საფრანგეთის საელჩო საქართველოში მისი თანამშრომლის ან მარი გოტიეს გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საფრანგეთის საელჩოში დღეს განუცხადეს, გუშინ საღამოს, გოგებაშვილის ქ. #43 ა-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად მათი თანამშრომელი ან მარი გოტიეა. მათივე განმარტებით, გარდაცვალების დეტალებზე და გარემოებებზე არანაირი კომენტარის გაკეთება ჯერჯერობით არ შეუძლიათ. საელჩო არც იმას აკონკრეტებს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა მათთან ფრანგი დიპლომატი.
გუშინ, დაახლოებით 19:00 საათზე, გობებაშვილის ქ. #43 ა-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლის, 54 წლამდე ასაკის ან მარი გოტიეს ცხედარი. გვამი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ნახეს, რომლებიც გამოძახების შემდეგ ბინაში სახურავიდან შევიდნენ. მეზობლების ინფორმაციით, იყო ეჭვი, რომ ან მარი გოტიე შესაძლოა შეუძლოდ გამხდარიყო. მათივე თქმით, დიპლომატი წინა დღეს, დაახლოებით 24:00 საათზე სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოდან სახლში დააბრუნა. მეზობლების განცხადებით, ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს.
3 სექტემბერს გოტიე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეზობლების ინფორმაციით, ან მარი გოტიე გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შაქარი ჰქონდა და ინსულტი დაემართა.
გუშინ, გვიანობამდე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ცხედარი წუხელვე, 00:30 საათზე თბილისის მთავარ პროზექტურაში ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაასვენეს.