დავით ბაქრაძე - რუსეთისა და სეპარატისტების შემდგომი მცდელობები აღიარებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება

დავით ბაქრაძე - რუსეთისა და სეპარატისტების შემდგომი მცდელობები აღიარებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გაერო-ს რეზოლუციას იმის დადასტურებად მიიჩნევს, რომ რუსეთისა და სეპარატისტების მცდელობები აღიარების მოპოვებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება.

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა, რეზოლუცია, ზოგადად, ჰუმანიტარული ხასიათისაა, რადგან დევნილების ქონებრივ და სახლებში დაბრუნების უფლებებს ადასტურებს, თუმცა ჰუმანიტარული ხასითის გარდა, ძლიერ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამართლებრივ ელემენტებსაც შეიცავს.

მისი თქმით, რეზოლუციაში საუბარია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონის საქართველოს შემადგენელი ნაწილია; რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ამას გარდა, ბაქრაძეს მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს წამყვანმა სახელმწიფოებმა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზულ კლიმატს ქმნიან და იმ სახელმწიფოებმაც, რომლებთანაც რუსეთი და სეპარატისტები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მხრივ სერიოზულად მუშაობენ.

"ეს რეზოლუცია არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთისა და სეპარატისტების შემდგომი მცდელობები აღიარებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იქნება. ამ რეზოლუციის მიღება მკაფიო სიგნალია მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან", – განაცხადა ბაქრაძემ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.

რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე