ავტორი:

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

"საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ" - რა რეკომენდაციას აძლევენ მშობლებს ექიმები

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში განათლების პროცესი ისევ არ ჩაიშალოს და ეპიდვითარება არ გაუარესდეს.

„რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სპორტის გაკვეთილი, ყველა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს და ძველ სიტუაციას არ დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩემთვის სკოლის სივრცეში პირბადის არტარება მიუღებელია. როგორც სპეციალისტს და ექიმს სწორად მიმაჩნია, რომ საკლასო ოთახში ბავშვებს უნდა ვთხოვოთ პირბადის გაკეთება მშობლებმაც და პედაგოგებმაც, ყველამ ერთად. ბავშვების უმრავლესობა მას აუცილებლად გაიკეთებს.

თუ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ აღსრულების მექანიზმი არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება. ეს ინფექცია, როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება, თუ მიუშვებ და კონტროლს მოადუნებ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ექიმ ვახტანგ კალოიანის განცხადებით კი, ბავშვებისთვის პირბადის ტარება აბსოლუტურად უსაფრთხოა, რის შესაბამისადაც, ის მშობლებს ურჩევს, მათ საკლასო ოთახებში პირბადის გამოყენების უფლება თავისუფლად მისცენ. მისი თქმით, საკლასო ოთახში პირბადის ტარება აუცილებელია, რადგან ეს უსაფრთხოების მინიმალური ზომაა.

„რაც შეეხება შესვენების პერიოდს, თავისუფლად შეიძლება ამ პირბადის მოხსნა გარე სივრცეში, სკოლის სტადიონებზე, ბაღში და ეს იქნება გარკვეული შეღავათი. არანაირი განსაკუთრებული საფრთხის შემცველი, თუ პირბადეს სწორად ვიყენებთ, ვცვლით პერიოდულად, არ არის ბავშვებისთვის და მათი განვითარებისთვის. ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე ექიმი და თუ მას აქვს პრობლემები ფილტვებთან დაკავშირებით, სუნთქვის ორგანოებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირბადის გაკეთება ან მოხსნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. მაგრამ თუ ბავშვი ჯანმრთელია და არანაირი თანმხლები პრობლემა არ აქვს, პირბადე აბსოლუტურად უსაფრთხოა“, - განაცხადა კალოიანმა.

ამასთან, კალოიანის თქმით, პანდემიის პერიოდში ბავშვებში პრობლემებმა იჩინა თავი, მათ შორის გამოიკვეთა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური პრობლემები.

„რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ყოფნა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს და ძალიან ბევრი კვლევა მოდის ამასთან დაკავშირებით. რჩევები ყოფით დონეზე არის, რაც შეიძლება ხშირად, სადაც კი ამის საშუალება გვაქვს, ბავშვები გავიყვანოთ გარეთ, რისკების დაცვით. ასევე, ვაიძულოთ ხელისუფლება, გახსნას არა სარესტორნო ბიზნესი, რაც სარიკოსოა, არამედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სასწავლო დაწესებულებები, რომლის დაკეტვასაც დიდი ეპიდემიოლოგიური ღირებულება არ აქვს, თუ შესაბამისი კონტროლი მიდის იქ. მშობლებისთვის რეკომენდაციაა, რომ ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გარეთ აქტიურ მდგომარეობაში, ფიზიკური დისტანცირების პირობებში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რამაც შეიძლება ეს მძიმე ვითარება და წონის პრობლემა აგვაცილოს თავიდან. სანამ ბოლომდე არ აღდგება სოციალური ცხოვრება, სანამ არ გვექნება ბავშვების თეატრებში, კინოში, პარკებში, გასართობ ცენტრებში წაყვანის საშუალება, სამწუხაროდ, არ არსებობს იდეალური რეკომენდაცია და ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს. იქნება 15 წუთი, ნახევარი საათი თუ მეტი, ბავშვები მაქსიმალურად გვყავდეს გარეთ და მივცეთ მათ ფიზიკური დატვირთვის საშუალება, რათა მოწყდნენ ეკრანს, მოწყდნენ ერთფეროვან გარემოს და დახარჯონ ფიზიკური ენერგია, რაც მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.

"ფაიზერის" ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, "ასტრაზენეკას" ვაქცინა - 16 წლის ზემოთ" - გაბუნია

სკოლაში მე-5-12 კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

დაშვებულია თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ბავშვებისა და მოზარდებისთვის?