ფინეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ თბილისში მყოფმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შტუბმა განაცხადა.
მან გაიხსენა 2008 წლის მოვლენები, როდესაც გორში საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ გამოყავდა ასაკოვანი ხალხი კონფლიქტის ზონიდან ორ სატვირთო ავტომანქანას.
"ამ სანახაობამ დღემდე დატოვა წარუშლელი და ძალიან მძიმე შტაბეჭდილება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ხალხი დავაბრუნოთ საკუთარ სახლებში. გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაც არის სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯი",- განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.
მისივე განმარტებით, კონფლიქტის მოგვარებას აქვს სამი ფაზა: პირველი - დაძაბულობის, მეორე - განმუხტვის, ხოლო მესამე უკვე კონფლიქტის მოგვარების, მესამე გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გრძელი პროცესია.
"ჩვენი წარმომადგენელი გაერო-ში ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს დაეხმაროს კონფლიქტის მოგვარებაში. არსებობს, აგრეთვე, ჟენევის ფორმატი, რომელიც ძალიან მნიშნველოვანი ფორმატია. საქართველომ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური მოდერნიზაცია, რითაც შეძლებს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, გახდეს ევროკავშირის წევრი და ბოლოს, ეს არის ის ფაქტი, რომ საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან აუცილებლად უნდა დასხდნენ", - განაცხადა ალექსანდრ შტუბმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.