გრიგოლ ვაშაძე - საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს ვერდიქტი გამოუტანა

გრიგოლ ვაშაძე - საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს ვერდიქტი გამოუტანა

საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ქმედებებს ვერდიქტი გამოუტანა, - ასეთი შეფასება მისცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის მიღებას.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რეზოლუცია მიღებულია 50 ხმით 17-თან შეფარდებით და რუსეთს კიდევ მოაკლდა 2 ხმა.

"საერთაშორისო საზოგადოებამ ამ რეზოლუციის მიღებით ვერდიქტი გამოუტანა რუსეთის ქმედებებს საქართველოში. რეზოლუცია არის იმ ძალისხმევის შემადგენელი ნაწილი, რითაც ვცდილობთ, ჩვენს დევნილებს არ დავუკარგოთ შესაძლებლობა, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და როდესაც ეს მოხდება დაიბრუნონ თავიანთი ქონება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია არის ანარეკლი ზუსტად ისეთი რეზოლუციის, რომელიც შარშან წარადგინა საქართველომ, თუმცა მაშინ მისი გაზიარება არ მოხდა.

"დღეისთვის მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება აშკარად არის მკვეთრი და ხაზგასმული. საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს ცალსახა პოზიცია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით საქართველოში და ამ პოზიციის დაფიქსირებას დღეს უკვე არავინ აღარ ერიდება",-აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე