ავტორი:

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

"ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს" - რა წერილი გამოუგზავნეს ევროპარლამენტარებმა არჩილ თალაკვაძეს თეა წულუკიანთან დაკავშირებით

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილს უგზავნიან.

წერილში ევროპარლამენტარები უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ "ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა პარლამენტის დაწესებულების კედლებში".

გარდა ამისა, ევროპარლამენტარები გაკვირვებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასების გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს თეა წულუკიანმა „ახსნა-განმარტება მოსთხოვა“.

წერილში ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჰარცელის მიერ გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“ და „გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით საქართველოც ისწრაფის“.

წერილს, რომელსაც ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ვონ კრამონის ოფისი ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ:

"პატივცემულო ბატონო თალაკვაძე,

გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული წევრები ბრუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ.

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისით გამოწვეული საშიშროების შესამსუბუქებლად, თქვენივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები მუდმივად მოვუწოდებდით თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს დაეკავებინათ თავიანთი მანდატები და ამავე დროს მოველოდით, რომ მხარეებისგან ადგილი აღარ ექნებოდა პოლიტიკურ თავდამსხმებს და დამაპირისპირებელ განცხადებებს.

ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.

ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ "მის პირად აზრს", არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით თვენი ქვეყანაც ისწრაფის.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური მხრის მიერ კეთილსინდისიერი მოქმედება და ენერგიული ძალისხმევის ხელახლა გამოჩენა, რათა მოხდეს პოლიტიკური გამოსავლის მოძებნა. ამ პროცესში ადგილი არ უნდა ჰქონდეს დამაპირისპირებელ განცხადებებს, პირად შეტევებს და შევიწროებისკენ წაქეზებას. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი, რათა უზრუნველყოფილ იქნას კონსტრუქციული დებატები და საკანონმდებლო პროცესის ეფექტური ზედამხედველობა.

ვიმედოვნებთ, რომ მალე ვიხილავთ გამჭვირვალე და პლურალისტულ პარლამენტს, სწორედ ისეთს, როგორსაც ქართველი ამომრჩეველი მოელოდა.

პატივისცემით,

საქართველოს მეგობრები, ევროპარლამენტის წევრები“, - ნათქვამია არჩილ თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"გახარია სისტემაში აღმოჩნდა ასე: მამამისმა მომიტანა CV, გავესაუბრე და გავაცანი ივანიშვილს..." - რას იხსენებს გია ხუხაშვილი?

პარლამენტმა მეორე მოსმენით 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მიიღო