ავტორი:

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს

ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები და შეტაკება უსაფრთხოების ძალებთან - აშშ-ისკენ ჰონდურასიდან მიმავალ ათასობით მიგრანტს გვატემალაში გზა გადაუკეტეს

ჰონდურასიდან აშშ-ის მიმართულებით მიგრანტების ქარავანი მიემართებოდა. როგორც სააგენტო "როიტერსი“ წერდა, მხოლოდ პარასკევს ჰონდურასი 8000-მდე ადამიანმა დატოვა. მიგრანტებს შორის არიან ქალები და ბავშვებიც.

მათ გუშინ გადაკვეთეს ჰონდურასისა და გვატემალის საზღვარი და გვატემალადან მექსიკაში გადასვლას გეგმავდნენ, საიდანაც აშშ-ში შესვლას შეძლებდნენ. თუმცა მათ გვატემალიდან მექსიკაში გადასვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. გვატემალის უსაფრთხოების ძალებმა გზა გადაუკეტეს და ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სვლა შეაჩერეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, გვატემალას მთავრობა აცხადებს, რომ ხელისუფლება უკანონო გადაადგილებებს არ მიიღებს. შეტაკება მოხდა გვატემალა-მექსიკის საზღვართან, სამხრეთ-აღმოსავლეთ სოფელ ვადო ჰონდოსთან.

ჯარისკაცებისა და პოლიციელების ჯგუფმა გზა გადაკეტა. ზოგიერთმა მიგრანტმა ძალით სცადა გზის გაგრძელება, თუმცა უსაფრთხოების ძალებმა ისინი უკან დააბრუნეს. ადგილობრივი მედიის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ სამხედროები იყენებენ ცრემლსადენ გაზს, ფარებსა და ხელკეტებს მიგრანტების მოსაგერიებლად. ზოგიერთმა მიგრანტმა უკან დაიხია, ზოგი იცდის ახლომახლოს, რომ გზის გაგრძელება კიდევ ერთხელ სცადოს, ზოგიერთი კი ახლომდებარე მთებში გაიქცა.

"საბედნიეროდ, ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს მათი შეჩერება. ჩვენ მოვახერხეთ ძალიან რთული სიტუაციის დაწყნარება“, - ამბობს გვატემალას მიგრაციის სააგენტოს ხელმძღვანელი გილერმო დიასი.

განცხადება გაავრცელა გვატემალას პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც:

"ჩვენი ქვენის გზავნილი ნათელია: ასეთი ტიპის არალეგალური მასობრივი გადაადგილებები არ იქნება მიღებული, ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ მეზობელ ქვეყნებთან ერთად, რომ მოგვარდეს ეს რეგიონალური საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.

  • რატომ გადაწყვიტა ათასობით ადამიანმა ჰონდურასის დატოვება?
  • მიგრანტების თქმით, დევნა, ძალადობა და სიღარიბე ყოველდღიური რეალობაა მათ ქვეყანაში. ისინი ეძებენ უკეთეს ცხოვრებას და იმედი აქვთ, რომ შეერთებულ შტატებში ჩავლენ, იპოვიან სამსახურს და უსაფრთხოდ იცხოვრებენ.

23 წლის დანია ჰინესტროსა, რომელიც თავის პატარა შვილთან ერთად მიგრანტებს შორისაა, "ესოშიეითიდ პრესთან“ ამბობს: "ჩვენ არ გვაქვს სამუშაო, არც საკვები, ამიტომ, გადავწყვიტე რომ აშშ-ში წავიდე."

როგორც BBC წერს, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დაპირებამ იმის შესახებ, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა შერბილებული იქნება, ხელი შეუწყო ზოგიერთ მიგრანტს აშშ-ის მიმართულებით წასვლის გადაწყვეტილება მიეღო. მიგრანტებს იმედი ჰქონდათ, რომ ჯო ბაიდენი მათ მიმართ დონალდ ტრამპთან შედარებით უფრო ლოიალური იქნებოდა.

ცნობისთვის, გასულ წელს დონალდ ტრამპმა მექსიკის ხელისუფლებას განუცხადა, რომ ჰონდურასელი მიგრანტების ნაკადები შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მექსიკას საბაჟო ტარიფებს დაუწესებდა.

"სტუმრად პუტინთან" - სკანდალური გამოძიება და რუსეთის პრეზიდენტის გასაიდუმლოებული, ზღაპრული სასახლის ფოტოები

"ბაიდენი ემიგრანტებს აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს" - რას გულისხმობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საიმიგრაციო კანონპროექტი

"ქარწაღებული პრეზიდენტი", ქაოსი, კრიტიკა და უჩვეულო ჩვევები - ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე ხმაურიანი ეპიზოდები