ავტორი:

ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში

ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში

კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ჯერ კიდევ მკაცრი კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს. ე.წ. ლოქდაუნი, რომელიც ბევრ ქვეყანაში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა, ამ დრომდე გრძელდება და უფრო მეტიც, ბევრმა უფრო მეტად გაამკაცრა შეზღუდვები. აღსანიშნავია, რომ შემოღებულ წესებს თან ახლავს საზოგადეობის მხრიდან პროტესტი.

ვნახოთ, როგორია ვითარება ამ დროისთვის ევროპის ქვეყნებში.

  • საფრანგეთი

დეკემბრიდან საფრანგეთში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა, რაც კრძალავდა გადაადგილებას საღამოს 20:00-დან დილის 6:00 საათამდე. 16 იანვრიდან ეს წესი კიდევ უფრო გამკაცრდა და ახლა "კომენდანტის საათი" საღამოს 18:00 საათიდან იწყება - ამ დროს მაღაზიები, ყველა დაწესებულება დაკეტილი უნდა იყოს და ყველა უნდა იყოს სახლში.

ასევე, ყველა ადამიანმა, რომელიც საფრანგეთში ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან შევა, საზღვარზე უნდა წარადგინოს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კოვიდ უარყოფითია, ამასთანავე უნდა გაიაროს 7-დღიანი კარანტინი. ბარები რესტორნები, თეატრები, კინოთეატრები და სამთო-სათხილამურო კურორტები დაკეტილი რჩება. როგორც "ბლუმბერგი" წერს, შესაძლოა, საფრანგეთში კარანტინის წესები კიდევ უფრო გაამკაცრონ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელებითაა გამოწვეული.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა შორისაც, 73 494 პაციენტი გარდაიცვალა.

  • დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში "ლოქდაუნის" წესები კიდევ უფრო გამკაცრდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი, ბრიტანული ვარიანტი გავრცელდა, რომელიც უფრო გადამდებია. ყოველივემ კი ხელისუფლება აიძულა უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა. გამკაცრებული წესები 5 იანვრიდან მოქმედებს. ადამიანებს აქვთ ვალდებულება, რომ იმუშაონ სახლებიდან, სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს, დახურულია ბაღები. სავალდებულოა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის გამოვლენილია 3,6 მილიონი შემთხვევა, რომელთა შორისაც 98 531 პაციენტი გარდაიცვალა.

  • გერმანია

გერმანიამ გაახანგრძლივა დაწესებული შეზღუდვები. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის მკაცრი წესები 16 დეკემბრიდან მოქმედებს. დახურულია მაღაზიები, სალონები, სკოლები, რესტორნები, ბარები, დასასვენებელი ცენტრები. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იან სპენი საზოგადოებას გაგებისკენ მოუწოდებს. როგორც ის აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით შემცირებულია, შეზღუდვები ამ ეტაპზე მაინც აუცილებელია.

გერმანიაში ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე 2,1 მილიონი შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც 53 402 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საბერძნეთი

საბერძნეთი იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა. მაგალითად, გაიხსნა ბაღები და დაწყებითი სკოლები. ქვეყანა კარანტინის რეჟიმში ნოემბრიდან ცხოვრობს და ამ დრომდე მოქმედებს "კომენდანტის საათი" - 22:00 საათიდან 5:00 საათამდე პერიოდში.

"ლოქდაუნმა" შედეგი გამოიღო და ახლა ზოგიერთ შეზღუდვას ხსნიან. მთავრობა ამ ეტაპზე განიხილავს გახსნან თუ არა მაღაზიები და სხვა ბიზნესები. გეგმის მიხედვით, საშუალო სკოლების მოსწავლეები საკლასო ოთახებს პირველი თებერვლიდან დაუბრუნდებიან. საბერძნეთში საერთო ჯამში, ვირუსის 152 412 შემთხვევაა გამოვლინილი, რომელთა შორისაც, 5 671 გარდაიცვალა.

  • იტალია

იტალიაში საშუალო სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთხებს დაუბრუნდნენ, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. მათ შორის, "კომენდანტის საათი" 22:00 საათიდან 5:00 საათამდე პერიოდში. ქვეყნის 20 რეგიონს შორის მოგზაურობა 15 თებერვლამდე აკრძალულია. პირბადის ტარება სავალდებულოა - როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.

რაც შეეხება მოსწავლეებს, ისინი სკოლის შენობებს დაუბრუნდნენ, თუმცა გაკვეთილზე ჯგუფებად იყოფიან ისე, რომ სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლებლობა იყოს. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2,4 მილიონს აჭარბებს. ვირუსით 85 881 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ესპანეთი

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ესპანეთშიც გრძელდება. იქ "კომენდანტის საათი" 2021 წლის მაისამდეა გამოცხადებული. რეგიონულ ლიდერებს აქვთ უფლება, რომ თავად დაადგინონ "კომენდანტის საათის" პერიოდი, ასევე აკრძალონ ადამიანების შეშვება რეგიონულ საზღვრებზე. ექვს წელს გადაცილებული ყველა ადამიანი ესპანეთში ვალდებულია, ეკეთოს პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე სხვა დახურულ საჯარო სივრცეში. პირბადე ესპანეთის ბევრ რეგიონში გარე სივრცეშიც სავალდებულოა.

ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში 2,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და 56 208 პაციენტი გარდაცვლილია.

  • პორტუგალია

15 იანვარს პორტუგალიაში "ლოქდაუნი“ გამოცხადდა და ეს 2020 წლის მაისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა ამ ქვეყანაში მკაცრი წესები შემოიღეს. სავალდებულოა დისტანციურად მუშაობა, დაკეტილია მაღაზიები, კაფეები და რესტორნები. ღია რჩება სკოლები. შეზღუდვები სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა ყოველ ორ კვირაში გადაიხედება.

ამ დროისთვის პორტუგალიაში 643 113 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა შორისაც 10 721 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ნიდერლანდების სამეფო

ნიდერლანდების სამეფოში კარანტინის მკაცრი წესები მოქმედებს, რომელიც მთავრობამ 9 თებერვლამდე გაახანგრძლივა. დახურულია არააუცილებელი ნივთების მაღაზიები, სალონები, სპორტდარბაზები, კინოთეატრები, ასევე სკოლები. ხელისუფლება ურჩევს მოქალაქეებს, რომ 31 მარტამდე არ დაგეგმონ მოგზაურობა. ყოველივეს ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა, დემონსტრანტები სამართალდამცველებმა დაშალეს და ათობით ადამიანი დააკავეს. კორონავირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე ქვეყანაში 952 950 შემთხვევაა აღწერილი და მათ შორის 13 579 პაციენტი გარდაიცვალა.

  • დანია

შეზღუდვები 7 თებერვლამდე გაახანგრძლივეს დანიაშიც. დაკეტილია ყველა სახის მაღაზია, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა. დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები და მოქალაქეების უმეტესობა სახლიდან მუშაობს. საჯარო სივრცეში დაშვებულია მაქსიმუმ 5 ადამიანის შეკრება და პირბადე სავალდებულოა დახურულ სივრცეებში.

დანიაში ვირუსის 195 296 შემთხვევაა აღწერილი, რომელთა შორისაც 2 010 პაციენტი გარდაიცვალა.

  • შვედეთი

შვედეთი დიდი დროის განმავლობაში თავს არიდებდა შეზღუდვების დაწესებას, თუმცა 10 იანვრიდან ამოქმედდა საგანგებო კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს შესაძლებლობას დააწესოს კორონავირუსის გამო შეზღუდვები. აქამდე შვედეთის ხელისუფლება ძირითადად რეკომენდაციებს გასცემდა. ახლა მთავრობას შეეძლება შეზღუდოს ხალხის რაოდენობა მაღაზიებში, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, ასევე წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს დააკისროს ჯარიმა.

შვედეთში "ლოქდაუნი" გამოცხადებული არ არის, თუმცა ზოგიერთ ქალაქში მოქმედებს ისეთი შეზღუდვები როგორებიცაა მაგალითად, ერთ სივრცეში 10 კაცზე მეტის ყოფნა, დისტანციის დაცვა სხვადასხვა დაწესებულებებში გახდა სავალდებულო. შვედეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 547 166 შემთხვევაა გამოვლენილი, ვირუსით 11 005 ადამიანი გარდაიცვალა.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა, მათ შორის 2,1 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 72,3 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინა - Novavax-ის პრეპარატმა 89.3%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ჩინეთში კორონავირუსის გამოსავლენად ანალურ ტესტს აკეთებენ

კოვიდ ვაქცინაცია საქართველოს სამეზობლოში - სად რამდენი ადამიანია აცრილი და რომელ ვაქცინებს იყენებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი