ავტორი:

"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

"კომენდანტის საათი, ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება - არ მგონია, რომ აპრილშიც გაგრძელდეს" - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, „კომენდანტის საათი“ რეგულაციებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსნება. ამის შესახებ იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათი აპრილში, სავარაუდოდ, აღარ იქნება.

„კომენდანტის საათის მოხსნაზე, ალბათ ყველაზე ბოლოს მოიხსნება. მე, მაგალითად, ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრების ნახვა, თქვენ არ მოგენატრათ?! წელიწადი გავიდა, ჩემს მეგობრებთან ერთად საღამოს არ ვყოფილვარ... მეზობლებში, რომ გადახვალთ ერთი კლასტერი ჩამოყალიბდება, ანუ გავრცელება გეოგრაფიულად ერთ პატარა არეალში და რომ დაჯდები, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წახვალ: მეგობართან, ნათესავთან ჩაუჯდები იქ და იქიდან წამოხვალთ და აი, ნახეთ?! ინფექცია გავრცელდება გაცილებით დიდ გეოგრაფიულ არეალში. ქართველები არა ვართ?! არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში და არ ვიცით ჩვენი ცხოვრების წესი?! დავაკვირდებით სიტუაციას არა მგონია, რომ „კომენდანტის საათი“ აპრილშიც გაგრძელდეს. ყველაფერი დამოკიდებულია, როგორი სიტუაცია იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა და ახლა მთავარია მოსახლეობა ხიბლში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ ამავდროულად დანის წვერზეა გავლა საჭირო.

მანვე აღნიშნა, ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ ცნობილი გახდება რაღაცების უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს ამ დროისთვისაა დაგეგმილი.

„წინა კვირის მონაცემებს, თუ შევაჯამებთ სიტუაცია საკმაოდ დასტაბილურდა, მოიკლო შემთხვევებმა, დაახლოებით 4%-ზე ცოტა მეტია დადებითობის მაჩვენებელი. სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებში იქნება. ახლა სიტუაცია ნამდვილად სტაბილურობისკენ მიდის. ახლა მთავარია, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ და დღეს მოგეხსენებათ, ბიზნესებიც გაიხსნა, სწავლაც დაიწყო, ბათუმსა და აჭარაში სარესტორნო ბიზნესიც გაიხსნა, აქ მთავარი იცით რა არის?! არ დაგვემართოს იმავე, რაც დაგვემართა აგვისტოსა და სექტემბერში. ამ დაავადებას ძალიან ცოტა დროს სჭირდება, სადღაც ერთი თვე სჭირდება, რომ შემთხვევების რიცხვი გაოთხმაგდეს. რა თქმა უნდა, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა აღდგეს, მაგრამ დანის წვერზე უნდა გავიაროთ. იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ქვეყანა მთლიანად ამუშავდეს და მეორე მხრივ, არ დაგვემართოს, რაც ნოემბერში დაგვემართა.

მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი რამე გაიხსნა ქვეყანაში ერთი კვირა დავაკვირდებით როგორი იქნება ეს მონაცემები და ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, შეიძლება თუ არა რაღაცების გადმოტანა და უფრო ადრე გახსნა, ვიდრე ეს დაგეგმილია“, - განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ასევე ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელია, მაგრამ ზოგი პროტესტის გაღვივებას ხელს უწყობს.

„ეკონომიკური სიტუაცია, მართლა ისეთია, რომ ზოგი ადამიანების უმრავლესობა აქციაზე გულწრფელია. დანარჩენი, ზოგი ცოტა ხელსაც შეუწყობს ამ პროტესტის გაღვივებას. ფაქტი ერთია, ნოემბერში პროტესტმა ძალიან მოიკლო. დეკემბრის დასაწყისში არ მახსოვს, ვინმეს ეთქვა, ახლა ყველაფერი გახსენითო, როცა ყოველდღე ჩვენი 50-მდე თანამოქალაქე კვდებოდა“, - განაცხადა იმნაძემ.

"ნინის ოცნებაა, კვლავ ესმოდეს სამყაროს ხმები..." - 9 წლის გოგონას დედა შვილისთვის სმენის აპარატის შესაძენად დახმარებას ითხოვს

"ბავშვებში გაჩნდა სიმსუქნე, აგრესიულობა, უძილობა და საგნის ათვისების პრობლემა" - თემურ მიქელაძე დისტანციური სწავლების სირთულეებზე

ცოფის შემთხვევების გამო,  ქობულეთის სოფელში კარანტინია - საშიშია თუ არა ადამიანისთვის ინფიცირებული პირუტყვი