ავტორი:

"მიშოს ამბავით შეძრული ვარ... პერსპექტიული ფეხბურთელი და დადებითი პიროვნება იყო" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში?

"მიშოს ამბავით შეძრული ვარ... პერსპექტიული ფეხბურთელი და დადებითი პიროვნება იყო" - რას ამბობენ მოკლულ ახალგაზრდაზე "საბურთალოს" გუნდში?

უმძიმესი ტრაგედია მოხდა თბილისში, 19 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი მიშო ახლოური საკუთარმა ძმამ დანით, მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. ბიჭები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

როგორც მეზობლები ამბობენ, ჩხუბის და ხმაურის ხმა არ გაუგიათ, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათ კორპუსთან მივიდა და მაშინ შეიტყვეს, რომ ძმამ ძმა დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა მკვლელობა. უკვე დაკავებულია ოჯახის წევრის მკვლელობის ბრალდებით მიშოს ძმა და ალბათ ის მისცემს გამოძიებას ჩვენებას, რატომ გაიმეტა საკუთარი ძმა სასიკვდილოდ.

სავარაუდოდ, სწორედ მან დარეკა ძმის დაჭრის შემდეგ 112-ში და დახმარება ითხოვა. მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი ყველას უჭირს. ამბობენ, რომ ადრე ძმებს შორის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. რა საკითხზე მოხდა შელაპარაკება მათ შორის, ეს და სხვა ბევრი დეტალი გამოძიებით უნდა გაირკვეს.

ძმები თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, მათთან ერთად ცხოვრობდა მათი მამა. იყო თუ არა ტრაგედიის დროს სახლში მამა, ან ყავს თუ არა მომხდარს თვითმხილველი, ამასაც გამოძიება დაადგენს. ბიჭებს ყველა დადებითად ახასიათებს, ამბობენ, რომ წესიერი და ზრდილობიანი ბიჭები იყვნენ. მოკლული ახალგაზრდა მიშო ახლოური სპორტსმენი იყო. ის გიორგი შაქარაშვილთან ერთად სწავლობდა საბურთალოს აკადემიაში, ბიჭები ერთ გუნდში თამაშობდნენ და უახლოესი მეგობრები იყვნენ.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამად კლუბ "გაგრაში" იყო გადასული და იქ თამაშობდა.

საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელი კახა მგელაძე:

- მიშოს მკვლელობის ამბავი ტელევიზიით გავიგე და ძალიან შეძრული ვარ. მომხდარზე არაფერი ვიცი. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო, ჩვენთან აკადემიაში 3 წელიწადი თამაშობდა და მისგან ცუდი არასოდეს გაგვიგია. ბოლოს სხვა კლუბში გადავიდა და ახლა ჩვენთან არ იყო. ძალიან დადებითი პიროვნება იყო, მოულოდნელია ეს ყველაფერი. სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი შემხვდა და ყველა გაოგნებულია მომხდარით. ჩემთვის რთულია ამ ამბის დაჯერება, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი უბედურება შეიძლება მომხდარიყო. მიშო გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი იყო და ძალიან განიცდიდა მის მკვლელობას. ძალიან განვიცდი.

-კონფლიტური იყო?

- არ იყო კონფლიქტური. ჩვენთან აკადემიაში, პირველ რიგში, ყურადღებას აქცევენ რამდენად დადებითი ადამიანია, ვინც ჩვენთან მოდის და აქ მართლა ისეთი სიტუაციაა, ყველა მეგობრობს ერთმანეთთან. ყველა ასაკობრივ გუნდებში არის დიდი სითბო და სიყვარული სუფევს. ერთი დიდი ოჯახია.

- ახლა რომელ გუნდში თამაშობდა?

- ახლა ჩვენთან არ იყო, როგორც ვიცი, "გაგრაში" იყო გადასული და იქ თამაშობდა. ძალიან პერსპექტიული და აქტიური ფეხბურთელი იყო. სოციალურ ქსელში ახლა ყველას მიშოს სურათი უდევს, ყველას გული ტკივა, ყველა შეწუხებულია.

-რა გარემოში ცხოვრობდა, მის ოჯახურ მდგომარეობაზე რას იტყვით?

- ოჯახურ მდგომარეობაზე არაფერი ვიცი. ყველას ასე ძალიან ახლოს არ ვიცნობ, რომ ვიცოდე ყველას ოჯახური მდგომარეობა. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი ახალგაზრდა აღარ არის.

ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ ძმას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისში 60-წლამდე ქალი მოკლული იპოვეს - "ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა"

"მეგიზე იმდენი გამოძიება არაა დაწყებული, რაც ჩემზე..." - რა თქვა გარდაცვლილი ექთნის მეუღლემ გამოკითხვის შემდეგ?

"მივიღეთ დაშიფრული შეტყობინება, ითხოვენ კონკრეტულ დოკუმენტებს" - მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში "ასტრაზენეკა" ჩაერთო