ავტორი:

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ამერიკულმა გამოცემამ "ფორბსმა" («Forbes») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "ახალი სამხედრო დრონები, როგორც იარაღის გავრცელების ახალი შესაძლებლობა“, რომელშიც ქართული დრონების (უპილოტო საფრენი აპარატების) წარმოების თემაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"პატარა საქართველომ ეს-ეს არის გამოაცხადა ადგილობრივი სადაზვერვო-დამკვრელი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) შექმნის შესახებ, სახელწოდებით: "პროექტი T-31“, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ახალ განზომილებას მატებს. ეს ფაქტი საქართველოში დრონების შექმნის საკმაოდ დიდი ხნის ისტორიის ნაწილს წარმოადგენს და ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ იწყებენ საკუთარ უპილოტო საფრენი აპარატების აგებას პატარა ქვეყნებიც კი.

თითქმის ოთხმილიონიანი საქართველო სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება: ქვეყანა ესაზღვრება მასზე უფრო დიდ სახელმწიფოებს - რუსეთს და თურქეთს, აგრეთვე სომხეთს და აზერბაიჯანს, რომელთა შორის არსებული კონფლიქტი გასულ წელს სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. საომარი მოქმედებები იმით დასრულდა, რომ აზერბაიჯანმა სადაო ტერიტორია დაიკავა, თუმცა არაა გამორიცხული სიტუაციის გართულებების შემდგომი რაუნდები.

საქართველოში ეროვნული უმცირესობების - სომხებისა და აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს და, შესაბამისად, მათ შორის კონფლიქტის რისკი აშკარად არსებობს. სხვათა შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს საქართველო სამშვიდობო მოლაპარაკების წინადადებით გამოვიდა, მაგრამ მისი ინიციატივა ორივე მხარემ უარყო. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ თბილისმა გადადგა ნაბიჯები თავისი შეიარაღებული ძალების უკეთ მომზადებისა და აღჭურვის მიზნით. დრონებით სარგებლობის შედეგი სახეზეა: თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ("Bayraktar TB2“) სომხეთის ჯარები გააცამტვერეს.

"მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომმა, როგორც ჩანს, ქართველ სამხედროებზე ძლიერი გავლენა მოახდინა - მათ დაინახეს, თუ რა შეუძლია უპილოტო საფრენი აპარატების ფართოდ გამოყენებას“, - ამბობს "ფორბსთან" საუბარში ექსპერტი სამუელ ბენდეტი.

სამუელ ბენდეტი

ოთხი რაკეტით აღჭურვილი "T-31“ 800 ფუნტს იწონის და საკმაოდ ჰგავს MQ-1 Predator-ს - ადრეული წარმოების ამერიკულ დრონს: მას შეუძლია დიდხანს იყოს ჰაერში, დაზვეროს და გაანადგუროს ყოველი ის ობიექტი, რომელზეც დამიზნებული იქნება.

საქართველოს დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თავისი ისტორია აქვს: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ერთ-ერთი პირველი კონფლიქტი იყო, როცა ორივე მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით ისარგებლა, მაგრამ საქართველოს პრობლემა შეექმნა ისრაელის მიერ მიწოდებული დრონების გამოყენებისას "იმ დრონების მართვის კოდები, რომლებიც ჩვენ ისრაელისაგან შევიძინეთ, რაღაც საეჭვო გარემოებების წყალობით ხელში ჩვენს მოწინააღმდეგეს ჩაუვარდა. შესაბამისად, ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს“, - განაცხადა 2012 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ის, თუ რამდენი დრონი ჩამოუგდო რუსეთმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში (სამიდან შვიდამდე), ჯერჯერობით საკამათოა და ბოლომდე არ არის დაზუსტებული.

2012 წელს მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა ახალი (ალბათ, ადგილობრივი წარმოების) დრონის გამოცდას და როგორც იგი ამტკიცებდა, ზოგიერთი მონაცემით, ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ისრაელის მოდელზე უკეთესი იყო: "ჩვენ სხვებზე დამოკიდებულნი აღარ ვართ“, - აცხადებდა ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი.

მაგრამ საქმეში ჩახედულმა ანალიტიკოსებმა შეამჩნიეს, რომ ქართული დრონი საოცრად ჰგავდა ესტონურ მოდელს - მას ზოგიერთ ადგილზე ესტონეთის არმიის უნიკალური ემბლემა ჰქონდა, ანუ "ქართული“ უპილოტო თვითმფრინავი ესტონური კომპანიის მიერ დამზადებული მოდელის ლიცენზიური ასლი აღმოჩნდა.

2015 წელს საქართველომ კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოების დრონის პრეზენტაცია დააანონსა - ვერტმფრენი მეტსახელად "შავი ქვრივი“. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე დემონტრირებული იქნა საჰაერო ხომალდის მაკეტი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, სახელმწიფო სამხედრო-ტექნიკური ცენტრის "დელლტას“ მიერ იყო შექმნილი - რვა რაკეტით და ორი მინი-ქვემეხით შეიარაღებული. მაგრამ ასეთი ამბიციური პროექტისაგან, როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა: "დელტა“ ამჟამად დრონების შექმნით აღარაა დაკავებული.

2020 წლის სექტემბერში საქართველომ ესპანური კომპანია Alpha Unmanned Systems-ისაგან სამხედრო დრონების პარტია შეისყიდა, თუმცა აქაც შეიძლება პრობლემა გაჩნდეს: ისრაელმა რუსეთს ერთ-ერთი თავისი კუთვნილი დრონი "Alpha 800“ გადასცა, რაზედაც მას ესპანეთის მთავრობამ განმარტება მოსთხოვა. რუსებმა შესაძლოა ვერანაირი სასარგებლო ინფორმაცია ვერ მოიპოვეს, ან მათ უკვე აქვთ იმაზე წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლება საქართველოს შენაძენის ბლოკირება და მწყობრიდან გამოყვანა.

უცხოური წარმოების დრონებით სარგებლობა ხშირად პრობლემატურია. უნდა ითქვას, რომ პენტაგონმა აკრძალა ჩინური წარმოების დრონების - DJI-ების შეძენა, რომლებიც, მართალია, ძალზე მოხერხებულნი არიან, მაგრამ საფრთხეს უქმნიან აშშ-ის უშიშროებას. შესაბამისად, აშშ ხელს უწყობს საკუთარი წარმოების განვითარებას. ცხადია, ეს ადვილი არ არის, რადგან ჩინეთს მცირე კვადროკოპტერების ბაზარზე სრული დომინირება აქვს.

ამ ფონზე ქართული "პროექტი Т-31“ ქვეყნის თავდაცვისათვის ძალიან აქტუალურია და მისი რეალიზება ბევრ სარგებლობას მოუტანს საქართველოს. "ამ ადგილობრივი წარმოების პროდუქტს შეუძლია ეროვნული "ნოუ-ჰაუს“ კონსოლიდირება მოახდინოს“, - ამბობს სამუელ ბენდეტი, - მხედველობაშია მისაღები საექსპორტო პოტენციალიც: საქართველოს ნამდვილად აქვს თანამედროვე თვითმფრინავებისა და ჯავშანმანქანების წარმოების გამოცდილება, ქართული სამხედრო ტექნიკა ექსპორტშიც იგზავნება“.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდნენ და დღეს, შეიძლება ითქვას, "უკანა ეზოს“ ქვეყნების ინჟინრებსაც კი შეუძლიათ ერთი შეხედვით უხეში, მაგრამ ეფექტიანი დრონების დამზადება - მაგალითად, იმის მსგავსი, რითაც სირია სარგებლობს. რასაკვირველია, ისეთ კომპანიას, როგორიც თბილისის საავიაციო საწარმოა, შეუძლია უფრო რთული და თანამედროვე დრონის შექმნა, Т-31-ის სახით.

"ბოლო დროს შეიარაღებასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები და კვლევები სწრაფად ვითარდება წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების მიღმაც, მცირე ქვეყნებშიც. ასე რომ, საქართველოს მართლაც შეუძლია ჰქონდეს პოტენციალი ამ მასშტაბის პროექტის განსახორციელებლად“, - ამბობს სემუელ ბენდეტი, - ასე რომ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ სხვადასხვა კლასის უპილოტო საფრენი აპარატების შექმნა ჩვეულებრივი მოვლენა გახდება“.

თუ საქართველო დამკვრელი სამხედრო დრონის შექმნას მოახერხებს, მაშინ ამას შეძლებენ სხვებიც - სხვათა შორის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკუთარ უპილოტო თვითმფრინავების დამზადება უკვე დაიწყეს. ამრიგად, აშკარად ჩანს, როგორ სწრაფად ვრცელდება ამგვარი იარაღი. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ შეიცვლება ამით ომის მსვლელობა. წყარო

"მაქსიმუმ ორ კვირაში ავაფრენთ პირველ სუ-25-ს" - ჯუანშერ ბურჭულაძე

რა ახალი იარაღი შეიძინა თავდაცვის სამინისტრომ ქართული არმიისთვის?

საბჭოთა კონტრდაზვერვის ყველაზე დიდი მარცხი: ვინ იყო აშშ-ის საიდუმლო აგენტი, რომელიც კრემლში, ბრეჟნევის გვერდით, წლების განმავლობაში იმყოფებოდა