ავტორი:

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ შობას პოპულარული ქართველი ქალბატონები - მათი სადღესასწაულო რეცეპტები

შობის დღესასწაული თითოეულ მართლმადიდებელში საოცარ ემოციას იწვევს. ადამიანებს ამ დღის შეხვედრის, აღნიშვნის ტრადიციები აქვთ. როგორ ხვდებიან და აღნიშნავენ ქრისტეს შობის დღესასწაულს პოპულარული ქართველი ქალბატონები, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობენ.

თათული ედიშერაშვილი, მსახიობი:

- შობის დღესასწაულის მოლოდინი ჩემთვის საახალწლო მოლოდინისგან უფრო ფაქიზია, რადგანაც ის უფრო გრანდიოზული და ხმაურიანია. შობის დღესაწაულის მოლოდინს, ძალიან ფრთხილად ვეკიდები, რადგანაც ეს დღე ერთ-ერთი უდიდესია. ასეთი დამოკიდებულება თავისით მოდის. მოკრძალებულ განცდაში უფრო მეტი სიყვარულია... როცა ხარ დედა, შვილი, მეუღლე, მეგობარი შობის ჯადოსნურ ღამეს შენს ოჯახზე, მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ფიქრობ. გაქვს მოლოდინი და ყოველთვის ამართლებს გულით ნაფიქრი, დალოცვილი და წარმოთქმული ლოცვა... პარტრიარქისგან მოცემული კურთხევა, რომ ყველა სახლის სარკმელში ერთი სანთელი მაცხოვარს უნდა დავუნთოთ, ისეთ განწყობას გვაძლევს, რომ არ შეიძლება, იქ ამ პროცესში არ იყო ჩართული. საშობაო ლიტურგიაზე, ჩემი ყოფითი საქმეებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვერ მივდივარ. თუმცა როცა ვყოფილვარ, იქ კიდევ სხვა რამ ხდება... მაინტერესებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე, შესაძლოა იქიდან ბევრ რამეს ვერ ვიგებ, თან ადამიანური ფაქტორების გამო, ბოლომდე ვერ უსმენ, მაგრამ წლიდან წლამდე სულ ველოდები. გულით თუ მოუსმენ ბევრ რამეში გეხმარება, იმისთვის, რომ დაფიქრდე, მომავალი სწორად დაგეგმო.

  • საშობაო სუფრა

- საშობაო სუფრა ახალი წლის სუფრისგან განსხვავებით, უფრო მოკრძალებულია, ამაშიც მეტი პატივისცემა იგრძნობა უფლისადმი და არა ის, რომ რაიმეს გაკეთება გვეზარება. საშობაო ღეზელს არ ვაცხობ იმიტომ, რომ ჩემი გენეტიკური ტრადიციების ნაწილი არ არის. ქართლიდან ვარ, სადაც საშობაო ღვეზელს არ ვაცხობთ, მას დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურულები აკეთებენ. ჩვენთან მარხვის ხსნილი სხვა ფორმით ხდება, მაგალითად, ღორის ხორცი იხარშება... ყველაზე განსაკუთრებული მაინც ის გულწრფელი სურვილებია, რაც მაგ დროს ადამიანს გაქვს, რადგანაც რაღაც ახალი უნდა დაიბადოს და რაღაც ახლის ათვლის წერტილი იწყება. ვინც ამ დროს გულწრფელობას ახერხებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს არის...

წელს შობას ვერ შევხვდი საკუთარ ოჯახში, თუმცა ჩემს შვილებთან ერთად და უახლოეს მეგობართან ერთად ზამთრის კურორტზე ვართ. დახურულია, მაგრამ ვეცადე, ბავშვები ქალაქიდან გამეყვანა და პირველად შევხვდი შობას არა ჩემს სახლში, არამედ სხვაგან. შობის ღამეს უნდა ისურვო გარშემო სიმშვიდე, ჯანმრთელობა... წელს დარდებმა ისე მოგვიცვა, რომ მხოლოდ შენი ოჯახის მშვიდად ყოფნა და ჯანმრთელობა არ ნიშნავს კარგად ყოფნას. სიმშვიდე შეუძლებელია, როცა გარშემო პანდემია ასე ბობოქრობს...

  • საშობაო კერძი

- როგორ ამბობენ, კარგი კულინარი ვარ. საშობაოდ „ხალადეცს“ (ლაბა) ვაკეთებ და მის რეცეპტს გაგიზიარებთ. უბრალოდ ღორის თავ-ფეხის გასუფთავებაა ცოტა რთული პროცედურა, ამიტომ, ამაში მეუღლე მეხმარება. გულდასმით ვამუშავებთ და ვაკრილებთ ამ ყველაფერს. შემდეგ ვხარშავ. შემდეგ ხორცი წვრილ ნაწილად იკეპება. ამასობაში ცალკე ვაგროვებ ხახვს, ნიორს, ოხრახუშს, შავ სურნელოვან პილპილის მარცვლებს და წითელ დაღერღილ წიწაკას, ერთად რაღაც ბადეში ვათავსებ, ვდებ წამოსადუღებლად დადგმულ დაკეპილ ხორცში ისე, რომ ისევე, ბადიანად ამოვიღო. ამან თავისი საქმე იქ არომატის მიმართულებით უნდა გააკეთოს. მიღებულ მასას შემდეგ ჭურჭელში გასაციებლად ვასხამ და ვანაწილებ. ჩემი „ხალადეცი“ მეგობრებს ძალიან მოსწობნთ. არის ძალიან გამჭვირვალე, თეთრი, ჟელესებრი მასა, არანაირ ჟელატინს არ ვუშვები, ან ჩემს საავტოროს არ ვამატებ, არანაირ ახალ გემოს არ ვრისკავ, იმდენი ძალა და დრო მიაქვს, რომ რაღაც ისე რომ არ გამოვიდეს და ეს შრომა წყალში ჩაიყაროს, ძალიან დამენანება. „ხალადეცი“ რა თქმა უნდა, მდოგვთან ერთად უნდა მივირთვათ. მდოგვის გარშე აზრი არ აქვს.

  • საშობაო სურვილები

- თქვენს მკითხველს და ჩემს მაყურებელს, ყველას ვუსურვებ - ჯანმრთელობას, გონების, ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეს, სიხარულის განცდას, სიმშვიდეს, მეტი სიყვარულის გაცემის უნარს, უფრო მეტის მიღებას. სულაც არ არის რთული და სირცხვილი, შენი განცდები გამოხატო და ვინც გიყვარს, უთხრა, რომ გიყვარს, ვინც გახალისებს, უთხრა, რომ გახალისებს, - ეს ემოცია უნდა გასცე, გულში არ უნდა დაიტოვო, მერე სხვა განცდებში რომ არ გადავიდეს. ამ პანდემიამ ადამიანები ძალიან დათრგუნა, ამიტომ, ყველას კეთილდღეობას ვუსურვებ. არავის გასჭირვებოდეს, რთული წარმოსადგენია, როცა ვიღაცის შვილს საჭმელი ენატრება. ეს უკვე წითელი ხაზია, რომლის იქით არაფერი ხდება. ჯანმრთელობა, სიყვარული სიმშვიდე ჰქონდეს თითოეულს!

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

- საშობაო ტრადიციები ალბათ ყველას მსგავსი აქვს. საშობაოდ ვცდილობ, რომ პატარა სუფრა გვქონდეს, ერთადერთი უცვლელი ტრადიცია, რაც მაქვს და ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, ფანჯარაში სანთლის დანთებაა. ეს მართლაც ჯადოსნური მომენტია, მიყვარს და მჯერა ამის. ამიტომ, სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ვცდილობ ეს რიტუალი შევასრულო ბავშვებთან ერთად... შობას რამდენჯერმე ეკლესიაშიც შევხვედრივარ, მაგრამ ახლა, რაც პატარები გვყავს, უკვე არა.

  • საშობაო ღვეზელი?

- შარშან დაწნული პური გამოვაცხე, რიტუალური პურივით იყო, ლამაზიც გამოვიდა და რაღაცნაირად სუფრას უხდებოდა... საშობაო ღეზელი ჯერ არ გამომიცხვია, დიასახლისობაში ცომი ჩემი სუსტი წერტილია, ჯერჯერობით, დანარჩენს ვუმკლავდები. რეცეპტი რომელსაც ახლა გაგიმხელთ, სადღესასწაულოდ არ მაქვს, მაგრამ როცა რაღაც განსაკუთრებული შემთხვევაა ხოლმე, თან, კარგად გამომდის და დიდი ჭურჭლით იტალიურ ლაზანიას მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის ვამზადებ, - ყველას გვიყვარს. ლაზანიას ფირფიტებს წინასწარ ვყიდულობ, რადგან მის გამოცხობას დიდი დრო უნდა. მოკლედ, მის სამ ფენას შიგთავსს ვურთავ. პირველი ფენა არის საქონლის ხორცითა და პომიდვრით, რომელსაც სხვადასხვა სანელებლებით ვაზავებ, შემდეგი ფენა ყველის დ ნადუღის მიქსია, მესამე - სოკოს და ისპანახის მოთუშული მიქსი. ზემოდან, რა თქმა უნდა, ბევრ პარმეზანის ყველს ვუშვები და ღუმელში ვაცხობ. თუმცა მანამდე ფორფიტებს ადუღებულ წყალში ცოტას მოვხარშავ ხოლმე და შემდეგ უკვე მისი ღუმელში ყოფნა 30-40 წუთი სრულად საკმარისია.

  • საშობაო სურვილები

- ბევრი კარგი ამბავი მინდა ვუსურვო ყველა ოჯახს, ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მხნეობა, გასულმა წელმა დიდი სირთულეები მოგვიტანა. ყველას ასრულებოდეს კეთილი სურვილი, რასაც ჩაიფიქრებს. 2021 წელს ადამიანებმა მეტი სიკეთე, შვება იგრძნონ, დადებითი მომენტები მეტი ჰქონდეთ.

ხატია შამუგია, „ისი-პარის“ პიარმენეჯერი:

- ამ დღეს მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სახლში ვიყო, პანდემიის პირობებში მით უმეტეს, ყველანი სახლში ვართ. სახლში ყოფნას უფრო იმიტომ ვცდილობ, რომ ფანჯარაში სანთელი დავანთო. პატრიარქის ეს მოწოდება ძალიან მომწონს და შობის ღამეს სანთელს ფანჯარაში სულ ვანთებ. მგონია, რომ ამით უფალს ყველაფრისთვის მადლობას უხდი. როცა უფალს ეხმიანები და მასთან მიდიხარ, სურვილი ყოველთვის ერთი და უცვლელია - სთხოვ მფარველობას, გინდა, სულ შენთან იყოს!

  • საშობაო სუფრა

- არ არის გამორჩეული, რადგან მარხვაზე არ ვარ, ეს სუფრა მათთვის არის განსაკუთრებული, ვინც, საშობაო მარხვას ინახავს, რადგანაც შობას ხსნილია (საშობაო მარხვას რომ ვერ ვიცავ, სამაგიროდ, ოთხშაბათს და პარასკევს ვმარხულობ)... დედა სანამ ცოცხალი იყო, ძალიან ტრადიციული ადამიანი გახლდათ და ყოველთვის ჩვენს ოჯახში საშობაო „ხალადეცი“ კეთდებოდა, თან, საოცრად სუფთად, საერთოდ აკურატულად უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. ღორის თავს ერთი კვირით ადრე ყიდულობდა და მის გასუფთავებას იწყებდა. წარმოიდგინეთ, რომ მხოლოდ კი არ რეცხავდა, მანამდე კბილებს ჯაგრისით უსუფთავებდა... მერე რამდენიმე დღე გამდინარე წყალში დებდა. ბედობას, შობას მოდიოდნენ ჩემი მეგობრები, რომელთაც გულით უმასპინძლდებოდა. წელს საახალწლოდ კერძები ერთ-ერთ რესტორანს შევუკვეთე და იქიდან ჩემი სადარბაზოს ცუგა „ჯეკაც“ კი გემრიელად დაპურდა, რომელზეც მეურვეობა მაქვს აღებული. ძალიან ვუყვარვარ, სადარბაზოში თუ მე არ ვუთხარი, რომ „ჯეკა, ჩემია“ - ჩემთან არავის უშვებს. მოკლედ, მას ჰქონდა განსხვავებული ახალი წელი - საცივი, კუჭმაჭი, გოჭის ხორცი - არაფერი დაკლებია. ამ დღეებში ძალიან მიყვარს გოზინაყი, ჩურჩხელა და უზომო რაოდენობის ჩურჩელას და გოზინაყს მივირთმევ ხოლმე.

- ტრადიციული კერძი, ან საყვარელი, რომელსაც ხშირად აკეთებ და შობასაც შეიძლება მისი მომზადება, რომელია?

- ბოსტნეული დიდად არ მიყვარს, უფრო ხორცი, მაგრამ მხოლოდ ქათმის და ხბოს ხორცს მივირთმევ. ამიტომ, ხშირად ვამზადებ ქათმის ფილეს, სოკოსთან ნაღებით. ვიღებთ ქათმის ფილეს, ვჭრით კუბიკებად, სოკოსაც ასევე ან შუაზეც შეიძლება და მთლიანადაც. ქათმის ფილეს უნდა მოასხათ სოიოს სოუსი, მარილი და შავი პილპილი მოაყაროთ და ცოტა ხანს ასე გააჩეროთ. ამ დროს ტაფა უნდა გააცხელოთ, დააყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სოკო და ქათმის ფილე და ცხიმთან ერთად მოშუშოთ. 7-10 წუთი რომ დარჩება ცეცხლიდან გადმოდგმამდე, მაშინ 2 კბილი ნიორი უნდა ჩაჭყლიტოთ და ცოტა ხანს ტაფას თავზე დავახუროთ. მერე ზოგი ზემოდან ბულგარულ წიწაკას დააჭრის, ბოლოს კი ამ ყველაფერს ნაღებს ვასხამ, წამოდუღდება და გამოვრთავ. ამ კერძს სხვადასხვა ვარიაციით ვაკეთებ...

  • საშობაო სურვილები

- ალბათ ძალიან ბანალური სურვილი იქნება, რომ ჯანმრთელები ვიყოთ მსოფლიოში ადამიანები, მაგრამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ ესაა ყველაზე მთავარი რამ, ბევრი რამ გადაგვაფასებინა. ახლა რომ ვიხსენებ, ისეთ სისულელეებზე გვეშლებოდა ნერვები. ამ პერიოდში ადამიანებმა გვერდში დგომა მეტად ვისწავლეთ. გასული წლის ყველაზე დიდი ტკივილი ის იყო, რომ პანდემიამ ადამიანები შეიწირა... ყველას ვუსურვებ კორონავირუსის განდევნას, მთელ მსოფლიოს ახლა ერთი სატკივარი გვაერთიანებს და ვისურვებდი, ეს უხილავი მტერი ყველას ერთად დაგვემარცხებინოს, ჯანმრთელები ვიყოთ და გავუძლოთ ამ უდიდეს განსაცდელს, მგონია, რომ უფლის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება.

ნინო ჩხეიძის საახალწლო ფოტოსესია - მომღერალი თბილისის ქუჩებში საღამოს კაბებით სეირნობს

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რომ დაინახა ბატონმა გრიგოლმა მიატოვა, ახლა გაახსენდათ ანანიაშვილი და რუსულ ბალეტი" - დავით ოქიტაშვილი

"არ მიღირდა თითქმის განახევრებულ ხელფასზე მუშაობა" - რატომ დატოვეს "ტვ პირველი" ირინა ონაშვილმა, ესმა კუნჭულიამ და რატი დურგლიშვილმა