გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა. ამის შესახებ გაერო-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.
"გენერალური ასამბლეა მხარს უჭერს დემოგრაფიული ვითარების შეცვლის დაუშვებლობას", _ ნათქვამია გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში.
აგრეთვე, აღნიშნულია კონფლიქტის შედეგად ყველა გადაადგილებულ პირთა ქონებრივი უფლების დაცვის აუცილებლობა; გამოთქმულია მოწოდება, კონფლიქტის რეგიონებში ქონების შეძენის მსურველებმა თავი შეიკავონ გადაადგილებულ პირთა ქონებრივი უფლებების დარღვევისგან.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
გაერო-ს გენერალურ ასმაბლეაზე განიხილეს საკითხი - "გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის სივრცეში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებსა და განვითარებაზე".
საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის სახელწოდებაა - "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობა".