ავტორი:

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

"პაციენტმა ტანსაცმელს ცეცხლი წაუკიდა, კორონა დავამარცხეო... ამ დროს ცეცხლი მას მოედო" - გუგა ქაშიბაძე დამწვრობის სტატისტიკაზე, პიროტექნიკასა და პანდემიაზე

დამწვრობის ცენტრს წელს დიდი იმედი ჰქონდა, რომ კორონაპანდემიის პირობებში, პიროტექნიკით დამწვარი პაციენტების რიცხვი ახალი წლის ღამეს შემცირდებოდა. თუმცა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - სამედიცინო პერსონალს იმედი გაუცრუვდა, რადგან ადამიანები ასაფეთქებელი საშუალებებით წელსაც დაზიანდნენ.

AMBEBI.GE-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე ესაუბრა:

- მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მანძილზე ხალხი სხვა პრობლემებით იყო მოცული, ახალი წლის ღამეს რამდენიმე სერიოზული შემთხვევა მაინც გქვონდა, დაზიანებულთა შორის ბავშვები ჭარბობდნენ. სტაციონარში 3 პაციენტი გვყავდა, მათგან ორი ბავშვი - 9 და 10 წლის და ერთი მოზრდილი, რომელიც კლინიკაში ახლაც გვიწევს. ყველას მარჯვენა მტევანი და სახის მიდამო ჰქონდა დაზიანებული, მოზრდილთან სახის მიდამოს დაემატა ყვრიმალის ძვლის სერიოზული დაზიანება. კლინიკაში ისეთი პაციენტი არ გვყოლია, ქირურგიული ოპერაცია რომ დასჭირებოდა. თუმცა პიროტექნიკის არასწორად აფეთქება ხშირად მხოლოდ დამწვრობას არ იწვევს და სხვადასხვა სახის დაზიანებებს იღებენ - ნაკვეთ ჭრილობებს, მოტეხილობებს, ზიანდება თვალი... არცთუ იშიათია ხელის ამპუტაცია და შარშან მძიმე შემთხვევა იყო - მაჯის დონეზე ხელის ამპუტაციაც.

- როგორც ჩანს, ხალხს ასაფეთქებელი საშუალებები გასართობი და ჩვეულებრივი სათამაშოები ჰგონია...

- კი, ბევრს ასე ჰგონია, რომ ის ნაძვის ხის ლამაზი, ბრჭყვიალა ბურთულაა... ასე არ არის. პედარტი ენერგიას შეიცავს, თავისი დენთი აქვს. 100 მეტრის სიმაღლეზე მაშხალა რომ ადის, იმის არასწორად გამოყენება ძალიან სარისკოა. 3-4 წლის ბავშვისთვის რა გადატენილი იარაღი მიგიცია ხელში და რა ის, სხვაობა არ არის. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილებისა, მაინც იმავეს აკეთებენ... 2018 წელს ბავშვებზე მათი გაყიდვა აიკრძალა, დასჯადი გახდა, პარლამენტმა კანონი მიიღო. მას მერე თითქოს შემცირდა, მაგრამ თითქოს არც შემცირდა. ყოველ შემთხვევაში, ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი მაინც არის. დაანებეთ თავი მის ქუჩაში ყიდვას...

წარმოიდგინეთ, რომ პედარტები შვილებისთვის საჩუქრადაც კი მიაქვთ ოჯახის უფროსებს. ვიმეორებ, ის არ არის გასართობი სათამაშო. უცანაურია, რომ პიროტექნიკით არა მარტო ბავშვები, სერიოზული ხალხიც ზიანდება. არ მესმის, რა სჯით?! ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბავშვობას რომ გაიხსენებ, ცხენს შემოახტები და უცებ ჩამოვარდები.

- ექიმ გუგა კუზანოვის შემთხვევა გამახსენდა, რომელიც შარშან დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა...

- რასაც გუგა ისროდა, ის გრძელი მილებია. მისი ხელში დაკავება და ისე აფეთქება არ შეიძლება, უნდა რაღაცაზე დაიდგას, მყარად დაფიქსირდეს. იატაკზე ისე უბრალოდ დამაგრებით პირველი გასროლის შემდეგ, წაიქცევა და ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს იმ დროს ერმანეთი დაუზიანებიათ.

- თითოეულ ასაფეთქებელს თავის ანოტაცია ხომ მოყვება?

- არის ისეთიც, რომელსაც ანატოაცია არ აქვს, მაგრამ ზოგს კორეულად და ჩინურად აწერია და იმას აქ ვინ წაიკითხავს?! სავალალო შედეგებს ხშირად იმას აბრალებენ, რომ სწორად არ იქნა გამოყენებული, მაგრამ თითოეული რამდენად ხარისხიანია, ესეც საკითხავია... ერთი გავარდა, მეორე გავარდა, მესამე არ გავარდა, მეოთხე მესამეს მოხვდა, მეხუთე - მეოთხეს და ხელში აფეთქდა, გასკდა და ა.შ.

შარშან გვქონდა შემთხვევები, როცა დამსხვრეული ჭრილობიდან, ქსოვილიდან მუყაო და შარვლის ნაჭერიც ამოგვიღია. მოკლედ, ისეთი სიტუაციაა, თითქოს საომარ პირობებში ვიყოთ...

მერე ამას ემატება ის, რომ თუ რაიმე შეემთხვათ, ახალი წლის დღეებში კლნიკაში არ მოდიან, რადგან კლინიკის დაბედება არ უნდათ. ამის გამო არის გართულებული შეთხვევები. ყოველთვის საწყენია, როცა ტრამვები ბავშვს ემართებათ. ისინი ვერ განსაზღვრავენ, არ იციან, ეს ყველაფერი რამდენად სახიფათოა, მოზრდილი კი, მომხდარს თავის თავს დააბრალებს. მოკლედ, ბავშვისთვის მაინც ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს!

- პანდემიის პირობებში კლინიკაში უმეტესად რა ხასიათისა თუ ტიპის დამწვრობის მქონე პაციენტები გყავთ? როგორია სტატისტიკა?

- იგივე რაოდენობა ზიანდება, უბრალოდ, პანდემიისას მომართვიანობა შემცირდა. რატომღაც ჰგონიათ, რომ კოვიდვირუსთან დაკავშირდებით კლინიკაში მოსულები უსაფრთხოდ არ იქნებიან. არადა, დაახლოებით იგივე სიტუაციაა, რაც მაღაზიაში და როგორც ყველგან, თუნდაც საკუთარ სახლებში. ამის გამო დაგვიანებული შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა.

იყო ასეთი ფაქტიც - ქალბატონი გვყვადა, 2 კვირის განმავლობაში დამწვრობით სახლში იმყოფებოდა, შემდეგ კოვიდიც დაემართა და უკვე კოვიდიანი მოიყვანეს.

- კოვიდიანები გყავთ დამწვრობის ცენტრში?

- კოვიდიანებს ვმკურნალობთ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სპეციალური პალატები, ასეთი პაციენტები კოვიდცენტრში, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში გადაგვყავს. მოზრდილი პაციენტები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან, სადაც შევდივართ და ჩვენი მიმართულებით ვმკურნალობთ... იყო კურიოზული ამბებიც, მაგალითად, იყო პაციენტი, რომელიც კორონას კერძო სახლში ებრძოდა, თვითიზოლაციაში იყო. მერე დღეები გადათვალა და ჩათვალა, რომ გამოჯანმრთელდა. ეზოში გამოვიდა, ტანსაცმელს, რაც იზოლაციაში ეცვა, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა - კორონა დავამარცხეო.

სამწუხაროდ, ცეცხლი მასაც წაეკიდა და დამწვრობა მიიღო. სასწრაფო რომ მივიდა და მისი მკურნალობის დღეები გადაითვალა, აღმოჩნდა, რომ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ჯერ არ იყო; თვითიზოლაციაში სასტუმროში ყოფნისას მიუღიათ დამწვრობა... ბუნებრივია, ამ სიტუაციაში მოიმატა ონლაინკონსულტაციებმა. ფოტოს, ვიდეოს აგზავნიან, რის მიხედვითაც პაციენტების შეფასება გვიწევს. ეს მეთოდი ადრეც გვქონდა დანერგილი, მაგრამ მაშინ ფოტოს რომ ვუყურებდით, ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო პაცინტს კლინიკაში მოსვლა. ახლა კოვიდის გამო მოსვლა რადგან გართულებულია, ფოტოთი უნდა გადაწყდეს, პაციენტს დამატებითი კვლევა სჭირდება თუ არა.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს და საქართველოს მოსახლეობას?

- რჩევა ის იქნება,რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თავზე ნუ გამოცდიან ჯანდაცვის სისტემის მუშაობას და ხარისხს, ვუსურვებ იმედითსავსე მომავალს, დარწმუნებული ვარ, 2021 წელი უკეთესი იქნება! ყველა ჩემს კოლეგას, ექიმს, ექთნს, მედდას, დამხმარეს ჯანმრთელობას, გაძლეობას ვუსურვებ. 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს, მორალურად, ფიზიკურად სხვა გამოწვევეის წინაშე არიან... მოკლედ, მთავარი რჩევა და სურვილია, დავინდოთ ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ!

"ენდეთ ადგილობრივ პროფესიონალებს" - რას ამბობს ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი მედიკოსი ამ ქვეყანაში, ვაქცინაციის შემდეგ მომხდარ ფატალურ შემთხვევებზე?

BBC FUTURE: ვირუსები, რომლებსაც ადამიანების განკურნება შეუძლიათ

ბრიტანული კვლევა - კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა