ავტორი:

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თებერვლიდან სერიაში „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად –14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე

18 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი „შიშის საათი“ გამოვა. აღსანიშნავია, რომ სერიის ფარგლებში უკვე გამოვიდა ომის თემაზე დაწერილი, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „წიგნის ქურდი“, „ომის შედეგები“, „ბულბული“. ამჯერად კი ქართველი მკითხველის წინაშე მოთხრობების სრულიად ახალი კრებული წარსდგება, რომელშიც თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობებია თავმოყრილი. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

როგორია ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი მხატვრული მატიანე; როგორ და რას წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები ომის შესახებ - 14 ავტორის 14 მოთხრობა ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება - „შიშის საათი“.

როგორც მოთხრობების კრებულის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, წიგნში სტილური და შინაარსობრივი თვალსაზრისით განსხვავებულ მოთხრობებს მოუყარეს თავი:

„ბოლო 30 წელიწადში საქართველომ ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი გამოიარა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ ქართველი მწერლები რეაგირებდნენ. როდესაც კრებულზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, განსხვავებული მოთხრობებისთვის მოგვეყარა თავი; ვეძებდით ტექსტებს, რომლებშიც ომები სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი. ამიტომ ამ კრებულში შეხვდებით როგორც მოთხრობას, რომელშიც მოქმედება ფრონტის წინა ხაზზე ვითარდება, ასევე მოთხრობას, რომელსაც ომი მხოლოდ ფონად გასდევს. ზოგიერთი მწერალი სათქმელის გადმოსაცემად იგავურ ფორმას ირჩევს, ზოგიც - იუმორსა თუ ირონიას,“ - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.

„შიშის საათი“ კრებულს გელა ჩქვანავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჰქვია, რომელსაც დანარჩენი 13 ავტორის მოთხრობის მსგავსად ამ წიგნში წაიკითხავთ. კრებულში შესულია შემდეგი მწერლების მოთხრობები: გურამ ოდიშარია, ნუგზარ შატაიძე, შალვა ბაკურაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ალეკო ცქიტიშვილი, ერეკლე დეისაძე და ნინო სადღობელაშვილი.

როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომი ამოუწურავი თემაა; მასზე საუბარი და მკითხველამდე მისვლა კი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.

თეონა დოლენჯაშვილი (მოთხრობა: „დაბრუნება“)

„ძალიან მნიშვნელოვანია ომის შესახებ საუბარი და მისასალმებელია, რომ თანამედროვე ქართველი მწერლების ხმა უკვე ერთი კრებულიდან ისმის. აუცილებელია ომის შესახებ მუდმივი საუბარი თუნდაც იმიტომ, რომ არ დაგვავიწყდეს, რა შეცდომები დავუშვით; უნდა შევძლოთ ერთმანეთის პატიება და ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ. ომს ერთი სახე აქვს - ცალსახად ცუდი - რომელიც არღვევს სამყაროს ჰარმონიას, ყველაზე მეტად ქალებსა და ბავშვებს აზარალებს, მათს ფსიქიკას ამახინჯებს.

ჩემი მოთხრობა „დაბრუნება“ პატარა დევნილი გოგოს შესახებაა, რომელიც ტოვებს საკუთარ სახლს, ახლობლებს და პირდაპირ ეჯახება ომის მონსტს. ისმის კითხვა: როგორ უნდა დავბრუნდეთ არა მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, არამედ იმ ადამიანებთან, რომლებიც დავკარგეთ?!.“

გურამ ოდიშარია (მოთხრობა: „ძმისშვილი“)

„ჩემმა თაობამ აფხაზეთის ომამდე ომი ფილმებიდან იცოდა. ერთხელაც ყველაფერი რეალურად მოხდა: მეგობრებმა, ახლობლებმა ხელში იარაღი აიღეს და ქართველები და აფხაზები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩემი თვალით ვუყურებდი, როგორ იქცა ულამაზესი ქალაქი სოხუმი ფრონტის ხაზად. ომმა ყველაფერი გაგვინადგურა. ამის შემდეგ ომი ჩემთვის მთავარი თემა გახდა.

მოთხრობას „ძმისშვილი“ ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად, რომელიც ვალერი ვაშაკიძემ მომითხრო - ქართველი მებრძოლი აფხაზის ძმისშვილს სიკვდილისგან იხსნის. მოთხრობა არის იმის შესახებ, თუ როგორ დგება ადამიანი ომზე მაღლა, უარს ამბობს სისასტიკეზე და საბოლოოდ, ადამიანობა იმარჯვებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე ომი გადავიტანეთ. საჭიროა მათი რაობა ვიცოდეთ, ომის სარკეში ჩავიხედოთ და ვეცადოთ, რომ ყველგან ვეძებოთ არა მტრები, არამედ მეგობრები!“

ბექა ქურხული (მოთხრობა: „მარადონას მარში“)

„გამომცემლობა „პალიტრა L“ომის თემაზე დაწერილი ამ ანთოლოგიით ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ომი არ დასრულებულა, გრძელდება. აუცილებელია, რომ მწერლებს ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს, ჩვენი ხმა გავაგონოთ ერთმანეთს (ამ მხრივ მისასალმებელია ირაკლი შამათავას ანთოლოგია აფხაზეთის შესახებ, რომელიც მალე გამოიცემა). ამას მხოლოდ იმიტომ არ ვამბობ, რომ სამხედრო რეპორტიორი ვარ, ჩემი თვალით ვუყურებდი ყველაფერს და არაერთ სამხედროს ვიცნობ. ჩვენ ერთი სისხლი, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვაქვს.

მოთხრობის „მარადონას მარში“ მთავარი გმირის პროტოტიპი რეალური ადამიანია - სოხუმის კოლორიტი, რომელიც, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მთელი სოხუმი გიჟდებოდა მასზე. შშმ პირი გახლდათ, მაგრამ როდესაც ომი დაიწყო, იმაზე მეტად ჭკვიანი და შეგნებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვები. გულწრფელად უკვირდა, რატომ ებრძოდნენ ადამიანები ერთმანეთს; ბარიკადიდან ბარიკადამდე დადიოდა და ეუბნებოდა: რამ გაგაგიჟათ, რატომ ისვრითო...“

შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ახალი წიგნი „შიშის საათი“ 18 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათაქსელშიდაპრესისგავრცელებისჯიხურებშიმთელისაქართველოსმასშტაბით.

TOP 7 სასიყვარულო წიგნი ვალენტინობისთვის

უკვე დღეიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი

გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი 11 თებერვლიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა