ავტორი:

"ვიდეო არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობა ითხოვა..." - როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის რიტუალი და რა დატვირთვა აქვს მას ქრისტიანისთვის

"ვიდეო არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობა ითხოვა..." - როგორ უნდა შესრულდეს ნათლობის რიტუალი და რა დატვირთვა აქვს მას ქრისტიანისთვის

ბოლო დღეებია, მსოფლიო მედიის განსჯის საგანია რუმინეთში ჩატარებული ნათლობის რიტუალი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა - რიტუალიდან რამდენიმე საათში ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში, სადაც აღმოჩნდა, რომ მას გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჰქონდა გათიშული. მომხდარმა რუმინელებში საპროტესტო ტალღა გააჩინა. მღვდელს უკვე შეუჩერდა მსახურების უფლება და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ამ მოვლენების პარალელურად, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დეკანოზი დავით მექვაბიშვილი 10 წლამდე ასაკის გოგონას ნათლავს - სასულიერო პირი მთელი ძალით აწვება გოგონას და ემბაზში თავს აყოფინებს, როცა ბავშვი ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს. კადრებმა ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

სასულიერო პირმა განმარტება ზაფხულში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით პირად "ფეისბუქზე" გააკეთა: "თავის მართლებას არ დავიწყებ არავისთან, სადაც შენდობა სათქმელია: ყოველთვის, ყველგან და ყველას ვთხოვ შენდობას! უბრალოდ მინდოდა, რომ ბავშვზე სამი პეშვი წყალი არ დამესხა თავზე, და მშობლების და ნათლიების მოთხოვნით! გადავწყვიტე სრული შთაფლვით (რაც ყველაზე გამართლებული ტრადიციაა ეკლესიაში) მომენათლა მხევალი ღვთისა ნინო" - დაწერა დეკანოზმა.

რა დატვირთვა აქვს ნათლობას ქრისტიანისთვის და რამდენად მიზანშეწონილია მცირეწლოვანის მონათვლა წყალში სრული შთაფვლით? - ამ საკითხებზე AMBEBI.GE დეკანოზ ლევან ალადაშვილს ესაუბრა.

- ნათლობა შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთია. იგი, ფაქტობრივად, არის ქრისტიანულ ცხოვრებაში შესასვლელი კარი. მისი მეშვეობით ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი, იშვება მეორედ, ხდება მისი სულიერი განწმენდა და განახლება. ადამიანს მიეტევება ცოდვები და იგი ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. იოანეს სახარებაში წერია, რომ ვინც წყლისგან და სულისგან არ იშვება, ვერ შევა სასუფეველში. ეს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია იმ რიტუალსაც, რაც ნათლობის საიდუმლოსას აღესრულება.

- გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელმაც საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა. სამართლიანი იყო თუ არა ხალხის გულისწყრომა დეკანოზ დავით მექვაბიშვილის მიმართ?

- უპირველესად, უნდა ვთქვა, რომ მამა დავითი არის უაღრესად კარგი პიროვნება და სასულიერო პირი. რაც შეეხება ამ ვიდეოს, ნამდვილად არ იყო კარგი სანახავი, მაგრამ მან შენდობაც ითხოვა ამისთვის. ეს იყო სულ რამდენიმე წამის ამსახველი კადრი. მას დაწყებული ჰქონდა შთაფვლით მონათვლა და არ იცოდა თუ ასეთი რეაქცია მოჰყვებოდა ბავშვის მხრიდან. რიტუალს კი შუა გზაში ვერ გაწყვეტდა. წესია, რომ სამჯერ უნდა მოხდეს შთაფვლა, როცა ამ წესით ინათლება ადამიანი.

თუმცა ის გამოხმაურება, რაც სოციალურ ქსელში მოჰყვა, გაცილებით მძიმე სანახავი იყო. არ შეიძლება ასე ლანძღო ადამიანი. კრიტიკა თანამედროვე საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ ისე უნდა გამოვთქვათ კრიტიკული მოსაზრებები, რომ პიროვნებას არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თითოეული ადამიანის უკან ოჯახი დგას. დედა, შვილები, მეუღლე და მათ როგორ ვტკენთ გულს ასეთი შეურაცხყოფებით.

- რომელ ასაკშია უფრო მისაღები ადამიანის მონათვლა?

- ამასთან დაკავშირებით რაიმე დოგმა არ არსებობს. ზოგადად, ქრისტიანობას ხისტი და კატეგორიული სწავლებები არ ახასიათებს. ქრისტიანობაში ყველაფერი მიმართულია იქეთკენ, რომ ადამიანი როგორმე ცხონდეს და ამისთვის სასულიერო პირმა სხვადასხვა საშუალებები უნდა გამონახოს. შეუსაბამოს თითოეულ ადამიანს ესა თუ ის კანონი და სადაც შესაძლებელია, მოხდეს ლავირება იმ დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ადამიანის სულიერი განვითარება ჰქვია.

ადამიანის მონათვლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ჩვილობაში ან ზრდასრულ ასაკში სჯობს. როცა 3-4 წლის ბავშვები მოჰყვათ მოსანათლად, ისინი ვერ იგებენ რა ხდება, ნათლობის რიტუალიც მათთვის ხშირად უსიამოვნოა და ჭირვეულობენ. ასეთ დროს ნერვიულობს არამხოლოდ ბავშვი და მისი მშობელი, არამედ ჩვენც ძალიან განვიცდით.

- საზოგადოების ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვის მონათვლა 40 დღემდე არ შეიძლება. კიდევ ერთი ტრადიციით, თუ ოჯახში ვინმე გარდაიცვლება, არ შეიძლება მიცვალებული ისე დაკრძალოს, რომ ოჯახის რომელიმე წევრი მოუნათლავი იყოს, ამიტომ ხშირად ბავშვებს დაკრძალვის დღეს ნათლავენ. ეკლესიურად რამდენად გამართლებულია ეს წეს-ჩვეულებები?

- როგორც გითხარით, ადამიანის მონათვლა შეიძლება ნებისმიერ ასაკში ასეთი რამ ქრისტიანულ სწავლებებში არ გვხვდება. როცა ჩვენ მოგვმართავენ კითხვით, ვუხსნით, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და შეუძლიათ მოგვიანებითაც მონათლონ. ყველა უძველეს წესს თავისი საფუძველი და ახსნა აქვს და საინტერესო იქნებოდა, გამოკვლეულიყო საიდან მოდის, რას ეფუძნება სინამდვილეში. აი, მაგალითად, ყოველთვის მაინტერესებდა რა დატვირთვის მატარებელი იყო მიცვალებულის გამოსვენებისას კუბოს სამჯერ დატრიალება და სკამების წაქცევა. სავარაუდოდ, ეს ვნების შვიდეულის მსახურებიდან უნდა იყოს აღებული.

ასევე, აღდგომას რომ საფლავზე ღვინოს აქცევენ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს რატომ ვაკეთებთ ამას - ამით ჩვენ ქრისტეს გოლგოთაზე ჯვარცმისა და მისი აღდგომის მნიშვნელობას ვუსვამთ ხაზს. ქრისტემ საკუთარი სისხლით გამოიხსნა კაცობრიობა და საფლავზე ღვინის, სიმბოლურად ქრისტეს სისხლის დასხმით, უფალს ვთხოვთ აცხონოს ჩვენი მიცვალებული. ასე რომ ეს ტრადიციები ციდან არ ვარდება და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.

- ნათლობის საიდუმლოს აღსრულების ორი წესი არსებობს - შთაფვლა და წყლის თავზე გადასხმა. რა განსხვავებაა მათ შორის?

- ძველად, შთაფვლით მონათვლა უფრო სასურველი იყო, რადგან ეს უფრო სრულყოფილად გამოხატავდა ამ საიდუმლოს არსს. ასევე, გავრცელებული იყო მდინარეში მონათვლა, როგორც ქრისტე მოინათლა. ბერძნული სიტყვა ბაპტიზმა, რომელიც ქართულად მონათვლას ნიშნავს, ითარგმნება, როგორც შთაფვლა.

თავზე წყლის დასხმით ნათლავდნენ ჩვილებს ან უძლურებაში მყოფ პირებს. ხოლო ზრდასრული ადამიანები უფრო ხშირად შთაფვლით ინათლებოდნენ. არსებობს მოსაზრება, რომ შთაფვლით მონათვლა, უფრო აღმატებულია და ეს სჯულის კანონის არასწორი გააზრებიდან შეიძლება მოდიოდეს. სჯულის კანონში წერია, რომ მღვდლად ვერ იკურთხება ის ადამიანი, ვინც შთაფვლით არ არის მონათლული. მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს და არ ნიშნავს იმას, რომ ნათლობის რომელიმე წესი აღმატებულია.

მონათვლით ადამიანებს მიეტევებათ ყველა ცოდვა და ისინი სუფთა ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას, ამიტომ ზოგიერთი ადამიანი შეგნებულად გადადებს მას, რათა ამქვეყნიურ სიამეებს არ გამოაკლდეს. სჯულის ამ კანონს ასეთი განმარტება აქვს: თუ ადამიანი შეგნებულად გადადებდა თავის ნათლობას, შემდეგ უძლურებაში აღმოჩნდებოდა და მას სიკვდილის შიშის გამო მანათლავდნენ, შთაფვლით ხომ ვერ მოინათლებოდა, წყლის დასხმით უნდა მონათლულიყო. როცა გამოჯანმრთელდებოდა, თუ მღვდლობას მოინდომებდა, ამის უფლება არ ეძლეოდა.

- რა როლი ეკისრება ნათლიას ქრისტიანულ ცხოვრებაში და რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?

- ნათლია არის ადამიანის სულიერი მშობელი. ჩვენ ნათლიას ვუწოდებთ ნათლიდედას, ნათლიმამას, რაც გამოხატავს იმას, რომ მშობლისა და შვილის ტოლფასი ურთიერთობაა. ნათლიას ასევე ძველად უწოდებდნენ მიმრქმელს. მას ვინც ემბაზიდან ამოყვანის შემდეგ მონათლულს მიირქვამდა, ჩაიხუტებდა. ამიტომ უმჯობესია ნათლია ერთი იყოს და მან პირნათლად შეასრულოს თავისი ვალი. სინამდვილეში ნათლია თავად მღვდელია. ახლა ამან უფრო სოციალური დატვირთვა შეიძინა. ნათლიებს არჩევენ იმის მიხედვით, თუ ვისთან სურთ დაახლოება, ან ვინ უფრო მეტად შეძლებულია მატერიალურად ან სხვა მიზეზით. რაც ცხადია, არასწორია. ადამიანთან დაახლოება სხვა გზებითაც შეიძლება, ეს კი იმდენად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ორივე მხარეს სათანადოდ უნდა ჰქონდეს გააზრებული.

ერთხელ ერთი პიროვნება მოვიდა, რომელიც აპირებდა ყოფილიყო ნათლია და გამესაუბრა. აღმოჩნდა საერთოდ არ იყო ქრისტიანი. არ სწამდა ამ რელიგიის. ვუთხარი, რომ სჯობდა არ მოენათლა, რადგან მისთვის ეს უბრალოდ გაურკვევლობა იყო და მეტი არაფერი. დამეთანხმა და უარი თქვა ნათლიობაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ კარგად უნდა იყოს გაცნობიერებული, რაში ვიღებთ მონაწილეობას და რამდენად რწმენით ვაკეთებთ ამას.

თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

ვინ აშენებს და როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობაც 35,7 მლნ ჯდება

კორონავირუსით ინფიცირების 557 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - როგორია ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში