ავტორი:

სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

სკამებში ჩაშენებული "ნაგვის ურნები" საყვავილეები აღმოჩნდა - რეალურად, რა არის ასახული "ფეისბუქზე" გავრცელებულ ფოტოზე

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მერიამ ნაგვის ურნები სკამებში ჩაამონტაჟა - ამ სათაურით დღეს "ფეისბუქი" მოიცვა "მთავარი არხის" გვერდზე გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ქუჩის ტროტუარზე მდგარი სკამებია ასახული. ფოტოებზე ჩანს, გოგებაშვილის ქუჩაზე დამონტაჟებული სკამები, რომელთაც შუაში რკინის ყუთები აქვთ დამაგრებული, ყუთები კი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით არის ამოვსებული.

"მთავარმა არხმა" სამსაათიან კურიერში ამ თემას სიუჟეტიც მიუძღვნა, სადაც ჭავჭავაძეზე დამონტაჟებულ ე.წ სმარტ-ურნებთან ერთად, გოგებაშვილის ქუჩაზე დადგმულ სკამ-ურნებზე საუბრობდნენ, რომელიც თბილისელების აღშფოთებას იწვევს.

ამ უცნაურ "ნოუჰაუს" სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, რადგან მართლაც წარმოუდგენელია, ვინმეს სურვილი გაუჩნდეს, დაისვენოს სკამზე, რომელშიც ნაგვის ურნაა ჩაშენებული.

როგორც აღმოჩნდა, საქმე გვაქვს მორიგ ფეიკ ნიუსთან. ფეისბუქ-სკანდალს გამოეხმაურა იმ რესტორნის თანამშრომელი, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და სკამებიც მათ დაამონტაჟეს ტროტუარზე. ლადო პიტავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სკამებზე დამონტაჟებული ურნები რეალურად, საყვავილეებია და სანამ რესტორნის თანამშრომლები ყვავილების ჩარგვას მოასწრებდნენ, გამვლელებმა ისინი ნარჩენებით ამოავსეს.

ფოტო: მარინე აბუაშვილი

"მეგობრებო, აი, ასეთი ამბავია: ერთი კვირა იქნება გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული. მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში.

დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელს ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე.

ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება... რა კომენტარი უნდა გააკეთო არც ვიცი... მაგრამ კიდევ ერთხელ მათთვის ვისაც დანახულის და წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს: მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები! ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ!!! მოკლედ, ამ ამბავს ახლავე მივხედავთ რა თქმა უნდა და როგორც კი ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციები მოიხსნება, ჩვენს ახალ, ლამაზ და გამწვანებულ რესტორანში შევხვდებით გოგებაშვილის ქუჩაზე...“ - წერს პიტავა.

დანიელმა მამაკაცმა მსოფლიოს 94 ქვეყანაში თვითმფრინავის გარეშე იმოგზაურა - კიდევ 9 სახელმწიფო და უჩვეულო მისიას შეასრულებს

ჩარლზ დარვინის "საშინელი საიდუმლო", რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა და რაც დღემდე ამოუხსნელია

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"