რუსეთმა დიდი ბრძოლა გამოაცხადა, რათა გაეროს წევრ ქვეყნებს მიღებული რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირათ, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დევნილების დაბრუნების თაობაზე გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
”მართლაც ძალიან დიდი დიპლომატიური ბრძოლა გამართა რუსეთმა, იმ დონეზე, რომ პუტინმა მედვედევს ორ-ორჯერ დაარეკინა რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერთან. ეს მარტო მე რაც ვიცი და კიდევ ალბათ ბევრი არ ვიცი. მიდიოდა ხელების ამოგრეხვა, მიდიოდა პირდაპირი შანტაჟი სხვადასხვა ქვეყნების მიმართ, მოსყიდვის მცდელობაც იყო სხვადასხვა მექანიზმებით. შედეგი სახეზეა - რუსეთს მხარი რამდენიმე ქვეყანამ დაუჭირა და საქართველომ შეიძინა რამდენიმე ახალი მხარდამჭერი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მოკავშირეები, რომლებიც საქართველომ შეიძინა. "მაგრამ რეალურად ეს არის სიკეთისა და ბოროტების ბრძოლა. დააკვირდით რას ეწინააღმდეგება რუსეთი - რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები უნდა დაბრუნდნენ იმ სახლებში, სადაც დაიბადნენ, დაიბრუნონ ის ქონება, სახლები, საკარმიდამოები, ბაღები, სადაც გაიზარდნენ. შვილები გაუშვან იმ სკოლებში, სადაც ისინი დადიოდნენ. ერთი სიტყვით, ადამიანებმა აღიდგინონ თავიანთი უმთავრესი უფლება საკუთარი წარმოშობის ადგილზე, საკუთარ სამშობლოზე, სოფელზე, ქალაქზე, ტერიტორიაზე... და სწორედ ამაზეა რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წინააღმდეგი. ის არის მთლიანად ბოროტების მხარეს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ბედნიერება ისაა, რომ ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ამ საკითხში მხარს საქართველოს უჭერს. "საქართველო ბრძოლას გააგრძელებს დიპლომატიური გზით და საბოლოო გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევს და დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ტეროტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველა გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლება აღიარა.
რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს კონფლიქტების შედეგად დემოგრაფიული სურათის ძალადობრივი შეცვლის გამო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 17, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.