ავტორი:

სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

სამებაში მომხდარი ხანძრის საქმე, მეხუთე წელია გამოუძიებელია - "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება... ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე"

სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, რა გახდა შემთხვევის მიზეზი.

2016 წლის 20 მარტს, პატრიარქის საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ტაძრის ნულოვან სართულზე, ახალგაზრდულ ცენტრში ცეცხლი გაჩნდა. მომხდარის შედეგად ტაძარს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა: დაიწვა 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განადგურდა დიდი რაოდენობით ძვირფასი საეკლესიო ლიტერატურა. სასულიერო პირების განცხადებით, ცეცხლს გადაურჩა ხატები და სხვა სიწმინდეები.

ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ არსებობის ისტორიაში პირველად, ტაძარი ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.

სამების ტაძრის დაზიანებული ინფრაქტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენისთვის ფინანსები მომხდარიდან 2 თვეში გამოიყო. 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ტაძრისთვის 3 737 400 ლარი გადაირიცხა. აღსანიშნავია, რომ თანხის გამჭირვალედ დახარჯვასთან დაკავშირებით, იმთავითვე არაერთი შეკითხვა გაჩნდა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. ისევე როგორც უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ.

ხანძრის ხელოვნურად გაჩენის შესახებ ეჭვები, შემთხვევიდან მალევე რამდენიმე სასულიერო პირმა გამოთქვა. მათ შორის იყო არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, რომელმაც "The Tbilisi Times"-სთვის 2016 წელს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამგვარი ეჭვები პატრიარქსაც ჰქონდა.

"ექსპერტიზის დასკვის პასუხი ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი. სავარაუდო მიზეზი, უწმინდესმაც აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოწყობილი ცეცხლი. ელექტროენერგია თითქმის გამორიცხულია, რადგან სადენები აბსოლუტურად სხვა ადგილას იყო. ელემენტარულად, ცეცხლი თუ გაუჩნდებოდა სადენებს, ე.წ. დამცავი ამოაგდებდა და გაითიშებოდა, იმიტომ რომ სამების ტაძარში არის საკმაოდ მაღალი ხარისხის ელექტროგაყვანილობა. დასკვნა დაიდება, მაგრამ ჩვენი ხედვით, ხანძარი ისეთ ადგილზე გაჩნდა, მომხდარი შემთხვევით ნაკლებად სავარაუდოა" - აცხადებდა არქიმანდრიტი 2016 წელს.

5 წლის შემდეგ, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარს საჭიროდ არ მიიჩნევს, თუმცა ახლაც ფიქრობს, რომ "ასეთი ხანძრები შემთხვევით არ ჩნდება".

"ახლა არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს. ობიექტი რეაბილიტირებულია, პრობლემა მოგვარებულია და ამდენი ხნის შემდეგ, თან საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე, ამაზე საუბარი არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად. რა დადგინდა გამოძიებით არ ვიცი, თუმცა მე იგივე აზრზე ვარ, რასაც ადრე ვაცხადებდი - რომ ასეთი ხანძრები ასე შემთხვევით არ ჩნდება. რატომ არ მოხდა გამოძიება ვერ გეტყვით.

შეიძლება, ვერ მივიდა კვალი ბოლომდე. იმდენად დიდი ხანძარი იყო, ამის გამოკვლევა მარტივი არ იქნებოდა. ალბათ, ვერ გამოიძიეს და შემოდეს თაროზე, როგორც ხდება ხოლმე

პრეტენზია არ მაქვს გამოძიებათან, მაგრამ ყველა საეჭვო ფაქტი რომ იყოს გამოძიებული და სამართალი ზეიმობდეს, ამაზე კარგი რა იქნება?! სამწუხაროდ, პირიქით ხდება ხოლმე" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში არქიმანდრიტი.

კიდევ ერთი მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომელიც ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას იზიარებდა, მეუფე იაკობი იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ტაძარი დაწვეს. წესიერად რომ გამოეძიებინათ, ალბათ ეცოდინებოდათ...ვიღაცეები აქედან სარგებელს ნახულობდნენ, 2 მილიონზე მეტს. მე ვფიქრობ, რომ გამოეძიებინათ, დაიდებოდა რომ დამწვარია", - აცხადებდა მეუფე იაკობი 2017 წელს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ვიღაცეებში" სასულიერო პირი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გულისხმობდა. მეუფე იაკობი მთავრობის მიერ ტაძრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარის მითვისებას, სწორედ მას აბრალებდა.

ამ თემაზე სასაუბროდ მეუფე იაკობთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუმცა, AMBEBI.GE ესაუბრა ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ინტერესებს იცავდა. უფლებადამცველს დეტალების გახსენება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ტაძრის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით დავა, ნამდვილად მიმდინარეობდა. ადვოკატი იხსენებს გიორგი მამალაძის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, დეკანოზმა არაერთი საეჭვო დეტალი შენიშნა.

როგორც მიხეილ რამიშვილი AMBEBI.GE-ს ეუბნება, გიორგი მამალაძე აქტიურად ცდილობდა პატრიარქისთვის ამ საკითხზე ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა მას ილია მეორესთან შეხვედრაში ხელს უშლიდნენ.

"ძალიან ბევრი კითხვა ჩნდებოდა თანხის ათვისებასთან დაკავშირებით. მაშინ ამ საკითხს მეუფე იაკობი კურირებდა და ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა. ის ბრალდება, რაც დეკანოზ მამალაძის მიმართ გაჩნდა, მას აბრალებდნენ თანხის გაფლანგვას, იყო აბსურდი. დეკანოზი ხედავდა საეჭვო ფაქტებს ამ თანხის განკარგვის კუთხით. პატრიარქთან მის მოხსენებებს ბლოკავდნენ, რათა არ მიეწოდებინა ილია მეორისთვის ის ინფორმაციები, რომლებიც ვიღაცეებს არ აწყობდათ.

რაც შეეხება გამოძიებას, თავის დროზე ძალიან ფორმალურად დაიწყო და თითქმის არაფერი გაკეთებულია. ოფიციალურად გაქრა ყველაფერი. ჩვენც გვქონდა მცდელობა, რომ ხანძრის საქმის გამოძიების შედეგებზე გარკვეული ინფორმაციები მოგვეპოვებინა, მაგრამ ჰაერში რომ ეძებო, დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო. ერთადერთი, სამების ბერ-მონაზვნები აკეთებდნენ გარკვეულ მინიშნებებს, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ხანძრის მიზეზი, თუმცა ხმამაღლა საუბარს ისინიც ერიდებოდნენ" - ამბობს მიხეილ რამიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რა ინფორმაციას ფლობს საპატრიარქო სამების ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ, მომხდარიდან 5 წლის შემდეგ - ამ შეკითხვით მივმართეთ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს. დეკანოზმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, რადგან მისი თქმით, როცა ხანძარი მოხდა, მაშინ ამ პოზიციაზე არ იმყოფებოდა, ხოლო ახლა ძველი ინფორმაციის მოძიებას ვერ შეძლებს.

"სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიმდინარე საქმეებით ვართ დაკავებული და ამ დავალებას ნამდვილად ვერ მივიღებთ" - უთხრა ჯაღმაიძემ AMBEBI.GE-ს.

საქმის გამოძიების დეტალებზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, AMBEBI.GE-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში ორდღიანი ლოდინის შემდეგ მხოლოდ ის განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულის მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების 2 წლით აღკვეთაა.

სოსო გოგაშვილი ეჭვობს, რომ 5 წლის წინ სამებაში ხანძარი შეგნებულად გააჩინეს, რათა "ფული მოეტეხათ" - ვის ადებს ხელს ექსმაღალჩინოსანი?

"შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი და დაიჭირეთო, დაჟინებით ითხოვდა" - გოგაშვილის თქმით, ოხანაშვილმა "საქმის შეკერვა" სთხოვა

"ეს არის დაუმორჩილებლობის აქტი... ვაპროტესტებთ შეზღუდვებს" - ზურა  ჯაფარიძემ ბარი "ჯაფარასთან" გახსნა