რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია.
ეს განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა სოფელ ოძისში დღევანდელი სტუმრობისას გააკეთა.
"მე გავეცანი ახალგორის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. რაც აქ ხდება, საერთაშორისო სამართლისთვის სრულიად მიუღებელია, ვინაიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება და საქართველოს ტერიტორია გაყოფილია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს ", - აღნიშნა ურმას პაეტმა.
მისივე განცხადებით, მოხარულია იმის გამო, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ საქმიანობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
"ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მისია, რომელიც ამ ტერიტორიებზე საქმიანობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს ინციდენტები. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა ეს მდგომარეობა აღარ იყოს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ უნდა სცნონ ის ცვლილებები, რომელიც აქ რუსეთმა განახორციელა", - განაცხადა პაეტამ. დუშეთის რაიონის სოფელი ოძისი ახალგორთან მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. აქედან ერთ კილომეტრში ახალგარის რაიონის სოფელი ახმაჯი იწყება.