ავტორი:

"დანისლული გონება", კიდურების დაბუჟება, დეპრესია - რა ჩივილებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

"დანისლული გონება", კიდურების დაბუჟება, დეპრესია - რა ჩივილებს ტოვებს კორონავირუსი გამოჯანმრთელებულ პაციენტებში

პოსტკოვიდური გართულებები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება და გახანგრძლივებული კოვიდით გამოწვეული ჩივილების მქონე პაციენტები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ კლინიკებს. უახლესი კვლევების მიხედვით, COVID-19-ის შემდგომ გართულებებს შორის, მნიშვნელოვანი წილი ნევროლოგიურ პრობლემებს უჭირავს.

AMBEBI.GE-ს შეკითხვებს დაავადების შემდგომი გართულებების შესახებ, სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნევროლოგი მარინა ჯანელიძე პასუხობს:

- უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდისშემდგომი გართულება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება, კოვიდი მსუბუქად გადავიტანოთ, მაგრამ მოგვიანებით იჩინოს თავი ბევრად სერიოზულმა გართულებებმა. დაავადების განვითარების მე-12 კვირიდან, შეიძლება ვთქვათ, რომ სახეზეა პოსტკოვიდური ფაზა. ამ პერიოდის ყველაზე ხშირი ნევროლოგიური ჩივილი ყნოსვის და გემოვნების დაკარგვაა.

თავის ტკივილიც შეიძლება მივაკუთვნოთ ნერვოლოგიურ გართულებას. ასევე, ცნობიერების დაბინდვა ე.წ. დანისლული გონების სინდრომი, შხუილის შეგრძნება ყურებში, კიდურების დაბუჟება, უძილობა, ზოგადი დაღლილობის სინდრომი, დეპრესიისთვის დამახასიათებელი ჩივილები და ა.შ.

- რა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მძიმე პოსტკოვიდურ ნევროლოგიურ გართულებად?

- კოვიდთან ასოცირებული ნერვული დაზიანებები საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოვლინებაა არტერიული სანათურისა და ვენური სანათურის დახშობით გამოწვეული ინსულტები, რომლებიც არცთუ იშვიათადაა გავრცელებული, მათ შორის ახალგაზრდა პაციენტებშიც. შეიძლება გამოვლინდეს ტვინის ანთება, მენინგიტი. ასევე ნერვების მრავლობითი ანთება, რომელიც კლინიკურად ადამიანისთვის კიდურების სისუსტეში ვლინდება და წმინდა ნევროლოგიური პათოლოგიაა.

- უახლესი კვლევების მიხედვით, კოვიგადატანილ პაციენტების დიდ ნაწილში გამოვლინდა ე.წ. ტინიტუსი - შხუილის შეგრძნება ყურებში და სმენის უეცარი დაკარგვა. რისგანაა ისინი გამოწვეული და როგორ მკურნალობენ ?

- ყურის ტკივილი, შხუილის შეგრძნება და სმენის უეცარი დაკარგვა კოვიდის ერთ-ერთ სიმპტომად გამოიხატა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ აქტიური შემეცნების პროცესში ვართ. ამიტომ კონკრეტულად საუბარი იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს გართულებები ამ ეტაპზე არ შეგვიძლია. ტინიტუსი სმენის ნერვის დაზიანების შედეგია და რომ ვთქვათ, რაიმე წამალი არსებობს, რომელიც ამ ჩივილს მოხსნის, არ იქნება სწორი. აქაც დროს უნდა დაველოდოთ და გაივლის.

- რაც შეეხება გემოვნებისა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვას, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს უსიამოვნო სიმპტომები და რამდენად ჭრის მედიკამენტური მკურნალობა?

- არის ჩივილები, რომლებსაც სპეციალისტების რჩევით მედიკამენტურად ვუმკურნალებთ, მაგრამ არსებობს ისეთი ჩივილებიც, რომელთა მედიკამენტური მკურნალობა არ ხერხდება და უნდა დაველოდოთ გარკვეული პერიოდის გასვლას. სწორედ ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება.

ცხვირ-ხახა ამოფენილია ნეიროეპითელიუმით, რაც ტვინში შესასვლელ კარს წარმოადგენს. სწორედ ამ გზით მიდის ყნოსვის ინფორმაცია თავის ტვინში. მას შემდეგ რაც ვირუსი ცხვირ-ხახაში შეიჭრება, აზიანებს შესაბამის ნერვებს და იწყება ეს უსიამოვნო სიმპტომი. კონკრეტული დრო, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს იგი, არ არსებობს. ზოგჯერ თვეები გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე დღე.

- რას გვეტყვით, ე.წ. დანისლულ გონებაზე, რამდენად ხშირად უვითარდებათ ეს სინდრომი პოსტკოვიდურ ფაზაში და რაში გამოიხატება იგი?

- ე.წ. დანისლული გონების სინდრომი საკმაოდ გავრცელებულია და ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნებაა. ამ დროს ადამიანს შენელებული აქვს აზროვნების ტემპი, ისე სხარტად ვერ აზროვნებს როგორც ადრე და თითქოს დანისლული აქვს გონება. საგნებზე ვერ კონცენტრირდები, თითქოს ორ საკითხს ვერ უკავშირებს ერთმანეთს და აზრი ვერ გამოაქვს. ერთი სიტყვით, ადამიანი ის არ არის კოგნიტურად, რაც იყო.

მკურნალობას რაც შეეხება, ამ სიმპტომის წინააღმდეგ სპეციალური მედიკამენტი არ არსებობს. მისი მკურნალიც ჯერჯერობით დროა.

- ხშირად უჩივიან შფოთვას, უძილობას და დეპრესიის სხვა სიმპტომებს. როგორ უნდა ვებრძოლოთ მათ?

- გარდა ჩამოთვლილი გართულებებისა, კიდევ ერთი თვალსაჩინო ჩივილია ზოგადი დაღლილობა, რომელიც გახანგრძლივებულია და მკვეთრად არის გამოხატული. პაციენტები ამბობენ, რომ არიან დაღლილები და სულ ეძინებათ. ამასთან უჩივიან მეხსიერების დაქვეითებასაც. ყველა ამ პრობლემის წინააღმდეგ კარგი საშუალებაა ე.წ. ძილის ჰიგიენა და ზოგადად ჯანსაღი გარემოს შექმნა ჩვენ ირგვლივ.

საჭიროა, ვისეირნოთ სუფთა ჰაერზე დღის განმავლობაში რამდენიმე საათი მაინც. ვეცადოთ განიავებულ ოთახში დავიძინოთ, მოვუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას და ვკონცენტრირდეთ პოზიტიურ ამბებზე და შეგრძნებებზე. ბუნებასთან კონტაქტი და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა საუკეთესო თერაპიაა. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

თუ ამან არ გაჭრა, შემდეგ შეგვიძლია მივმართოთ ექიმს და მივიღოთ მსუბუქი მედიკამენტები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნეგატიური ინფორმაციებისგან თავის დაცვა. ისედაც სტრესულია გარემო და კიდევ უარყოფით ინფორმაციებზე მიჯაჭვა, ძალიან დიდ ზიანს მოიტანს. ვეცადოთ დღის განმავლობაში ერთხელ გავეცნოთ ინფორმაციას და მუდმივად არ ვიყოთ ნეგატიური სიხლეების საქმის კურსში. ეს ზოგადადაც ასე უნდა იყოს და არ არის მხოლოდ კოვიდურ და პოსტკოვიდურ გართულებებთან დაკავშირებული რეკომენდაცია - ნებისმიერი დაავადების დროს, ზედმეტი ნერვიულობა და შფოთვა დაავადების გამწვავების წინაპირობაა.

კორონავირუსის 2 171 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი გაკეთდა გასულ 24 საათში

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კორონავირუსის საწინააღმდეგო "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

ჩემპიონთა ლიგისთვის ჩასული გიორგი შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს, მან ღამე აეროპორტში გაათენა - "ამ სკამზე ეძინა..."