ავტორი:

"მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ სამჯერ აღვადგინეთ, განადგურებულია..." - რა ვითარებაა გალში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ სამჯერ აღვადგინეთ, განადგურებულია..." - რა ვითარებაა გალში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

უკვე რამდენიმე საათია, ოკუპირებული გალის რაიონის ე.წ. მოსაზღვრე სოფლებში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ პუნქტებშიც გავრცელდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი მძვინვარებს რამდენიმე სოფელში, მათ შორის, ზემო ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში...

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია გადაწყვეტა. მისივე "უწყების" ცნობით, ხანძრის გავრცელების მასშტაბი და ფართობი ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა ცეცხლი მოედო ტყეებს, სახლებსა და დაკეტილ შენობებს.

abkhaz-auto.ru–ს ცნობით, ადგილზე მუშაობს სამი სახანძრო ბრიგადა, რომლებსაც ადგილობრივები, საკუთარი ძალებით ეხმარებიან, თუმცა ცეცხლი ძლიერი ქარის გამო, დიდი სისწრაფით ვრცელდება.

"ახლა მშრალი სეზონის გამო, მცირედ ნაპერწკლსაც შეუძლია ძლიერი ხანძარი გააჩინოს... ცეცხლი 4 იანვარს გაჩნდა და გამხმარი ეკალ-ბარდებიდან, თხილის პლანტაციებში, ყანებსა და სახლებზე გავრცელდა" – წერს გამოცემა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახანძრო მანქანებს გამართულად მუშაობის პრობლემა აქვთ, არ აქვთ წყალი, მუშახელის სიმცირისა და სხვა ტექნიკური პრობლემების გამო, პროდუქტიულ მუშაობას ვერ ახერხებენ.

AMBEBI.GE ადგილობრივებს ესაუბრა.

ლია, გალში მცხოვრები:

- დედაჩემის სოფელში ბობოქრობს ცეცხლი. მოსახლეობის ევაკუაცა დაიწყო. სხვები არ ვიცი, სად წაიყვანეს, მე ჩემები სახლში წამოვიყვანე. არ ვიცი, რამდენად უსაფრთხოდ ვართ აქ... მამაჩემის სახლი, რომელიც ომის შემდეგ, სამჯერ გვაქვს აღდგენილი, დამწვარია, ასევე განადგურებულია ბეღელი და საქონლის სადგომი. გარშემო რა ხდება არ ვიცი, მთავარია ოჯახის წევრებმა გამოასწრეს. არც ის ვიცი, ხვალ რა იქნება, ხანძარი ყოველ წუთს ძლიერდება. არ ვიცი, საიდან გაჩნდა, რომელი მხრიდან, ან რა მნიშნვნელობა აქვს. დამწვარია თხილისა და ციტრუსის პლანტაციები, სიმინდის ყანები. რა ეშველება ამ ზარალს არ ვიცი.

ავთო, გალის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები:

- რუსების იმედი აქვთ, ვერმტფრენებს გამოუშვებენ და დაგვეხმარებიანო, მაგრამ არ მგონია ასე მალე შეიწუხონ თავი, ბაზამდე შორია და ალბათ იმედი აქვთ, რომ აფხაზები თავიანთი ძალებით ჩააქრობენ, თორემ აქამდე დაფაცურდებოდნენ... საკმარისი წყალი არ ჰქონიათ და რას ჩააქრობენ. ათონშიც ხანძარია, მერამდენე დღეა ვერ აქრობენ. დახმარება რომ სდომოდათ, იმ უნიკალური ტყეების განადგურებას არ დაელოდებოდნენ.

ვიცი, რომ დაახლოებით 10 სოფელი იწვის, ჩემს სოფელში სამი სახლი დაიწვა, ერთი დაკეტილი იყო, მაგრამ პატრონები აკითხავდნენ... ცეცხლი მძვინვარებს აგუძერის დასახლებაში. მეხანძრეები ცდილობენ ჩაქრობას, მაგრამ ასე მოუმზადებელი და ჩაუცმელი ხალხი როგორ გინდა ხანძარში შეუშვა, ჩვეულებრივი ფეხსაცმელი აცვიათ და ზოგიერთს ჩაფხუტიც კი არ ახურავს. ერთი სოხუმის ეკიპაჟი მოვიდაო, გვითხრეს და იმედი მოგვეცა, მაგრამ დიდი არაფერი - არც ისინი არიან შესაბამისად ეკიპირებული. ვეტრმფრენის გარშე ამ ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი მგონია.

ლია, ქალაქ გალის მცხოვრები:

- ადამიანები ისედაც ძლივს უძლებენ აქაურ გაუსაძლის პირობებს და ახლა ხანძარმა საბოლოოდ მოგვიღო ბოლო... თუ სახლ-კარი და სარჩო-საბადებელი დაეწვათ, სად უნდა წავიდნენ?.. რით იცხოვრონ. ერთბაშად კომპენსაცია არ მისცეს ვინმემ... ძალიან ცუდად დაიწყო ეს წელი. იმედია, დროულად ჩააქრობენ ხანძარს, თორემ ისეთი გადამხმარია აქაურობა, რამდენიმე დღეში უდაბნოს მივიღებთ.

მთავარი ფოტო: ekhokavkaza.com

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა