ავტორი:

კორონავირუსის პანდემია: ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად

კორონავირუსის პანდემია: ხუთი მიზეზი, რატომ უნდა ვიყოთ იმედიანად

გასული თვეები კორონავირუსის პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის უმძიმესი იყო. პანდემიის მეორე ტალღა ჩვენმა ქვეყანამ საკმაოდ რთულად გადაიტანა, თუმცა ახლა უკვე არსებობს იმედი, რომ მალე ყველაფერი დალაგდება და ეტაპობრივად ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

ვნახოთ ხუთი მთავარი რამ, რაც იმედის საფუძველს გვაძლევს:

  • პიკმა უკვე გადაიარა

წარსულში დარჩა ის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსით 4 ათასზე მეტი ინფიცირებული ვლინდებოდა. დაწესებულმა შეზღუდვებმა "ლოქდაუნმა“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებლის გაზრდამ შედეგი გამოიღო და ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ახლა საშუალოდ დღეში 400-დან 500-მდე ახალი შემთხვევა გვაქვს და როგორც ამბობენ, მეორე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა. მოიხსნა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვებისა.

თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი მაინც რჩება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება - "უნდა დავუკვირდეთ შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება. ჩვენ საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდ-აფეთქებას" - ამბობს გამყრელიძე.

  • ვაქცინები უკვე გზაშია

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. უკვე შექმნილია რამდენიმე წარმატებული ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. მართალია, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ვაქცინაცია არ დაწყებულა, თუმცა როგორც ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, თებერვლის შუა რიცხვებისთვის საქართველოს უკვე ექნება Pfizer-ის 29 500 დოზა ვაქცინა და პირველ ეტაპზე აცრა ჩაუტარდებათ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. მარტში კი უკვე AstraZeneca-ს ვაქცინას შემოიტანენ.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე. ისრაელში კი უკვე შექმნეს კოვიდის საწინააღმდეგო წამალი და აცხადებენ, რომ კვლევის პირველ ეტაპის შემდეგ შესაძლებელია იმის თქმა, რომ პრეპარატის შექმნა პანდემიის დასამარცხებლად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. კვლევის პირველ ეტაპზე მკურნალობა ჩაუტარდა 30 პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც იყო საშუალო სიმძიმის, ან რთული, 30-ვე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 29-ის გამოჯანმრთელებას დასჭირდა 3-დან 5 დღემდე პერიოდი. კიდევ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებას დამატებით რამდენიმე დღე, თუმცა ისიც გამოჯანმრთელდა.

  • უკვე ცნობილია, რომ ვაქცინაცია ვირუსის გადადების რისკს ამცირებს

გარდა იმისა, რომ ვაქცინა აცრილ ადამიანს დაინფიცირებისგან იცავს, იმ გამონაკლისი შემთხვევისთვის, თუ აცრილი პირი მაინც დაინფიცირდება, ნაკლებია რისკი, რომ ის გადამდები იქნება. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აცრილი და ინფიცირებული ადამიანისგან ვირუსის გავრცელების შანსი მცირდება. აღნიშნული გამოვლინდა Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევის შედეგად.

ბრიტანელი მკვლევარი, იმუნოლოგი, პროფესორი ელენ ფლეჩერი ამბობს, რომ ყოველივეს დასაზუსტებლად ჯერ კიდევ არის შესაბამისი კვლევები ჩასატარებელი, თუმცა წინასწარი მონაცემები იმედის მომცემია. "ეს არის მართლაც შესანიშნავი სიახლე, მაგრამ კიდევ გვჭირდება კვლევების ჩატარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შემდეგ კვლავ შევინარჩუნოთ სოციალური დისტანცია და ვატაროთ პირბადე", - ამბობს ბრიტანელი მკვლევარი, დაგ ბრაუნი.

  • მას, ვინც ვირუსს გადაიტანს, დიდხანს უნარჩუნდება ანტისხეულები

კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ახალი კვლევების თანახმად, ვირუსგადატანილ ადამიანებს კოვიდ-19-ისადმი იმუნიტეტი ხანგრძლივად უნარჩუნდება. კვლევა დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ ვირუსგადატანილი ადამიანების 88%-ს ანტისხეულები ორგანიზმში ექვსი თვის შემდეგაც კი უნარჩუნდება. კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაომი ალენმა განაცხადა, რომ ეს "შესანიშნავი ამბავია", - ვინაიდან საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკვე გადატანილი აქვს აღნიშნული ვირუსი და უკვე შესაძლებელია საუბარი ბუნებრივ იმუნიტეტზეც.

  • კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსის აქამდე გამოვლენილი მუტაციების დამარცხება არსებული ვაქცინებით შესაძლებელია

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, არსებობს ე.წ. ბრიტანული შტამი, ბრაზილიური შტამი, აფრიკული შტამი. ყოველივემ მედიკოსები დააეჭვა, რომ შესაძლოა ვაქცინები არ ყოფილიყო ეფექტიანი მათ წინააღმდეგ, თუმცა საბედნიეროდ, კვლევებმა ცხადყო, რომ ვაქცინები არსებული მუტირებული ვარიანტების მიმართ ეფექტიანია - ზოგი უფრო მეტად და ზოგი უფრო ნაკლებად. ამ დროისთვის არსებული ვაქცინები ყველაზე ნაკლებ ეფექტიანობას აფრიკული ვარიანტისადმი ავლენენ, თუმცა გარკვეულ დაცვას მაინც უზრუნველყოფენ, რაც ნამდვილად კარგი ამბავია.

ინფორმაციისთვის, გლობალური მასშტაბით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე 106,7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 78,4 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 128.7 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 40.5 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 31.2 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 16.5 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 4.6 მილიონ ადამიანს უტარდება.

ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 5.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 59.9%-ს შეადგენს. ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ინდოეთსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

"ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს გაფრთხილება მიეცა" - კალაძე

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?