ავტორი:

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი" - ვინ არის ელენე ხოშტარიას მეუღლე და რა ქონებას ფლობს წყვილი

ელენე ხოშტარია ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მან ახლახან დატოვა "ევროპული საქართველო“ და დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება გადაწყვიტა. გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ამ თემაზე საუბრისას კი განაცხადა: "რაღაც ახლის გაკეთება მსურს, ახალი ფორმის პარტიის, ახალი ადამიანების მოყვანის. ეს იყო მთავარი მოტივი. "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან კონფლიქტი არ მქონია, ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და დროც ერთად შევარჩიეთ“. ერთ-ერთი ვერსიით, მან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შესაძალოა მომავალი პოლიტიკური თანამშრომლობა დაგეგმონ, თუმცა ამ ეტაპზე ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "არ ვაპირებ სხვა პოლიტიკური პარტიებიდან ხალხის გადმობირებას. თუ ვინმე რამეს აპირებს, ამის შესახებ არც ინფორმაცია მაქვს და არც კავშირი ამ საქმესთან“.

ის, რომ ოთხი შვილის დედა პოლიტიკურად ასეთი აქტიურია, ნაწილობრივ მისი მეუღლის მხარდაჭერის დამსახურებაც არის, რასაც არც ელენე უარყოფს.

"ჩემი მეუღლე აქციაზე ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი, მაშინ დარჩა დილამდე ჩემთან ერთად. მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს“, - ამბობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი გამოცემასთან. (წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად)

"არასოდეს არ მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკეთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი. რა თქმა უნდა, დროის ფაქტორი არსებობს, თუ რამდენ დროს უთმობ შვილს, მაგრამ დროშიც ხარისხს უფრო აქვს მნიშვნელობა. თუ ხარ ბავშვთან ერთი საათი დღეში და იმ ერთ საათს ბოლომდე უთმობ, ეს ძალიან ბევრი რაღაცის კომპენსირებას ახდენს. დაკავებული დედის ან შემდგარი დედის სახე ბავშვისთვის ბევრად უფრო მეტის მომცემია. ცალკეული შემთხვევები, რა თქმა უნდა, არის, რომ, მაგალითად, ზეიმია და შეიძლება ვერ წახვიდე, იქ არ იყო ბავშვისთვის მნიშვნელოვან მომენტში. ამას მეც ძალიან განვიცდი ხოლმე, მაგრამ ყველაფრის ახსნა შეიძლება და მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აუხსნი, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მომიხდა გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მინდოდა იქ ვყოფილიყავი და ძალიან მწყდება გული, რომ ვერ მოვახერხე. ოღონდ, ამას არ უნდა იტყუებოდე, რა თქმა უნდა“, - ამბობს ის "ფეისბუქგვერდისთვის“ "ქალები საქართველოდან“ გაკეთებულ ჩანაწერში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელენეს ოთხი შვილი ყავს - გიორგი გაფრინდაშვილი, ნატალია, კონსტანტინე და რატი ბერიძეები.

“ჩემი აზრით, ძალიან მაგარი ქმარი მყავს, რომელიც დღეს 46 წლის გახდა”, - ასე მიულოცა ელენე ხოშტარიამ მეუღლეს, ირაკლი ბერიძეს 19 დეკემბერს დაბადების დღე სოციალური ქსელით.

დავინტერსდით, რა ქონებას ფლობს წყვილი და ელენე ხოშტარიას 2020 წლის 23 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციას გადავხედეთ, რომლის თანახმადაც, მისი მეუღლე ირაკლი ბერიძე შპს სიემსი-ში საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, საიდანაც ხელფასის სახით ბოლო წლის განმავლობაში 194255,52 ლარი მიიღო, ის ასევე კონსულტანტია შპს მოზაიკ დეველოპმენტში, საიდანც 10 000 ლარის ოდენობის ხელფასი აიღო.

ელენე ხოშტარიამ კი გასულ წელს საპარლამენტო საქიმიანობისთვის, ხელფასის სახით, 48 451 ლარი მიიღო, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციებიდან - 6 390 ლარი.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, ელენე ხოშტარია ფლობს: 5179 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 180,6 კვ.მ სახლს კახეთში (იყალთო), რაშიც 2010 წელს ჯამში 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 1502 კვ.მ მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომელიც 2014 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წელს კი, ამავე ტერიტორიაზე შეიძინა 423 კვ.მ სახლიც, რომლის ღირებულება 170 000 ლარია.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარიას მეუღლის, ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია: 46,9 კვ.მ ბინა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარე წელს 71 920 აშშ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია 2011 წელს, 145 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა საბურთალოზე და 60 კვ.მ ბინა ასევე თბილისში, რაშიც 2013 წელს 45000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ირაკლი ბერიძეს ეკუთვნის მემკვიდრეობით გადაცემული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ახალ სამგორში) 50%-იანი წილიც და 66,43 კვ.მ ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.

ელენე ხოშტარიას მეუღლის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა "ტოიოტა პრიუსი" 2009, რომელიც 2017 წელს 17 800 ლარად იყიდა.

რაც შეეხება ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ელენე ხოშტარია ფლობდა: "საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 1123 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით 530 ლარს. რაც შეეხება მის მეუღლეს, "საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 8 377 ლარი, თი-ბი-სი-ს 2 სხვადასხვა მიმდინარე ანგარიშზე კი - 1450 დოლარი და 210 ლარი.

დეკლარაციიის შევსების დროს ნაღდი ფულადი თანხა ირაკლი ბერიძეს ჰქონდა 1400 ლარი, ელენე ხოშტარიას კი - 530 ლარი.

საინტერესოა, რომ ირაკლი ბერიძემ გასულ წელს გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი კომპანიების აქციები: Georgia Capital PLC, British Land Co PLC და Georgia Capital PLC, საიდანაც შესაბამისად შემდეგი შემოსავალი მიიღო: 5779,2 GBP, 3720 GBP, 7797,74 GBP.

წყვილმა ქალიშვილის ნატალია ბერიძის სწავლის საფასურად 5520 ლარი გადაიხადა, ხოლო ტყუპი ბიჭების - კონსტანტინეს და რატის სკოლამდელი დაწესებულების საფასურად სულ 9600 ლარი დახარჯა. (იხილეთ დეკლარაცია)

ავტორი: ანა გიორგაძე