ავტორი:

"რუსეთისთვის ეს მისი საინფორმაციო ველიდან საქართველოს დაკარგვის ტოლფასია“ - რას ნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება?

"რუსეთისთვის ეს მისი საინფორმაციო ველიდან საქართველოს დაკარგვის ტოლფასია“ - რას ნიშნავს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმება?

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარების მიმართულებით. ასევე, მემორანდუმის თანახმად, 5G იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას აპლიკაციების ფართო სპექტრი, მათ შორის, რომლებიც გამოყენებული იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომსახურების მისაწოდებლად.

5G - ეს ის თემაა, რომელიც ხშირად ხდება სპეკულაციების საგანი. მიუხედავად მრავალი ცრურწმენისა, რეალურად, ეს ტექნოლოგია ქვეყნების უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. რა მნიშვნელობა აქვს მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარებას და როგორ უნდა შეფასდეს ამ კუთხით მემორანდუმის გაფორმება აშშ-სა და საქართველოს შორის? ამ თემებზე AMBEBI.GE-ს უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, ეს მემორანდუმი თავისი არსით და მნიშვნელობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო არენაზე მიღწევებს რომ შევადაროთ, თუ არ აღემატება, არ ჩამოუვარდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას თუ უვიზო რეჟიმს. მეტსაც გეტყვით, დროში თუ წინ გავიხედავთ, შეიძლება, მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. რატომ ამყავს ასეთ აღმატებულ ხარისხში? იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მოაზროვნეები, როგორც დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ში, ასევე, ჩინეთშიც ერთხმად აღიარებენ, რომ თანამედროვე, მომავალი მსოფლიოს კოალიციების და მსოფლიო წესრიგის ღერძი 5G სისტემაზე აეწყობა. ამის პარალელურად, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო შემცირდება გვალენის სფეროების ფორმირებისთვის ისეთი სტრატეგიული რესურსების როლი, როგორიცაა ვთქვათ, ნავთობი და გაზი. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ მომავალი მსოფლიოს მთავარი იარაღია (და დღესაც უკვე ასეა) ინფორმაცია - რაც უფრო წინ გავიხედავთ, ინფორმაცია, როგორც იარაღი მით უფრო დაჯაბნის კონვენციური, ტრადიციული ომის იარაღს, იმავე, სამხედრო შეიარაღებას, მძიმე ტექნიკას და ა.შ.

ინფორმაციის გადაცემა, ისევე, როგორც ინფორმაციის სრული კონტროლი არის და იქნება მიბმული 5G სისტემაზე. მსოფლიოში დღეს მხოლოდ ორი ქვეყანაა, რომელსაც ეს სისტემები აქვს და რომელსაც დანარჩენ მსოფლიოში მათი გავრცელება შეუძლია, ესაა ჩინეთი თავისი "ჰუავეით“ და აშშ. მსოფლიოს ექნება ეს ორი სტრატეგიული ღერძი, რომელზეც კოალიციები აიგება. ყოველ შემთხვევაში, იმედია, ამერიკა შიდა წინააღმდეგობებით ისე არ დასუსტდება, რომ 5G-ზე, როგორც მისი დომინანტობის მთავარ იარაღზე, საუბარმა აზრი დაკარგოს. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს 5G სისტემების მფლობელების - აშშ-ს და ჩინეთის მხრიდან ორი ძირითადი სტრატეგიული ღერძი ექნება, უსაფრთხოების სისტემებიც ამ ღერძებზე აეწყობა. ის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთის 5G სისტემას ჩაებმებიან, ასე ვთქვათ, ჩინეთის საინფორმაციო სივრცის ქვეშ იქნებიან, რაც ნიშნავს როგორც ინფორმაციის მიმოქცევის სისტემას, ასევე, ინფორმაციის სრულ კონტროლს; ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც ამერიკის 5G სისტემას ჩაებმებიან, ამერიკის ამ საინფორმაციო სტრატეგიული ღერძის პარტნიორი ქვეყნები იქნებიან - ძალიან მალე მსოფლიო ამ პრინციპით გადალაგდება და მნიშვნელობა შეუმცირდება თუნდაც ისეთ სამხედრო ალიანსს, როგორიც ნატო-ა.

რატომ ვამბობთ იმას, რომ ინფორმაცია დღევანდელობის და განსაკუთრებით, ხვალინდელი დღის მთავარი იარაღია? ყველაზე ნათლად დღეს შეიძლება ამაზე საუბარი, როცა გვაქვს იმის მაგალითი, როგორ დაუბლოკეს აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს სოციალური ქსელები. შესაბამისად, საინფორმაციო ქსელების მფლობელი ადამიანები და კორპორაციები გაცილებით ძლევამოსილები აღმოჩნდნენ, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე მაგარი ქვეყნის, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი. ეს ყველაზე თვალსაჩინო, მარტივად ასახსნელი მაგალითია, თუ რა ძალა აქვს ინფორმაციას - ამით, ფაქტობრივად, ტრამპი განაიარაღეს. ამას თუ განვაზოგადებთ და ვიტყვით იმასაც, რომ თანამედროვე მსოფლიო შეიარაღების დიდი ნაწილი მთლიანად იმართება სწორედ კომპიუტერული სისტემებით, ინფორმაციის გადაცემით და ა.შ., ინფორმაციის ამ ნაკადიდან ჩახსნას შეუძლია, მთელი ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს - წარმოიდგინეთ, მსოფლიო საბანკო ქსელიდან რომ რომელიმე ქვეყანა ჩახსნან; რომელიმე ქვეყნის თუნდაც, კიბერუსაფრთხოებაც პირდაპირ ამასთანაა მიბმული - რომელ სახელმწიფოს ექნება შენს საინფრომაციო რეზერვებზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. წვდომა და კონტროლი? ზუსტად ამაზეა ლაპარაკი.

არ იფიქროთ, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად მიდის. აშშ-ს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, რომ დიდი ბრიტანეთისთვის და ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის ჩინეთის "ჰუავეის“ალტერნატივად საკუთარი 5G სისტემა შეეთავაზებინა. სულ ახლო მომავალში, თუ ადამიანი საერთო საინფორმაციო ქსელიდან გათიშე, მას დაეკარგება თუნდაც, ფულის მოხმარების საშუალება, სხვაზე აღარაფერზე ვსაუბრობ. თავისთავად, დეზინფორმაციაც ამ უზარმაზაზრი საინფორმაციო იმპერიის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. რადგან მომავლის სტრატეგიული ღერძები უკვე 5G ინფრასტრუქტურის მეშვეობით და გასწვრივ იგება, ამიტომაც ვანიჭებ ამ ხელშეკრულებას ისტორიულ მნიშვნელობას და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც კი მეტ-ნაკლებად ჩახედულია ერთი მხრივ, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ორომტრიალში და მეორე მხრივ, უსაფრთხოების თემაში.

ჩემთვის, ამ შემთხვევაში, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ისევე, როგორც ზოგადად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ინფორმაციული დაცულობისა და საქართველოს კიბერსივრცის დაცულობისთვის. მართლაც უმნიშვნელოვანეს მიღწევასთან გვაქვს საქმე. თან, ეს გაკეთდა ძალიან უხმაუროდ, ყოველგვარი ეპატაჟის თუ რეკლამის გარეშე და დავდექით ფაქტის წინაშე. ეს ჩემთვის ერთგვარად ხსნის იმასაც, რატომ იყო ასეთი ლოიალური აშშ-ის ხელისუფლება "ქართული ოცნების“ მიმართ. შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩანს, ეს მარტო "ქართული ოცნების“ ლობისტების დამსახურება არ არის, რადგან აშშ-ისთვის პრიორიტეტია და დღეს ყველაფერზე მაღლა დგას ის, რომ მისი 5G-ის ღერძის ქვეშ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები მოაქციოს. ფაქტობრივად, საქართველო ვალდებულებას იღებს, რომ ამ მემორანდუმის თანახმად საქართველოსა და ამერიკის უსაფრთხოების საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში დააყენოს, ოპერირება და ფუნქციონირება გაუწიოს ამ ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე დაცულ და შესაბამისად, ამერიკულ 5G სისტემას. აქვე ძალიან საინტერესოა, როგორ გამორჩა ეს რუსეთს მხედველობიდან.

- დიახ, რას შეიძლება, მოსკოვისთვის ნიშნავდეს ეს მემორანდუმი და მართლაც, რას უკავშირებთ მათგან დუმილს?

- ერთადერთი, რაც მაფრთხობს, რაზე შეიძლებოდა გაცვლილიყო, რამეზე ხომ არ გაიცვალა რუსეთთან ეს შეთანხმება... იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ეს ნიშნავს პერსპექტივაში - მისი საინფორმაციო ველის კონტროლიდან საქართველოს გასვლას. თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, და ეს უკვე დამდგარი რეალობაა, რომ ინფორმაციული-ინტერნეტქსელები არის თანამედროვეობის მთავარი იარაღი, პერსპექტივაში, რუსეთს ეს მთავარი იარაღი ხელიდან ეცლება. თუმცა რუსეთს საქართველოში სიტუაციის ასარევად სხვა ბევრი ბერკეტიც აქვს... მაგრამ მაინც, როგორ მოხერხდა ისე, რომ რუსეთმა ეს არ დაბლოკა მაშინ, როცა დაბლოკა ვთქვათ, ანაკლიის პორტის პროექტი, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ასეა თუ ისე, კარგია, რომ ასეთი სტრატეგიული შეთანხმება ისე მივიღეთ, რომ მის შესახებ დე ფაქტო გავიგეთ და ამას წინასწარ ისეთი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, რასაც შეიძლებოდა, ეს მნიშვნელოვნად დაეზიანებინა. მთავარია, რომ ახლა და შემდგომ წლებში ამ მემორანდუმიდან გადახვევა არ მოხდეს, იმავე, რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად.

- როგორ უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარება მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ?

- ამ სფეროს ვუყურებ, როგორც უსაფრთხოების სპეციალისტი და ტექნიკურ დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ის ჩანაწერია, რომლის შინაარსითაც, ორმხრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ მხოლოდ დაცული გზით - ეს ნიშნავს, ამერიკის პატრონაჟისა და მეთვალყურეობის ქვეშ - მოხდეს საქართველოში ამ ქსელის განვითარება. დანარჩენი, კერძო სტრუქტურებში ეს როგორ აისახება, რომელი კომპანიები ისარგებლებენ ამით, ეს ამ გლობალურ შეთანხმებასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. აპრიორი გამოვთქვამ იმის იმედს, რომ ამერიკა არ დაუშვებდა ამ მემორანდუმში იმ ტიპის თეთრი ლაქების არსებობას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელს თუ მომავალს, მისცემს საშუალებას, თავი დაიძვრინოს მემორანდუმით აღებული ვალდებულებებისგან. თუმცა, ზეწოლა არ არის გამორიცხული პოსტ ფაქტუმაც, მემორანდუმის შემდეგაც, ისეთი სამეზობლო გვყავს და ისეთი პროცესები მიდის სამეზობლოში, მაგრამ თავისთავად მემორანდიუმის გაფორმების ფაქტია უმნიშვნელოვანესი, რაც პირდაპირ ეხება ორივე ქვეყნის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს. შეიძლება ითქვას, რომ მომავლის გადმოსახედიდან ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის ეპოქის მთავარი მიღწევა.

"ორი "ხატა" მდინარის ნაპირზე: მიხეილ სააკაშვილმა მირგოროდთან ახლოს მამული იყიდა" - რას წერს ექსპრეზიდენტის უკრაინულ ქონებაზე ადგილობრივი გამოცემა?

გიორგი გახარია ბარით ხელში - ექსპრემიერის ფოტო კახეთიდან

"დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ" - ირაკლი კიკნაველიძემ "ევროპული საქართველო" დატოვა