ავტორი:

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. ხახალეიშვილი 49 წლის იყო.

"ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 49 წლის ასაკში გარდაიცვალა", - ნათქვამია ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

2020 წლის ოქტომბერში ხახალეიშვილს დაუდგინდა გულის მძიმე დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. წლის ბოლოს, დეკემბერში კი მინსკში გულის გადანერგვის ოპერაცია გაუკეთეს, რომელმაც კარგად ჩაიარა და როგორც ბელარუსი ექიმები აცხადებდნენ, მდგომარეობა ყოველმხრივ სტაბილური იყო, ორგანიზმმა ახალი გულიც მიიღო.

ხახალეიშვილი მინსკის კლინიკაში 27 ნოემბერს მოათავსეს და ოპერაცია თითქოს იმავე დღეს უნდა გაკეთებულიყო, მოძიებული იყო დონორიც, მაგრამ 3 დეკემბრამდე გადაიდო, რადგან ექიმები პაციენტზე დაკვირვებას აგრძელებდნენ. 27 ნოემბრის შემდეგ, ოპერაცია 2 დეკემბერსაც დაინიშნა, მაგრამ ექიმებმა არჩიეს, ერთი დღე კიდევ დაეცადათ - ამჯერად დონორის გულზე დასაკვირვებლად. საბოლოოდ ოპერაცია 3 დეკემბერს ღამით დაიწყო და 11 საათი გაგრძელდა.

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი გახლდათ.

ის იყო ასევე სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

"კოვიდი არ აქვს, თუმცა კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს" - რა ინფორმაციას ავრცელებს მაკა რაზმაძე დავით სოკოლოვზე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის

ბიძინა ივანიშვილი ხელოვნების ნიმუშების მილიარდიან კოლექციას ყიდის -  "ერთი ნაწილი უკვე გაიყიდა... დანარჩენი ნახატების რეალიზაცია მოხდება..."

"პრეზიდენტი ტრამპი წარუმატებელი ლიდერია, ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ცუდი პრეზიდენტი" - არნოლდ შვარცნეგერი