აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს დღეს თბილისში აღარ ელოდებიან. იგი ბათუმის აეროპორტიდან დუბლინში გაფრინდა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "კავკაზუს თრეველში" განუცხადეს, რომელიც ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმს მასპინძლობს.
ამასთან, კომპანიისთვის უცნობია, რა მიზეზით აღარ ჩამოდის ყოფილი სახელმწიფო მდივანი თბილისში ან სად გაემგზავრება დუბლინიდან. აქამდე არსებობდა დადასტურებული ინფორმაცია, რომ რაისი ბათუმიდან თბილისში ჩამოფრინდებოდა.
"სიმპოზიუმის მონაწილეთა გემი ბათუმის პორტში დილის 05.00 საათზე შემოვიდა. ამის შემდეგ კონდოლიზა რაისის თვითმფრინავი დუბლინში გაფრინდა და მას თბილისში არ ველოდებით", - აღნიშნეს "კავკაზუს თრეველში".
კომპანიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის მონაწილეთა შორის არ არის და საქართველოში არ ჩამოსულა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი.
"თბილისში, დაახლოებით, 120-140 ადამიანი ჩამოდის. ისინი ჯგუფებად გაიყოფიან და დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრას გამართავენ", - განაცხადეს "კავკაზუს თრეველში".
ყოფილი მსოფლიო ლიდერების სიმპოზიუმს კომპანია "World Leaders Travel" აწყობს. სიმპოზიუმის ფარგლებში ისინი მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ. ისინი რუსეთში, თურქეთში, საქართველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში მოგზაურობენ. პროგრამა სხვადასხვა თემაზე ლექციებსა და განხილვებს ითვალისწინებს. მოგზაურობა მოსკოვში 30 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბერს სტამბულში დასრულდება.