ავტორი:

"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

"გამოიყენა ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური" - როგორ შეძლო ისრაელმა იმაზე მეტი ვაქცინის მობილიზება, ვიდრე სჭირდება?

გასული წლის ბოლოს, ისრაელი გლობალური მწარმოებლებისგან კორონავირუსის ვაქცინის მარაგების უზრუნველსაყოფად ბევრ დიდ ქვეყანასთან გააფთრებულ კონკურენციაში იყო. ახლა ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ უსწრაფეს ვაქცინაციის პროგრამას უდგას სათავეში, იმაზე უფრო მეტი ვაქცინით, ვიდრე რეალურად სჭირდება - იგულისხმება როგორც უკვე ქვეყნის შიგნით არსებული, ისე - ის დოზები, რაც ქვეყანას ჯერ კიდევ უნდა მიეწოდოს.

როგორ შეძლო 9-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანამ, დაეთანხმებინა კომპანიები, რომელთანაც ასობით მილიონი პოტენციური მომხმარებლის მქონე ბაზრები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ჯერ ისრაელის შეკვეთები დაეკმაყოფილებინათ?

ამის პასუხი Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორ ალბერტ ბურლას, ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ჯანდაცვის მინისტრ, იული ედელშტეინს შორის შემდგარ 17 საუბარში მდგომარეობს.

ისრაელის ორმა პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ უსწრაფეს ვაქცინაციას აწარმოებდნენ და პანდემიაზე მისი გავლენის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებდნენ, იმ შემთხვევაში, თუ მარაგი უხვი და უწყვეტი იქნებოდა. Pfizer დათანხმდა. შედეგად, ვაქცინების მიწოდება დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო.

ედელშტეინის თქმით, სხვა შემთხვევაში ისრაელზე არც ერთი კომპანია არ იფიქრებდა, რადგან ისინი ასჯერ დიდი ზომის ბაზრებს ეძებენ.

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე იმ მთავარ მიმართულებებს გამოჰყოფს, სადაც სწორად ლავირების შედეგად ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსისგან დაცვაზე გარანტიები მიიღო.

"ისრაელი არცთუ პატარა ქვეყანაა, იქ 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, საქართველოსთან შედარებით დაახლოებით სამჯერ დიდია. მეორე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისრაელი ძალიან მდიდარი ქვეყანაა და მსოფლიოში ძალიან ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა გავლენები აქვს, ანუ ისრაელს მთლად საქართველოს ვერ შევადარებთ, თუმცა ეს ზოგადად, ძალიან საინტერესო შემთხვევაა. რა გააკეთა ისრაელმა? სახელმწიფომ იმუშავა ძალიან ეფექტიანად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი ყველაზე უსაფრთხო და შედეგიანად წარიმართებოდა და არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ - ეკონომიკასაც დაეხმარებოდა. ამ ორი მთავარი პრინციპით იმოქმედა ისრაელმა და გამოყენებული იქნა აბსოლუტურად ყველა ძირითადი რესურსი - სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური.

ასევე, რომ შეხედოთ კონტრაქტს, რომელიც ისრაელის მთავრობამ და მაგალითად, Pfizer-მა გააფორმეს, ნახავთ, რომ ის უფრო კლინიკური კვლევის კონტრაქტს ჰგავს. ე.ი. როგორ შეძლო ისრაელის მთავრობამ, დაეთანხმებინა Pfizer-ი ასეთი დიდი რაოდენობით დოზებზე და თან, მათ სწრაფ მოწოდებაზე? პირველი ფაქტორი ფასი იყო - ისრაელმა არსებულ ვაქცინებში უფრო ძვირი გადაიხადა; მეორე, გამოიყენა მთლიანად თავისი პოლიტიკური და არაპოლიტიკური რესურსები, რათა ვაქცინა რაც შეიძლება, მალე შემოსულიყო; და მესამე, დააინტერსა უშუალოდ Pfizer-ი, თქვა, რომ მთელ ქვეყანას ვაქცინაციას გაუკეთებს და მთლიან ბაზას ისევ Pfizer-თან გააზიარებს, ანუ რა იქნება ვაქცინაციის შედეგი, თავისი კარგი თუ ცუდი მხარეებით, ამის შესახებ ინფორმაციას სრულად Pfizer-ი ნახავს. რა თქმა უნდა, Pfizer-ისთვის ძალიან საინტერესოა, თუ ერთი ქვეყნის მასშტაბით 9 მილიონ ადამიანზე ინფორმაცია ექნება, რათა ნახოს, როგორ მუშაობს ეს ვაქცინა. სხვანაირად ეს ძალიან რთულია, რადგან კლინიკურ კვლევებში წლები სჭირდება. ამ შემთხვევაში კი პრაქტიკულად, 2-3 თვეა საჭირო - ისრაელში ვაქცინაციის პროგრამა თებერვლის ბოლოს დამთავრდება და პირველ შედეგებს უკვე დავინახავთ. ესაა ძირითადი მიდგომები, რომლითაც ისრაელმა იმოქმედა.

რაც შეეხება ზედმეტ დოზებს, ჯამში ისრაელის მთავრობამ ვაქცინების დაახლოებით 120% შეიძინა, ანუ მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით კიდევ 20%-ით მეტი, იმ მოულოდნელ შემთხვევაში, თუ რამე დააკლდება - ამას ჰქვია კარგი დაგეგმარება, როცა ყიდულობ უფრო მეტს, ვიდრე გჭირდება. შეიძლება, რამე პრობლემა იყოს ტრანსპორტში, ლოჯისტიკაში ან ტექნიკური კუთხით, მაგალითად, შეიძლება, მაცივარი გაფუჭდეს, მოხდეს ავარია კონტეინერის ერთი ქალაქიდან მეორეში გადატანის დროს, ვაქცინა დაგეკარგება და მერე რას შვრები? ყველაფერი გაითვალისწინეს. ეს ის კარგი მაგალითია, თუ როგორ მუშაობს ჯანდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროება და თავდაცვის სამინისტრო - ეს ყველაფერი ერთად იქნა გამოყენებული, დიასპორამაც საკუთარი როლი შეასრულა და რა თქმა უნდა, იყო სწორი პოლიტიკური ხედვა“, - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა მიიღოს მარაგები - მარტის თვისთვის ისრაელში ვაქცინების სამივე მთავარი მწარმოებლის პროდუქტი იქნება.

BioNTech/Pfizer-ის ვაქცინებით სავსე თვითმფრინავები თელ ავივში თითქმის ყოველ კვირა დღეს ეშვება. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები მარაგების ზრდას ცდილობენ, ზოგი კი შეფერხების წინაშეა, ისრაელმა ვაქცინების დოზები პირველ ჯერზე უკვე 2.6 მილიონ მოქალაქეს გაუკეთა, მეორეჯერ - 1.1 მილიონი აცრა გაკეთდა. მათგან უმეტესობა 60 წელზე ხნიერ მოქალაქეებს გაუკეთდათ.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ვაქცინაცია აშშ-ს ტემპზე 10-ჯერ სწრაფად მიმდინარეობს, მიმდინარე კვირაში კი კიდევ მილიონი ახალი ვაქცინა გაკეთდება. "არც ერთ ქვეყანას არ გაუკეთებია ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვახერხებთ", - ხაზი გაუსვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

Moderna-ს ვაქცინების მიწოდება მარტში მოხდება, AstraZeneca-ს ვაქცინის დოზებიც უკვე გზაშია. ამ დროისთვის ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა, წესით, Pfizer-ის ვაქცინით იქნება აცრილი.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ჰოსპიტალიზებულია - რას წერს სომხური მედია

"არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ პრობლემები გამოიწვია" - სად და რატომ შეაჩერეს AstraZeneca-ს გამოყენება და რომელ ქვეყნებში ცრიან ამ ვაქცინით კვლავაც?

როგორი ხმები ისმის მარსზე? - მოუსმინეთ პირველ აუდიოჩანაწერს, რომელიც Perseverance-მა პლანეტიდან გამოგზავნა