ავტორი:

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ

"მარგოშვილი შინ მიბრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, - იბო მოვკალიო" - სასტიკი მკვლელობა პანკისის ხეობაში, ბრალდებულს ჯერ კიდევ ეძებენ
  • (ფოტოზე: გარდაცვლილი იბრაჰიმ (იბო) ქავთარაშვილი)

პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ (იბო) ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია ამავე სოფელში მცხოვრებ 45 წლის ხიზირ (სიმონ) მარგოშვილს ჯერ კიდევ ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. მოკლულს დანით 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

მკვლელობა ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, 17 იანვარს ე.წ. ხეხილების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას მოხდა. დუისის მცხოვრებლების გადმოცემით, იბრაჰიმსა და სიმონს უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა ერთი თვის წინ ისინი შეარიგეს. გარდაცვლილს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი ქალიშვილი დარჩა.

ambebi.ge დუისის მკვიდრს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

"აქაურებისთვის მკვლელობის მოტივი სრულიად გაუგებარია. ამბობენ, რომ მარგოშვილი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო. ქავთარაშვილი და მარგოშვილი მეზობლები იყვნენ და როგორც ამბობენ, მკვლელი პლანზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე იყო დამოკიდებული. პანკისის კრიზისის შემდეგ, ჰეროინი, კოკაინი და სხვა მსგავსი საშუალებები არც განიხილება. მკვლელი ჯერ არ არის დაკავებული, იმალება. გუშინ დილას ისინი ერთადაც ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. გარდაცვლილი სახლს იშენებდა და მისთვის დაურეკავს, გადმოდი, საქმე მაქვს შენთანო. გარკვეული დროის შემდეგ, მარგოშვილი სახლში მობრუნებულა და ძმისთვის უთქვამს, იბო მოვკალიო. ამბობენ, 10-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, სასტიკადაა გამეტებული...

ეჭვი გვაქვს, რადგან წამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ელემენტარული წახუმრებაც შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. მათ შორის არსებულ რაიმე სერიოზულ დაპირისპირებასა და კონფლიქტზე არც ოჯახი, არც მეზობლები და ახლობლები არ ლაპარაკობენ. მარგოშვილს იბრაჰიმი ტყის პირას გაუყვანია, იმ ადგილს ხეხილებს ეძახიან, ალბათ იმიტომ, რომ არავინ შესწრებოდა და მოკლულისთვის ვერავის მიეგნო. იბოს არც ძმა, არც ბიძა და ბიძაშვილები არ ჰყავს. მას სამი გოგო დარჩა, ბიჭიც არ ჰყავს.

მკვლელს რაც ეხება, მეორე ცოლი ჰყავს და პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები. მსგავსი ტიპის საქმე წმინდად სისხლის აღების თემაა, რადგან ადამიანის განზრახ მკვლელობასთან გვაქვს საქმე. ამას ოჯახის წევრები, ან თვითონ გვარი წყვეტს. შესაძლოა, ეს საკითხი არც დადგეს დღის წესრიგში. ვინაიდან გარდაცვლილს არავინ ჰყავს - მამა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილი და ა.შ. ანუ ისინი, ვისი ვალდებულებაც შეიძლება იყოს სისხლის აღება, ამ შემთხვევაში გვარსაც აქვს გადაწყვეტილების მიღების და სისხლის აღების წესის აღსრულების უფლება. ქავთარაშვილები საკმაოდ დიდი და ძლიერი გვარია, არ ვიცი, რას გადაწყვეტენ...

როგორც ითქვა, მარგოშვილს ადრეც მოუკლავს ბიძაშვილი გოგონა. პანკისის კრიზისის პერიოდში, იყო ქალების მკვლელობის რამდენიმე ფაქტი - ძმამ მოკლა და, მამამ - შვილი... ფაქტია, ეს მისთვის პირველი დანაშაული არ ყოფილა. ამ მკვლელობის ვერსიებზე არავინ ლაპარაკობს, ყველა დუმს. სატელევიზიო სიუჟეტში დედამ მამაკაცებს შორის თვეების წინანდელი წყენა ახსენა, თითქოს უსაყვედურა, მამის დაკრძალვაზე რატომ არ მოხვედიო, მაგრამ ეს სუსტი არგუმენტი და დაუჯერებელი მიზეზია, ამ მოტივით ადამიანს დანას არავინ ჩაარტყამდა. მაინც მგონია, მკვლელს წამლის ზეგავლენის ქვეშ მოეჩვენა რაღაც, არაფერი იმალება და ალბათ გავიგებთ სიმართლეს".

13 წლის ილია ფილფანის ოჯახმა დაკარგულის ძებნა ენგურჰესში დაიწყო

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს