ოპოზიციის მიერ გამოთქმული შენიშვნების ნაწილი შესაძლოა, კონსტიტუციის ახალ პროექტში აისახოს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ "ახალ მემარჯვენეებთან" და "მრეწველებთან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, ძალიან ბევრ საკითხზე გაიმართა საგნობრივი და დეტალური მსჯელობა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, გამოითქვა ბევრი არგუმენტირებული შენიშვნა, რომელთა გათვალისწინებასაც პარლამენტის თავმჯდომარე ახალ კონსტიტუციურ პროექტში არ გამორიცხავს.
"იყო რიგი საკითხებისა, სადაც ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს აქვთ ძალიან საგნობრივი და არგუმენტირებული შენიშვნები, ეს შენიშვნები, სავარაუდოდ, იქნება კიდეც გათვალისწინებული. აქ ვგულისხმობ საკუთრების უფლების, მოქალაქის უფლებებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, რაც, სავარაუდოდ, აისახება კიდეც ახალ კონსტიტუციურ პროექტში. გარდა ამისა, იყო არგუმენტირებული შენიშვნები სახელმწიფოს მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე ყველა არგუმენტაცია იქნება წარდგენილი. თუ კომისია გადაწყვეტს მათ მიღებას, მიღებული იქნება კიდეც", - განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხება ერთ-ერთ ძირითად საკითხს, კონსტიტუციაში ორგანული კანონის ცნების დატოვებას, რომელზეც ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა მიანიშნებდა, ბაქრაძე აცხადებს, რომ ჯერ ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.
"ეს საკითხი რჩება ისევ ისე, როგორც აქამდე იყო კონსტიტუციის პროექტში. თუმცა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ამ თემასთან დაკავშირებითაც აპირებს სერიოზულ მსჯელობას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძე კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გუშინ ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წევრებს შეხვდა; დღეს კი - "მემარჯვენეებსა" და "მრეწველებს".