ეუთო-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სერიოზული მხარდაჭერა აქვს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ეუთო-ს გენმდივანთან, მარკ პერინ დე ბრიშამბოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებზე, განსაკუთრებით - კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა გავიდეს საქართველოს საკითხი ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც დეკემბრის დასაწყისში ასტანაში გაიმართება.
ალასანია იმედოვნებს, რომ ამ კონფერენციაზე საქართველოს დეოკუპაციის საკითხს განიხილავენ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაზეც ოპოზიციამ ეუთო-ს გენმდივანთან ისაუბრა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ცნობით, დეტალურად განიხილეს არჩევნების შემდგომი პერიოდი საქართველოში, კერძოდ, თუ რა არის აუცილებელი ქვეყანაში საარჩევნო გარემოს შეცვლისა და დემოკრატიის დამკვიდრებისთვის.
"ჩვენ ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნეთ, რომ ამ პროცესებისთვის აუცილებელია საქართველოში ხელისუფლების ცვლა არჩევნების გზით", - განაცხადა ალასანიამ.