ავტორი:

კორონავირუსული ინფექცია საქართველოში - ყველაფერი, რაც გამოვიარეთ...

კორონავირუსული ინფექცია საქართველოში - ყველაფერი, რაც გამოვიარეთ...

"კარანტინი", "სოციალური დისტანცია", "კლასტერი", "პანდემია", "პლატო", "პიკი", "საწოლფონდი" და ა.შ. - ეს ის სიტყვებია, რომელიც 2020 წლის დასაწყისში არავისთვის ყოფილა აქტუალური, თუმცა წელიწადის მიმდინარეობამ ისინი მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობის ლექსიკაში უპირველეს ადგილზე გადაიყვანა.

ამ წელს, 21-ე საუკუნეში პირველად, ვიხილეთ ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქების დაცარიელებული ქუჩები, ჩინეთის ქალაქ უხანის ბაზრობიდან გავრცელებული დაავადებით ინფიცირებული პაციენტების ბრძოლა და გამარჯვება თუ დამარცხება ჟანგბადის ნაკლებობასთან, სასოწარკვეთილი, დამცავ აღჭურვილობაში შეფუთული ექიმები და პირბადეების საათობით კეთებისგან მათი დასერილი სახეები...

სიტყვები, რომელიც ქართველი საზოგადოებისთვის 2020 წელს ხაზად გასდევდა, იყო: "ვეღარ დავითვლით კუბოებს", "დავრჩეთ სახლში", "თქვენ არ იცით, როგორ იხრჩობიან ადამიანები". თავდაპირველ პანიკასა და სრულ კარანტინს კორონავირუსთან ბრძოლის საგრძნობლად შემსუბუქება, შემდეგ კი, დაავადების მეორე, უფრო მწვავე ტალღა მოჰყვა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით.

29 დეკემბრის მონაცემებით, ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 188 408 გამოჯანმრთელებული და 2 182 გარდაცვლილი.

AMBEBI.GE გთავაზობთ მთლიან, ზოგად შეჯამებას იმისა, თუ როგორ იწყებდა საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას, რა გზა გამოიარა მთლიანი 2020 წლის განმავლობაში ქვეყანამ და როგორ სრულდება სიმბოლურად, ნაკიანი წელიწადის 12 თვე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა.

  • იანვარი

კორონავირუსი საქართველომდე

კორონავირუსის შესახებ პირველი ცნობა 2019 წლის 31 დეკემბერს გავრცელდა, როდესაც ჩინეთის ქალაქ უხანის მუნიციპალურმა ჯანდაცვის კომისიამ ვირუსული პნევმონიის შემთხვევათა კლასტერი დააფიქსირა. საქმეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის პირველ იანვარს ჩაერთო, რომელმაც ინციდენტების მენეჯმენტის მხარდაჭერის გუნდი შექმნა. ჯანმო ჩინეთში აღნიშნული კლასტერის პნევმონიის მიზეზის იდენტიფირებაზე მუშაობდა, 10-12 იანვარს კი სხვადასხვა ქვეყნისთვის პირველად გამოაქვეყნა დაავადების აფეთქების სამართავი რეკომენდაციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის შესახებ პირველად 10 იანვრის პრესკონფერენციაზე ისაუბრა, 11 იანვარს კი მათ უკვე ჰქონდათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან მიღებული ინფორმაცია ვირუსის გენომის შესახებ. ჩინეთს გარეთ პირველი შემთხვევა 13 იანვარს, ტაილანდში დაფიქსირდა. შემდეგ იყო იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, 3 შემთხვევა საფრანგეთში, პირველი შემთხვევები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, და ა.შ...

19 იანვარს ჯანმომ პირველად გაახმაურა, რომ დადგინდა ინფორმაცია ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს ვირუსის გადადების შესახებ, შემდეგ დღეს კი მათ რეკომენდაციები გამოაქვეყნეს იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობდნენ. 27-28 იანვარს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთს ეწვია, სადაც ის და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე კორონავირუსის შეკავების მიმართულებით და გამოცდილების, ინფორმაციისა და ბიოლოგიური მასალის გაზიარებაზე ჩინეთის მხრიდან. 29 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირველად გაავრცელა სახლში მკურნალობისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის დროს პირბადის ტარების რჩევა. გებრეიესუსმა ახალი კორონავირუსის აფეთქება ჯანდაცვის საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად 30 იანვარს გამოაცხადა. ჯანმო-ს ანგარიშით, 2020 წლის 30 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 7818 დადასტურებული შემთხვევა იყო, უმეტესობა ჩინეთში, ხოლო 82 შემთხვევა - ჩინეთის გარეთ მდებარე 18 ქვეყანაში. საქართველო მათ შორის ჯერ არ შედიოდა.

რაც შეეხება საქართველოს, 22 იანვარს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში პირველად ჩატარდა ვირუსის შესახებ პრესკონფერენცია; 28 იანვარს საქართველოს მთავრობამ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა; მომდევნო დღეს, საქართველომ საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა ჩინეთთან.

  • თებერვალი

კორონავირუსის შემოსვლა საქართველოში

4 თებერვალს ლუგარის ლაბორატორიაში COVID-19-ის დიაგნოსტირება დაიწყო. მანამდე სინჯები სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში იგზავნებოდა. 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. იმავე დღეს, საქართველოსა და ირანს შორის ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა; საჰაერო მიმოსვლა ირანთან 23 თებერვალს შეიზღუდა.

2020 წლის 25 თებერვალს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 80 000-ს გადააჭარბა, ჩინეთის შიგნით დაფიქსირებული შემთხვევები ქვეყნის გარეთ დადასტურებულებს კი პირველად ჩამორჩა.

  • მარტი

შიდა გავრცელება, საყოველთაო კარანტინი და გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები

მარტი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და, თუ შეიძლება ითქვას, მკაცრი თვე იყო. აქტიური ბრძოლა ინფექციის წინააღმდეგ თვის პირველივე დღეს დაიწყო: კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა სამთავრობო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში.

პირველი კლასტერი

6 მარტს მოხდა პირველი - ე.წ. "იტალიის კლასტერის" იდენტიფიცირება, შეჩერდა საქართველოსა და იტალიას შორის პირდაპირი ავიარეისები, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის კი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

მსოფლიო პანდემია

11 მარტს კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული, დაინფიცირების 118 381 და გარდაცვალების 4 292 შემთხვევით. შედეგად, COVID-19 მსოფლიო პანდემიად გამოცხადდა.

პირველი გამოჯანმრთელება

მარტში საქართველოში პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა - ვირუსის დამარცხება პირის მიერ, რომელსაც ინფექცია 26 თებერვალს დაუდგინდა, განმეორებითი ტესტის საფუძველზე, 15 მარტს დადასტურდა.

რეგულაციები

16 მარტს საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ახალი შეზღუდვა და რეკომენდაცია მიიღო, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების დახურვა; კაფეების, ბარებისა და რესტორნებისთვის მომსახურების შეზღუდვის და მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისის დატოვების რეკომენდაცია; 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია; შეჩერებული მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის.

ორ დღეში კი, 18 მარტს, უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტა საქართველოს საზღვრები. მათ სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა ორი კვირით აეკრძალათ. ამავე დღეს აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება 19 მარტს, ქვეყანაში ყველა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით იქნა მიღებული.

ღვთისმსახურება და საერთო კოვზიდან ზიარების წესი

მარტის თვეში საზოგადოებრივი ინტერესის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგანს წარმოადგენდა, შეჩერდებოდა თუ არა ღვთისმსახურება და რამდენად გაგრძელდებოდა საერთო კოვზიდან ზიარების წესი. 20 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა გადაწყვიტა, რომ მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა, ეკლესია ღვთისმსახურებას არ შეაჩერებდა და არც საერთო კოვზიდან ზიარების წესს შეცვლიდა.

საგანგებო მდგომარეობა

21 მარტს, ერთი თვით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შეიზღუდა ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება; ასევე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებდა სხვა წესებსა და სანქციებს რეჟიმის დარღვევისთვის.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვა

23 მარტს მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი პაციენტი ქალის დაინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

სპეცრეისები

24 მარტს საქართველომ საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში გადმოყვანის მიზნით, სპეციალური რეისების განხორციელება დაიწყო. ამ დღეს განხორციელდა სპეცრეისი ათენიდან 150 მგზავრით; მომდევნო თვეებში იყო რეისები ბერლინიდან, პარიზიდან, თელავივიდან, რომიდან, ბარსელონადან, ვარშავადან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ ამჟამად, 2020 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 23 296 მოქალაქეს აღმოუჩინეს დახმარება, სამშობლოში კი 22 862 მოქალაქე დაბრუნდა.

დაკრძალვის წესები

ქვეყნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ გასაცნობი სიახლე COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები იყო, რომელიც NCDC-მ შეიმუშავა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანების თანახმად, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი სპეციალურ გვამის ჩანთაში უნდა მოთავსებულიყო, მომხდარიყო გვამის და ჩანთის ზედაპირის დეზინფიცირება, სასახლეში ჩასვენებულის ჩანთის გახსნა აკრძალული იყო, მიცვალებული კი 72 საათის განმავლობაში უნდა დამარხულიყო.

შიდა გავრცელება

28 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების დაიწყო - კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყაროს დადგენა არ ხერხდებოდა.

ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათ

თვის ბოლო დღეს, საქართველოში, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და დასაშვები დარჩა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით მგზავრობა, სადაც 3 ადამიანზე მეტის ყოფნა დაუშვებელი იყო. სასურსათო მაღაზიების და აფთიაქის გარდა, სადაც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულო იყო, აიკრძალა 3-ზე მეტი პირის თავშეყრა; სახლიდან გასვლა აეკრძალათ 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს, გარკვეული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. საკონტროლო პუნქტები მოეწყო დიდ ქალაქებში. მოქალაქეებისთვის აუცილებელი გახდა გადაადგილებისას პირადობის მოწმობის ტარება.

  • აპრილი

გარდაცვალების პირველი შემთხვევა და წერტილოვანი ჩაკეტვები

ეკონომიკის და მოქალაქეების დახმარება

პირველ აპრილს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან ეკონომიკის და მოქალაქეების პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. მოქალაქეებს, რომლებიც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდებოდათ.

ტესტირების ახალი ალგორითმი

დამტკიცდა COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმი, რომლის თანახმად ტესტირებას, სიმპტომური პაციენტების გარდა, უკვე დაექვემდებარებოდნენ პაციენტები ცხელების სიმპტომებით და მაღალი რისკის ჯგუფები. ახალი ალგორითმი, PCR მეთოდით ლაბორატორიული დიაგნოსტირების გარდა, ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების დაწყებასაც ითვალისწინებდა.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა

4 აპრილს საქართველოს საზოგადოება მძიმე სიახლეს გაეცნო - ქვეყანაში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ის 79 წლის ქალი იყო "მარნეულის კლასტერიდან", რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ქართული პირბადეები

8 აპრილს დაიწყო საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეების სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა.

ევროკავშირის დახმარება

9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ეპიდემიასთან ბრძოლაში გლობალური რეაგირების ფარგლებში, საქართველოს 183 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფდა. ასევე ცნობილი გახდა მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც უპირველეს ყოვლისა ჩაუტარდებოდა ტესტირება COVID-19-ზე: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

9 აპრილს გავრცელდა სახლში მკურნალობის პროტოკოლიც; და დაიწყო აგრარული ბაზრების ეტაპობრივად დახურვა.

10 აპრილს ლენტეხი ჩაიკეტა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ჯანდაცვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღო, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამას მალევე - 12 აპრილს მოჰყვა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქობულეთის ოთხი სოფლის: გვარას, მუხაესტატეს, წყავროვკას და ლეღვას ჩაკეტვა. საკოორდინაციო საბჭომ ქობულეთის სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქობულეთში დიდი კლასტერი და შიდა გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა.

ფინანსური დახმარება საქართველოს

14 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან წლის ბოლომდე 447 მლნ დოლარს მიიღებს, ისევე, როგორც 1.5 მლრდ დოლარის ფინანსურ დახმარებას საერთაშორისო დონორების მხრიდან.

ახალი აკრძალვები

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან, 21:00 საათიდან, საქართველოს ოთხ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, შესვლა-გამოსვლა აიკრძალა.

16 აპრილის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა.

აპლიკაცია

16 აპრილს შეიქმნა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან კონტაქტში თუ იმყოფებოდა.

აღდგომა

როგორც 16 აპრილს გახდა ცნობილი, ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრებოდა. ამასთან, ყველა საეკლესიო ღონისძიება (წირვა-ლოცვა; ზიარება) ჩატარდებოდა.

17 აპრილიდან, დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა; სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.

21-22 აპრილს, მთავრობამ პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პანდემიის პირობებში ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. 6 თვის განმავლობაში მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ფინანსურ დახმარებას და ბიზნესისთვის გარკვეული სახის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებდა. ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნის რამდენიმე ეტაპს მოიცავდა.

27 აპრილის შემდეგ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა.

  • მაისი

შეზღუდვების შემსუბუქება

5 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა და ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპი ამოქმედდა; ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა; იუსტიციის სახლებმა და საზოგადოებრივმა ცენტრებმა მუშაობა განაახლეს; ეტაპობრივად იხსნებოდა აგრარული ბაზრებიც.

11 მაისს თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა; ამავე დღეს გაიხსნა ყველა სახის წარმოება; საცალო და საბითუმო მაღაზიები, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს, გარდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებისა.

14 მაისიდან რუსთავსა და გარდაბანში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა; 18 მაისიდან კი ეს შეზღუდვა მარნეულშიც მოიხსნა; ასევე 18 მაისს სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. ამასთან, 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.

23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი გაუქმდა.

ცვლილება კანონში

22 მაისს, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მთავრობას დროებით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც მიეცა, რაც გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის და სხვა უფლებების შეზღუდვას გულისხმობდა.

დარჩენილი შეზღუდვები

23 მაისის შემდეგ ძალაში დარჩა გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, სავალდებულო იყო: დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა; სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდული დარჩა; რესტორნებსა და ბარებში ადგილზე მომსახურება არ დაიშვა; შეზღუდული დარჩა სასტუმროების ფუნქციონირება, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობა; სავაჭრო ცენტრები და მოლები არ გახსნილა; სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და მსგავსი ღონისძიებები აკრძალული დარჩა.

ტრანსპორტის აღდგენა

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა და მგზავრთა რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდა. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიცირება აიკრძალა.

ამავე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო რეკომენდაციების შესახებ ბრძანება დაამტკიცა. ზოგადი რეკომენდაციების შესრულება ყველა სექტორისათვის სავალდებულო იყო.

  • ივნისი

მოხსნილი შეზღუდვები

ზაფხული, როგორც ყველას გვახსოვს, შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდი იყო - რაც შემდეგ ბევრმა ექსპერტმა შეცდომად შეაფასა. ეს პროცესი პირველი ივნისიდან დაიწყო, როდესაც გაიხსნა: ყველა სახის ღია მაღაზია, მოლები; ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.

8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგა; რესტორნები სრულად ამუშავდა; გაიხსნა სასტუმროები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

9 ივნისის განისაზღვრა ეროვნულ გამოცდებზე დაშვების პირობები. საგამოცდო ცენტრებში აუცილებელი იყო წესების დაცვა, რაც უკავშირდებოდა მაგალითად, აბიტურიენტის მაღალ ტემპერატურას, PCR ტესტის ჩატარების აუცილებლობას, მისი გამოცდაზე დაშვებისა და განთავსების საკითხებს და ა.შ.

პირბადის ტარების წესი

12 ივნისს, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესული ცვლილების თანახმად: პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, დახურულ საჯარო სივრცეში კი პირბადის არმქონე პირის დაშვების შემთხვევაში იურიდიული პირი 500 ლარით ჯარიმდება. პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება ასევე სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. "იზოლაციისა და კარანტინის წესების" დარღვევისთვის, (მაგ., 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შეზღუდვა) ფიზიკური პირისთვის 2 000-ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული.

15 ივნისს ის დახურული სივრცეები განისაზღვრა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნებოდა. ეს ვალდებულება არ ვრცელდებოდა: 6 წლამდე ასაკის ბავშვებზე; იმ პირებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ პირბადის ტარება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

15 ივნისიდან საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა; 19 ივნისს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები დასაშვები გახდა.

  • ივლისი

გახსნილი საჰაერო სივრცე

1 - ლი ივლისიდან, ევროკავშირმა საქართველოს საჰაერო საზღვრები გაუხსნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირველი ივლისიდან ტურისტების მიღებას აპირებდა, საბოლოოდ გადაწყდა, რომ თვის განმავლობაში მხოლოდ ჩარტერული რეისები შესრულდებოდა.

შეზღუდვების მოხსნის გაგრძელება

6 ივლისიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. დასაშვები გახდა: ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც; ატრაქციონების ფუნქციონირება ღია სივრცეში; გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ გაიხსნებოდა ის საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც რეგულაციებს დააკმაყოფილებდნენ.

8 ივლისს საქართველომ გერმანიას, საფრანგეთს და ბალტიის ქვეყნებს - ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს საზღვარი უპირობოდ გაუხსნა. უცხო ქვეყნების მოქალაქეებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტის მერე დაბრუნებისას 14-დღიან კარანტინს ისევ გადიოდნენ.

13 ივლისიდან დასაშვები გახდა: დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება; ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა.

20 ივლისიდან ღია სივრცეში ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო და რიტუალური ღონისძიებების ჩატარება ნებადართული გახდა. ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა 100 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

წერტილოვანი შეზღუდვა

24 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა და მის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ამ პერიოდისთვის ქვეყანაში წინა დღეებთან შედარებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. ჯამში, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირების 1104 შემთხვევა იყო დადასტურებული, 16 ადამიანი კი - გარდაცვლილი.

თურქეთში მუშაობის ნებართვა

27 ივლისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გააჟღერა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები დამსაქმებლისგან გაცემული 3-თვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე თურქეთში სამუშაოდ წასვლას შეძლებდნენ.

  • აგვისტო

10 აგვისტოს დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. ამასთან, მესტიის სოფლებს შორის გადაადგილება შეიზღუდა.

ამავე დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა.

12 აგვისტოდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 2 დღით შემცირდა - მოქალაქეებისთვის როგორც სავალდებულო კარანტინში, ასევე თვითიზოლაციაში ყოფნის დრო 14-დან 12 დღემდე შემცირდა.

19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით ზღვისპირეთში COVID-19-ზე ტესტირებების წრე გაფართოვდა. მიზნობრივ ჯგუფებს კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი დაემატათ.

21 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა.

  • სექტემბერი

პანდემიის მეორე ტალღის დასაწყისი

2 სექტემბერს გაიხსნა დაბა მესტია და ლენჯერიც. თუმცა მაინც, აგვისტოს ბოლოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, შემოდგომიდან ისევ დაიწყო შეზღუდვებისკენ მიბრუნება.

15 სექტემბრიდან სავალდებულო კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე შემცირდა. ასევე, საქართველოში შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარმოედგინათ.

სოციალური ღონისძიებების აკრძალვა

საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო ზომები გამკაცრდა და 10 სექტემბრიდან სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.

კერძოდ:

ასევე გადაწყდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეულ ნაწილს საკარანტინო სივრცეში უმკურნალებდნენ.

სექტემბრის პირველ ნახევარში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 10 სექტემბერს, Covid 19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღა დაიწყო.

საბჭომ მიმართა წერტილოვან შეზღუდვებს, მაგალითად, 10 სექტემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

როგორც ბათუმსა და ქობულეთში, 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყო სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თბილისსა და მსხვილ ქალაქებში - ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში.

22 სექტემბრის მონაცემებით, 24 საათში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების რეკორდული - 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საერთაშორისო რეაქცია ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდაზე

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ. ზომები ლატვიამ და ლიეტუვამაც გაამკაცრეს და საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა დააწესეს.

დისტანციური სწავლება

24 სექტემბერს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ I-VI კლასის მოსწავლეებისთვის განახლდებოდა; ფოთსა და გორში სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლისთვის 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში განახლდებოდა; აჭარის სკოლებში კი პროცესი კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კვლავ დისტანციური სწავლა შენარჩუნდა.

შეზღუდვები გამკაცრდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და გადაწყდა, რომ რესტორნები მხოლოდ 22:00 საათამდე იმუშავებდნენ.

28 სექტემბერს კი, როდესაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობამ 5 552-ს მიაღწია, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყება 12 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.

  • ოქტომბერი

განახლებული შეზღუდვები

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გადაწყდა, რომ, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მომხმარებლებს საღამოს 10 საათამდე მოემსახურებოდა. 20 ოქტომბრიდან, შეზღუდვამ მოიცვა რესტორნები მცხეთაშიც.

21 ოქტომბერს შეიცვალა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის წესები: სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციაში გადასვლის შესაძლებლობა მიეცათ.

სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღიდიდღე უარესდებოდა და 21 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 21 208 შემთხვევა იყო დადასტურებული, მათ შორის 172 გარდაიცვალა.

სახლში მკურნალობის რეკომენდაციები

COVID-19-ის მაღალი გავრცელების და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის გამო, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, პაციენტები მკურნალობის გავლა სახლში დაიწყეს. საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს რეკომენდაციები გამოაქვეყნა:

  • ნოემბერი

2-თვიანი გეგმა

4 ნოემბრიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 მხოლოდ საათამდე იმუშავებდნენ. მანამდე ეს შეზღუდვა, თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში მოქმედებდა.

4 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში, სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდებოდა, ისევე, როგორც აჭარაში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით, აიკრძალა. შეზღუდვა არ გავრცელდა რამდენიმე გამონაკლისზე.

9 ნოემბრიდან ყველა ორგანიზაცია გადავიდა 22:00 საათამდე მუშაობაზე, სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების გარდა. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა.

შეზღდუვების 2-თვიანი გეგმა

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც 28 ნოემბრიდან დაიწყო. გეგმა მოიცავს:

  • დეკემბერი

გეგმის განხორციელება

2 დეკემბერს, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რაც დღიურად დაახლოებით 20 ათასი ტესტის გაკეთებას გულისხმობს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი - მოქალაქე, რომელსაც არ აქვს PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადადის სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ, მას უწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ისინი თვითოზოლაციაში 8 დღის განმავლობაში იქნებიან.

შეზღუდვების დროებითი გაუქმება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება, მაგალითად, არ გაიხსნება ბაზრობები.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, დიდ ქალაქებში სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ, თუმცა დაწესდა დამატებითი რეგულაციები, მაგალითად ის, რომ მაღაზიები იმუშავებენ დილის 07:00დან 19:00 საათამდე; ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები და ა.შ.

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 საათამდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში რჩება, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე (31 დეკემბრის ღამე) და შობის ღამე (6 იანვრის ღამე).

  • რას ველოდებით?

ისევე, როგორც მთელი მსოფლიო - და მისგან მხოლოდ ნაწილს აქვს ამაზე უკვე წვდომის პრივილეგია, - საქართველოც უმთავრესად ერთ რამეს - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებას ელის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები ვაქცინის შემოტანას გაზაფხულისთვის აანონსებენ, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ეს ახლა არალეარისტურია, ვინაიდან მთავრობას ვაქცინების შემოტანაზე აქამდე უნდა ეზრუნა. მეორე მხრივ, ხელისუფლების ცნობით, მოლაპარაკები მიმდინარეობს COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

ასეა თუ ისე, იმედია, რომ 2020 წლის პირბადეს, როგორც წლის სიმბოლოს, 2021 წელი ვაქცინით ჩაანაცვლებს.

"გუშინ მოხდა ტერორისტული აქტი, შემთხვევით გადავრჩით სიკვდილს..." - რა მოთხოვნები აქვთ თელავში გამართული აქციის მონაწილეებს?

"მჭირდებოდა საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა... ვიყიდე შავი კარკასი" - გიორგი სუხიტაშვილის "მუქი სახლი", რომელიც მომღერლის გემოვნებით მოეწყო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში საქართველოში?