ავტორი:

"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

"უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს" - რას ამბობს ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე

რუსულ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცში" («Московский комсомолец») გამოქვეყნდა სტატია სათაურით "ცნობილმა ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს რეკორდულად მოკლე დროით უხელმძღვანელა: კონტრაქტი გაუქმებულია“, რომელშიც ჟურნალისტი მარინა რაიკინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს - ვლადიმირ კეხმანს ნინო ანანიაშვილის შესახებ ესაუბრება.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

"იანვრის ყველაზე ხანმოკლე ინტრიგა, როგორც ჩანს, დასრულდა: ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის (НОВАТ) საბალეტო დასის ხელმძღვანელი არ იქნება. მოკლე ოფიციალური განცხადება მშრალად და კონკრეტულად ჟღერს - "ნინო ანანიაშვილთან НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადიმირ კეხმანის მოლაპარაკების შედეგად, მხარეთა შეთანხმებით, მიღებულია გადაწყვეტილება ადრე დადებული კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ“.

დიახ, ეს ინტრიგა ყველაზე დიდი ინტრიგაა ინტრიგებში. თვითონ განსაჯეთ: ნინო ანანიაშვილი НОВАТ-ის ხელმძღვანელობასთან 2020 წლის ბოლოს ხელს აწერს კონტრაქტს, გეგმებს ადგენს, სამსახურის დეტალებს არკვევს... მას სულ მალე წარუდგენენ საბალეტო დასს და გააცნობენ და უცებ... იგი ინტერვიუს იძლევა და "სახლიც ინგრევა“... არადა, ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავია, მას ფართო კავშირები და დიდი გამოცდილება აქვს, დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ბალეტის განვითარებაში - 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ბალეტს თბილისში.

მომხდარი ფაქტის კომენტირება НОВАТ-ის სამხატვრო ხელმძღვანელს ვლადიმირ კეხმანს ვთხოვეთ:

- ვლადიმერ აბრამოვიჩ, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა და როგორ მოხდა? ბალერინამ ინტერვიუ მანამდე მისცა, სანამ მისი ოფიციალური წარდგენა მოხდებოდა საბალეტო დასის წინაშე და ამიტომ ეს "ძვირად დაუჯდა“?

- არსებობს გარკვეული ტრადიცია და გარკვეული შეთანხმება - და როგორც თეატრში მომუშავე ადამიანს, უნდა სცოდნოდა, თუ როგორ ხდება მსგავსი დანიშვნა... ნინომ ეს შეთანხმება დაარღვია და ინტერვიუ მისცა. მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ... მაგრამ მე მისი ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიააა.

- თქვენ ნინოს ადრევე იცნობდით?

- არა, მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა (მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა - ს.კ) გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მისი გაცნობის მიზნით. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ (ეს ჩემთვის პრინციპული მომენტია) იგი რუსი ბალერინაა. მან დიდხანს იფიქრა. ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი შარშან დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკ-პეტერბურგშიც ჩამოვიდა და ჩვენ ფინალურად ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. მისი მხრიდან არცერთი უზუსტობა არ ყოფილა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მასთან ისეთი დოკუმენტი არ გაგვიფორმებია, რომლებსაც ჩვეულებრივ, ყველასთან ვაფორმებთ ხოლმე - შემოქმედებით ადამიანებთან, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს.

თუმცა მაინც მოხდა ის, რაც მოხდა - მხედველობაში მაქვს ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ გაახმაურა (ეს ნინოსაგან ერთგვარი საშობაო საჩუქარი აღმოჩნდა). ასეთი ნაბიჯი, პირველ რიგში, კოლექტივის უპატივცემლობაა. მეორე მომენტი: აღნიშნულ ინტერვიუში მისი მოტივაციად, თუ რატომ მიდის ნოვოსიბირკში სამუშაოდ, სულ სხვა რამ იყო დასახელებული, ვიდრე ის, რაზედაც ჩვენ შევთანხმდით. ჩვენ სხვნაირად ვისაუბრეთ. არსებობს ასეთი გამოთქმა "ჯერ დაჯექი, ფეხზე დგომით ვერაფერს მიაღწევო“ და ეს მართლაც ასეა, ჩვენს შემთხვევას სრულებით შეესაბამება. იცით, ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: მცირე ტყუილი დიდ სიცრუეს ბადებს. ასეთ სიტუაციაში პირადად მე მუშაობა არ შემიძლია. ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, ხოლო შემდეგ, მეორე რიგში - პროფესიული.

- რადგან საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე რიგი არ დგება - ამ დონის პროფესიონალები თითზე ჩამოსათვლელია - მაშინ ვინ უხელმძღვანელებს ნოვოსიბირსკის ბალეტს?

- ნინო ინტერვიუში ამბობს, რომ რეპერტუარი უნდა შევქმნაო. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს შეუძლია ისეთი ფართო რეპერტუარით დაიკვეხნოს, როგორიც ნოვოსიბირსკის თეატრს აქვს. მისი წინადადებები, რომლებიც ჩემთან საუბრის დროს მოვისმინე, საკმაოდ მოკრძალებულია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის მთავარ საკვანძო მომენტს, პირველ რიგში, მისი საერთაშორისო კავშირები წარმოადგენდა. იგი ნამდვილად ვარსკვლავია - იაპონიაშიც და ამერიკაშიც, კორეაშიც და ჩინეთშიც... ნინო ანანიაშვილი ამ ქვეყნებში ბევრს ცეკვავდა, მას ყველა იცნობს. მას პირადი ურთიერთობები აქვს ბევრ დასთან, მათ ხელმძღვანელებთან. მინდოდა მისი შესაძლებლობები გამომეყენებინა, რომ ნოვოსიბირსკში მაქსიმალურად ჩამოსულიყვნენ ის ვარსკვლავები, რომლებიც ახლა, კორონავირუსის გამო, უსაქმოდ არიან. პლუს ამას, მე განცვიფრებული დავრჩი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სილამაზით და, რასაკვირველია, ძალიან მინდოდა, იმ რთული ურთიერთობების დროს, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, ქართულ თეატრთან თანამშრომლობა მქონოდა.

დღეს ნოვისიბირსკის თეატრის ძირითადი რეპერტუარი კლასიკაა და ამ მხრივ ჩვენ ყველაფერი რიგზე გვაქვს, თუმცა, ძალიან ვწუხვარ, მომხდარი ფაქტის გამო: ნინოს ისე დავშორდით, რომ მას ჯერ მუშაობა დაწყებული არ ჰქონდა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე