ავტორი:

"როგორც ჩანს, ეს მოვლენა ავტორმა საკუთარი თვალით იხილა" - რა აღმოჩენამდე მიიყვანა იუპიტერისა და სატურნის გუშინდელმა "შეერთებამ" "ვეფხისტყაოსნის" მკვლევარები

"როგორც ჩანს, ეს მოვლენა ავტორმა საკუთარი თვალით იხილა" - რა აღმოჩენამდე მიიყვანა იუპიტერისა და სატურნის გუშინდელმა "შეერთებამ" "ვეფხისტყაოსნის" მკვლევარები

21 დეკემბერს ცაზე იუპიტერი და სატურნი ისე განლაგდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი მნათობის სახით ჩანდა. მათი ასეთი განლაგება 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა. მსგავს მოვლენას მომავალში მეცნიერები 2080 წლის მარტში და შემდეგ უკვე 2400 წელს ვარაუდობენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გუშინვე აღმოსავლეთმცოდნემ, მთარგმნელმა, ალექსანდრე ელერდაშვილმა, რომელიც ასევე 30 წელიწადია „ვეფხისტყაოსანს“ გეოგრაფიულ-ასტროლოგიურად სწავლობს, საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

„ახლა გადავამოწმე პროგრამა სტელარიუმში და 1226 წლის 4 მარტს, დილის შვიდის ნახევარზე სატურნი და იუპიტერი მართლაც ერმანეთზე ყოფილან გადაჭდობილნი, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ასე აისახა: „...ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“ - და მუშთარი (იუპიტერი) მეტაფორულად აღნიშნავს ტარიელს, ზუალი (სატურნი) კი ნესტანდარეჯანს, ოდეს იგი ქაჯთაგან გაათავისუფლეს.

...და, როგორც ჩანს, ეს მოვლენა „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა საკუთარი თვალით იხილა...“ ბატონ ალექსანდრეს „ამბები.გე“ დაუკავშირდა. „ვინც „ვეფხისტრაოსანი“ კარგად იცის და ნაწილობრივ შესწავლილი აქვს, ეს ფრაზაც იცის, სადაც რუსთველი მუშთარის და ზუალის ერთმანეთთან დაახლოებაზე წერს... საქმე იმაშია, რომ თავად ფაქტი, რომ 800 წლის წინაც მომხდარა ამ ორი პლანეტის ასეთი ვიზუალური ოპტიკური ილუზია, ანუ გადაფარვა, არ ვიცოდი... (იუპიტერმა პრაქტიკულად სატურნი გადაფარა, რადგანაც ის დედამიწიდან უფრო ახლოსაა, თან, უფრო დიდია, ვიდრე სატურნი).

მოკლედ, როდესაც 800 წელი ითქვა, რაც სხვადასხვა წყარომაც დაადასტურა, როგორც „ვეფხსტრყაოსნის“ გეოგრაფიულ-ასტრონომიულ-ასტოლოგიური მიმართულებით მკვლევარი (ჩემი დაკვირვებები მაქვს), ცხადია, მეტად დავინტერესდი და პროგრამა სტელარიუმის დახმარებით, მართლაც დავადგინე, რომ 1226 წელს 4 მარტს სამხრეთ-აღმოსავლეთით, დილით მსგავსი რამ ცაზე დაფიქსირდა - იუპიტერი სატურნს გადაეფარა (როგორც ჩანს, მე-13 საუკუნეშიც ამ ამბის მნიშვნელობა იცოდნენ, რამდენადაც ასტრონომიური ცხრილები მაშინაც დგებოდა)...

ამ ყველაფრის შემდეგ, სიმართლე გითხრათ, დავეჭვდი, რადგანაც ამა თუ იმ წყაროს თანახმად, ცნობილია, რომ რუსთველი პალესტინაში 1220 წლამდე გარდაიცვალა. ეს მოვლენა კი პალესტინაში ისევე გამოჩნდებოდა, როგორც საქართველოში გამოჩნდა... როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“ კიდევ ერთი ასტრონომიული მოვლენაა დაფიქსირებული, რაზეც აქამდე არავის ჰქონია დაკვირვება“ - აღნიშნავს ბატონი ალექსანდრე და AMBEBI.GE-სთან საუბარს განაგრძობს:

„გარდა ასტრონომიული ფაქტორისა, არსებობს კიდევ არგუმენტები, რომ ადამიანმა, პიროვნებამ, ვინც ეს ფაქტი ნახა, „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს უამბო, ან თავად შოთამ აღმოაჩინა, არ გამოვრიცხავ, რომ თავადაც ყოფილიყო ასტრონომიით დაინტერესებული, ხედავთ, როგორ წერს ფრაზას? - „...ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს“, ანუ „ჰგავდნენო“ - ცალკე მისი ბრწყინვალება წარმოიდგინა, ცალკე ივარაუდა, რომ ერთად რომ შეყრილიყვნენ, როგორი საოცრება იქნებოდაო... მოკლედ, ეს ყველაფერი ვარაუდებია და კვლევა ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს.

- „ვეფხისტყაოსანი“ რომ მართლაც უმდიდრესი საგანძურია, - ეს ფაქტი დღითიდღე მყარდება...

- ეს თავისთავად... და კიდევ, 30 წლის განმავლობაში ასტრონომიულ-გეოგრაფიული კუთხით ვსწავლობ მას, ვაკვირდები და ყოველ წელიწადს რაღაც ახალი აუცილებლად ირკვევა. წარმოიდგინეთ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ის, რაც გუშინ მოხდა - ფრაზა ყველამ იცის, მაგრამ მისი ასეთი ახსნა გუშინ მოხდა. ყველაფერი ერთმანეთს მოულოდნელად დაუკავშირდა. იმედია, ამ ვერსიას მეცნიერები დაეთანხმებიან და სერიოზული კვლევები დაიწყება.

- კი, საინტერესო ფაქტი გაიხსნა, რომელსაც გამოკვლევა მართლაც უნდა მოჰყვეს...

- და რომ ვთქვით, ერთი ვერსიით, მაგ დროისათვის რუსთველი ცოცხალი არ უნდა ყოფილიყოო, გარდაცვლილი რომ ყოფილიყო, ეს ფრაზა ნაწარმოებში ხომ არ დაფიქსირდებოდა?! თუმცა არის ვარაუდი, რომ შოთას 1226 წლამდე ეცოცხლა, მისი დაბადების წლის მიხედვით, მაგ დროისთვის სადღაც 60-70 წლის იქნებოდა... ფაქტია, რომ სტროფებში ასეა ეს ყველაფერი გამოსახული...