ავტორი:

"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

"ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რაც გარდატეხას შეიტანს პანდემიის დამარცხებაში" - სამების ეზოში წყლის კურთხევის რიტუალი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ წყლის კურთხევის რიტუალი შეასრულა.

როგორც პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე განაცხადა, ღვთის ეს მადლი გადაგვარჩენს და იქნება ჩვენი მფარველი.

„ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე.

წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა.

რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

"დღეს კაცობრიობა დგას ისტორიაში ერთ-ერთი, მართლაც რომ არნახული განსაცდელის წინაშე, რომელიც მსოფლიოს ერთბაშად მოედო - სწორედ დღევანდელი დღე, ნათლისღების საიდუმლო იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რომელიც შეიტანას გარდატეხას პანდემიის დამარცხებაში, ჩვენი ერის, ჩვენი ხალხისა და მსოფლიოს ამ სნეულებისგან გათავისუფლებაში, - ამის თაობაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა სამებაში, ღვითისმსახურებაზე ბრძანა. მან მრევლს მიმართა, რომ იყვნენ მხნედ და გაძლიერდნენ ღვთისადმი რწმენით.

“ის ყოველთვის მოგვანიჭებს გამარჯვებას. მთავარია, არ შეირყას ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. სწორედ ამისთვის არის განსაცდელი. ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანს ფიზიკური თუ სულიერი ტკივილით რწენა შეურყიოს. თუ რწმენა შეირყა, მაშინ ადამიანის დამარცხება ადვილია. მაგრამ თუ რწმენა არ შეირყევა, იმედი არ დაგვეკარგება და ღვთისა და მოყვასის სიყვარული ძლიერი გვექნება, ვერავითარი ბოროტება ვერ დაგვამარცხებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ჯაჭვით არიან გადაბმულები, არ უშვებენ მანქანებს ავტოსადგომიდან... კალაძე ფეხით წავა სახლში" - აქცია თბილისის მერიასთან