ავტორი:

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში მკურნალობს. ბევრი მათგანისთვის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშუალებები სრულიად უცნობია და უბრალოდ არ იციან, სჭირდებათ თუ არა გარკვეული ანალიზები, მედიკამენტები... ამ დროს ბევრი თვითნებურად კომპიუტერულ ტომოგრაფიასაც კი იღებს და თვლის, რომ ამ გზით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუმცა რეალურად კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც საკმაოდ სერიოზული პროცედურაა, ყველა ინფიცირებულს და მით უმეტეს ჯერ კიდევ დაუდასტურებელ პაციენტებს არ სჭირდებათ.

ვის სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია და ზოგადად, რა პროცედურაა ეს, რა განსხვავებაა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფისა (MRI) და კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) შორის „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოდიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო ჭედია გვესაუბრება.

როგორია რადიოლოგიის მნიშვნელობა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების დროს?

დღეს არ არსებობს მედიცინის დარგი და პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც არ საჭიროებდეს რადიოლოგიის. კერძოდ, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და რენტგენოლოგიის, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისდახმარებას. ეს ოთხი მიმართულება გახლავთ რადიოლოგიის ფლაგმანი, რომლის გარეშე დღევანდელი მედიცინა წარმოუდგენელია.

რომელი დაავადებების დადგენაა შესაძლებელი მხოლოდ რადიოლოგიის დახმარებით?

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზემოთ აღნიშნული ოთხი მიმართულების მეშვეობით, შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა არსებული ნოზოლოგიის დიაგნოსტირების პროცესის მოცვა, კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად კომპლექსში. არსებობს დარგები, სადაც კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის ერთადერთი და შეუცვლელი მეთოდი. მაგალითად, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის, ონკოქირურგიის, თორაკალური ქირურგიის და პულმონოლოგიის მიმართულებები და სხვ.

რა განსხვავებაა სხვადასხვა აპარატს შორის და რა უნდა გავარკვიოთ აპარატზე, ვიდრე გადაღებას გადავწყვეტთ?

რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) მუშაობის პრინციპი ემყარება რენტგენის ანუ X-Ray სხივების გამოყენებას. ეს რადიაციული გამოსხივებაა და შესაბამისად მისი გადაჭარბებული დოზა საზიანოა ორგანიზმისთვის. ამიტომ, ეს კვლევები ინიშნება კლინიცისტი ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენებით. ულტრაბგერითი ანუ ექსკოპიური კვლევები ემყარება ულტრაბგერის გამოყენებას, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია(MRI) კი დამყარებულია მაგნიტური ველის ინდუქციურ ძალაზე (Tesla) და მაგნიტური ველის გრადიენტზე. ულტრაბგერისა და მაგნიტური ველის უარყოფითი ზემოქმედება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. დღეს არსებული მონაცემებით, მათ უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე არ აქვთ. ამიტომ, ამ კვლევების ჩატარება ორსულობის პერიოდშიც დაშვებულია, რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით.

რა განსხვავებაა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფისა (MRI) და კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) შორის და როდის რომელია საჭირო?

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (MRI) ძირითადად არის გეგმიური კვლევის მეთოდი და მისი შესაძლებლობები გაცილებით დიდია, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT). თუმცა, ხშირად ეს ორი მეთოდი ინფორმატიულობით ავსებს ერთმანეთს. მრავალფეროვანი და მაღალტექნოლოგიური მაგნიტურ-რეზონანსული რეჟიმების მიუხედავად, კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელია ფილტვის პათოლოგიების დიაგნოსტირების დროს. აღსანიშნავია, რომ, რაც უფრო ახალი და მრავალშრიანია კომპიუტერული ტომოგრაფი, რაც უფრო სწრაფად ხდება გადაღების პროცესი, მით უფრო ნაკლებია დასხივება. „ნიუ-ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის განყოფილება აღჭურვილია კომპანია Toshiba–სა და Siemens-ის ულტრათანამედროვე ტომოგრაფებით. პაციენტების უსაფრთხოება დაცულია უმაღლეს დონეზე.

რამდენად მიზანშეწონილია კორონავირუსით დაავადებულმა პაციენტმა დიაგნოსტირებისთვის ჩაიტაროს კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევა?

ნებისმიერ შემთხვევაში CT-ს საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება უმეტესწილად, სუბფებრილიტეტს ზემოთ 9-10 დღის განმავლობაში, გემოსა და ყნოსვის დისფუნქციები სხვადასხვა ხარისხით, ხველა და სუნთქვის გაძნელება. ზოგ შემთხვევაში ვითარდება ვირუსული პნევმონია, რომლის დიაგნოსტირების ყველაზე ზუსტ მეთოდს წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, ლაბორატორიულ მონაცემებთან კორელაციაში, რა თქმა უნდა.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექიმის დანიშნულების გარეშე კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება სასურველი არ არის. კომპიუტერულ ტომოგრაფიას გააჩნია რადიაციული გამოსხივება და მისი გადაჭარბებული მიღება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ -CT კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციისა და დანიშნულების შემთხვევაში.

როდის არ შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გადაღება?

აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს ორსულობის პერიოდი, იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც საქმე გვაქვს სასიცოცხლო ჩვენებებთან.

რა გვერდითი მოვლენები აქვს გადაღებას?

კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთჯერად სეანსს არანაირი გვერდითი მოვლენა არ გააჩნია. ისევ მინდა აღვნიშნო - რაც უფრო ახალია კომპიუტერული ტომოგრაფი, მით უფრო დაბალია პაციენტის ერთჯერადი დასხივების დოზა. თანამედროვე მონაცემებით, დაუშვებელია ძველი, კალიბრაციის გარეშე არსებული აპარატებით უკონტროლო მუშაობა. აუცილებელ რეალობას წარმოადგენს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი. ასეთ შემთხვევაში პაციენტისთვის და პერსონალისთვის შეიქმნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. მომიყევით ამ პროგრამის შესახებ, რას გულისხმობს ის?

ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება სასურველია ადამიანებისთვის, ვისაც გააჩნია ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი. კერძოდ, აღნიშნული სკრინინგი სასურველია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ რაიმე ტიპის ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა არიან 50+ წლის და აქვთ თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ხელმისაწვდომია ფილტვის კიბოს დაბალ-დოზიანი CT სკანირება. ფილტვის კიბოს, როგორც წესი რაიმე ნიშნები ან სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. ამიტომაც სასურველია სკრინინგის ჩატარება, რათა მოხდეს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

კვლევაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

10%-იანი ფასდაკლება დასრულებულ ბინებზე ორთაჭალაში - „ტერასა ჯგუფის“ 1-თვიანი შეთავაზება დაიწყო

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

თანამედროვე მიდგომა ვირუსული ინფექციების მკურნალობა/პროფილაქტიკისას