერში კი ლონდონში ახალი შემთხვევების მეოთხედი სწორედ კორონავირუსის ახალი ვარიანტი იყო, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებში მისმა რაოდენობამ საერთო შემთხვევების დაახლოებით, ორ მესამედს მიაღწია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა სპეციალისტების ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შესაძლოა, კორონავირუსის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ექიმმა ერიკ ვოლცმა პრეზენტაცია გამართა, მისი ინფორმაციითაც ვირუსი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

"ამის თქმა ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან სწრაფად გადაეცემა წინა ვარიანტთან შედარებით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით მტკიცებულებები არასაკმარისია და გადაჭრით რაიმის თქმა არ შეგვიძლია“, - აღნიშნა ერიკ ვოლცმა.

  • არის თუ არა კორონავირუსის ახალი ტიპი უფრო მომაკვდინებელი?

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ახალი ტიპის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში უფრო რთულად მიმდინარეობს, ან უფრო მომაკვდინებელია და როგორც BBC წერს, ამას ხანგრძლივი კვლევა და მონიტორინგი სჭირდება.

თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ უფრო სწრაფად გავრცელების უნარი კლინიკებისთვის და მედიცინისთვის უფრო დიდი პრობლემაა და ჯანდაცვის სისტემისთვის უფრო დიდი გამოწვევა, რადგანაც როგორც ვიცით, კორონავირუსის წარმატებულად მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის დროულად გამოვლენას. და თუ ახალაი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ეს უფრო მეტ ინფიცირებულს ნიშნავს, რაც ცხადია, პოტენციურად მიუთითებს, რომ შესაძლოა, შეფერხდეს ეფექტიანობა მისი სწრაფად გამოვლენის, ან მკურნალობის კუთხით, ეს კი თავის მხრივ, შესაძლოა, პოტენციურად უფრო მეტ გარდაცვლილზე მიუთითებდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კორონავირუსის ახალ სახეობას უფრო მომაკვდინებლად არ თვლიან.

  • იქნება თუ არა ეფექტიანი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილი ვაქცინა ვირუსის ახალი სახეობის წინააღმდეგაც?

"რა თქმა უნდა, ეფექტიანი იქნება“, - წერს BBC. როგორც გამოცემა აღნიშნავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ, უკვე წამყვან ვაქცინას აქვს კორონავირუსის არსებული შტამების მიმართ ადამიანისთვის იმუნიტეტის გამომუშავების უნარი. ვაქცინა აღნიშნული ვირუსისადმი ორგანიზმს ერთგვარად ასწავლის ბრძოლას, უმუშავებს იმუნიტეტს და მიუხედავად იმისა, რომ საქმე გვაქვს კორონავირუსის ახალ, მუტირებულ ვარიანტთან, ის მაინც ეფექტიანი უნდა იყოს.

როგორც ბრიტანელი პროფესორი გუფტა ამბობს, თუ დავუშვებთ, რომ მუტირებულმა ვირუსმა თავის მხრივ კიდევ განიცადა მუტაცია, შესაძლოა, უკვე გაჩნდეს ნერვიულობის საბაბი, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნულის საშიშროება.

COVID-19 ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან ამ დრომდე მსოფლიოში ოფიციალურად აღწერილია კორონავირუსის 77,1 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 1,7 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, 54 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

წყარო: BBC.com

"ადამიანები მზად უნდა იყვნენ ვაქცინაციისთვის, ამაში სანერვიულო არაფერია" - ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ალექსეი ნავალნიმ სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა პირთან, რომელიც სავარაუდოდ მისი მოწამვლის მონაწილეა

"კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის" - ჯანმო