სესხის ხელშეკრულების თემა ძალზე აქტუალურია. საქართველოში ფულის სესხება პრობლემას არ წარმოადგენს. არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული თანხა აქვთ და პროცენტით შემოსავლის გაზრდა სურთ. ბანკში ანაბარი დაბალი პროცენტის გამო არ შეაქვთ, უფრო დიდ პროცენტში ცდილობენ თანხის გასესხებას. მაგრამ ასეთ ადამიანებს ხშირად, გასესხებული თანხაც ეკარგებათ... პროცენტიანი ვალის აღების მსურველიც მრავლადაა. ზოგი საშუამავლო ფირმის საშუალებით ცდილობს, ფული იშოვოს, ზოგს ბანკიდან გამოაქვს, ზოგი ახლობლისგან სესხულობს. შემდგომ, თანხის გადახდა უჭირთ, პროცენტს პროცენტი ემატება და იპოთეკით დატვირთული ქონება ეკარგებათ.
კანონით, ფული ზეპირი შეთანხმებითაც შეიძლება გაიცეს; წერილობითი სესხის ხელშეკრულება იდება. აუცილებელი არ არის წერილობითი ფორმა, მაგრამ თუკი შემდგომ დავა წარმოიშვება და დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვქვეშ დადგება, ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით არ დაიშვება. როგორც წესი, იპოთეკური ხელშეკრულების გარეშე ფულს ერთმანეთს ახლობლები აძლევენ. ენდობიან. უჭირთ, ნათესავსა თუ მეგობარს ჰკადრონ, რომ მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი ეპარებათ. უცხოებთან კი "იპოთეკას" აფორმებენ... უსიამოვნებისგან დაზღვეული რომ იყოთ, ჯობს, მსესხებელთან წერილობითი ხელშეკრულება გააფორმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსოვდეთ, თუკი იტყვის, რომ მისთვის ფული არ გისესხებიათ, ვერანაირად ვერ დაამტკიცებთ სიმართლეს.
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, როგორ უნდა დაიცვას თავი მოტყუებისგან? - ადვოკატ თემურ გოქსაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ბატონო თემურ, კანონით, სესხის ხელშეკრულება როგორ რეგულირდება?
- სესხის ხელშეკრულება, განსაკუთრებით - იპოთეკური სესხები ჩვენს საზოგადოებას ძვირად დაუჯდა: სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა და ქუჩაში აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ იპოთეკური სესხის არსი არავინ იცოდა. მახსოვს, ჩემმა მეზობელმა ბანკიდან 15.000 დოლარი გამოიტანა. ვუხსნიდი - ბინას დაკარგავდა, მაგრამ არ დამიჯერა, ამბობდა, - 4 შვილი მყავს და ქუჩაში ვინ გამაგდებსო?!. სამწუხაროდ, ქუჩაში დარჩა. ჩვეულებრივი ამბავია - სესხს ვერ ფარავ და ქუჩაში რჩები... მეორე, უკვე მანკიერი ფორმაც არსებობს: გარიგებები წინასწარგანზრახულად - პროცენტის გაზრდის, პროცენტზე პროცენტის დარიცხვის, სხვადასხვა გზით საკუთრების ხელში ჩაგდების მიზნით. ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ბევრი ადამიანიც სასჯელს იხდის. ეს თაღლითობაა, რაც ჩვენში სერიოზულ პრობლემად რჩება.
- მართლაც, ბევრმა მოქალაქემ დაკარგა ქონება, ამის ერთ-ერთი მიზეზი, კანონის უცოდინარობა ხომ არ არის?
- ბევრი, უცოდინარობის გამო ჩავარდა ამ დღეში. რამდენიმე დღის წინ ნოტარიუსთან ყოფნისას ასეთ ფაქტს შევესწარი: იპოთეკარები აზერბაიჯანელები იყვნენ, ქართული არ იცოდნენ; ასეთ დროს მარტო თარჯიმანი უკვე საკმარისი არ არის, რადგან მერე დაობენ, რომ თარჯიმანმა არასწორად უთარგმნა. ნოტარიუსები ასეთ დროს მხარეებს ორენოვან ხელშეკრულებას სთავაზობენ...
- ნოტარიუსი ვალდებულია, იპოთეკარებს განმარტებები მისცეს?
- ვფიქრობ, ყველა კეთილსინდისიერი ნოტარიუსი ასე იქცევა. მათაც განუმარტა, რომ მხოლოდ ორენოვანს გააკეთებდა, მაგრამ იმ დღეს არ ჰყავდა ენის სპეციალისტი. ისინი სასწრაფოდ გაკეთებას ითხოვდნენ, განსაკუთრებით, შუამავალი აქტიურობდა, რომელსაც მაინცდამაინც ამ ფორმით აძლევდა ხელს ხელშეკრულება, რათა შემდგომში სადავო გამხდარიყო. იქიდან წავიდნენ და ალბათ სხვა ნოტარიუსთან გააფორმებდნენ... ეს არის კლასიკური მაგალითი მოსახლეობის სამართლებრივი კულტურის დაბალი დონისა. ამით ძალიან ბევრი გარეწარი შუამავალი სარგებლობს და გამორჩენის მიზნით, სამწუხაროდ, ადამიანების ბედ-იღბალს წყვეტს. იყო შემთხვევა, 2 ადამიანის ქმედების გამო მოქალაქე დამბლადაცემული ბავშვით ქუჩაში დარჩა.
- სესხის გადახდა ვერ შეძლო?
- ახლობელმა სთხოვა, რომ სესხის ასაღებად, დროებით მისი ბინა ჩაედო; ისიც დათანხმდა, ენდო ე.წ. დაქალს, ბინა ჩადო და ფაქტობრივად, უკვე ქუჩაშია, - გამოსახლების მიზნით, მასთან უკვე აღმასრულებელი დადის. ამ პროცესების დროს ბევრი არბიტრაჟი არასწორად მოიქცა.
- ამ დავებს ძირითადად, არბიტრაჟები იხილავდნენ?
- ბოლო პერიოდამდე უმეტეს შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებში იწერებოდა, რომ დავა მხოლოდ არბიტრაჟს შეეძლო, განეხილა. ადრე ასეთი საქმეები სასამართლოში არ მიდიოდა. ისიც ეწერა ხელშეკრულებაში, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, მხარეთა შეთანხმებით, არ საჩივრდებოდა. ერთი საკითხი ის არის, რომ ნოტარიუსთან შეიძლებოდა მომხდარიყო არასწორი ხელშეკრულების დადება და შესაძლოა, ნოტარიუსი არც ყოფილიყო დამნაშავე - მხარეები რასაც მიუტანდნენ, იმას ადასტურებდა; მეორე პრობლემაა - საშუამავლო ფირმების თაღლითობა. ბოდიშს ვიხდი კეთილსინდისიერად მომუშავე საშუამავლო ფირმებთან, მაგრამ ბევრი თაღლითობს, ამის გამო, საშუამავლო ბიზნესს გასაქანი არ მიეცა. სამწუხაროდ, დავის შემთხვევაში შემდეგი რგოლი არბიტრაჟი იყო, რომელიც თანასწორობის, პროცესუალური ნორმების დაცვას არად დაგიდევდათ.
- დავები კანონის შესაბამისად არ იხილებოდა?
- 1997 წელს კერძო არბიტრაჟების შესახებ კანონი ამოქმედდა. ძალიან ბევრი უკანონობის მაგალითი ვიცი და ამიტომ ვამბობ ამას. კონკრეტული მაგალითია "შპს სავანე-21", ცნობილი ჭიღლაძე-კუპატაძეების საქმე, რომლებმაც ნახევარმილიონიანი ქონება დაკარგეს. მათ 3.500 დოლარი სესხად ჰქონდათ აღებული. ხელშეკრულებაში 3 პროცენტი ეწერა, მაგრამ 7 პროცენტს საშუამავლოსაც სთხოვდნენ. ქონება რამდენჯერმე იპოთეკაში იყო ჩადებული: ერთხელ, გადასახადი ბოლომდე რომ ვერ დაიფარა, მეორედ ჩაადებინეს, მერე პროცენტს პროცენტი დაემატა და ისევ ჩაადებინეს. ბოლო ხელშეკრულება 2003 წლის 25 ოქტომბერს დაიდო, საქმე არბიტრაჟამდე მივიდა. შპს-ს ადვოკატმა წინადღეს უარი უთხრა საქმეში მონაწილეობაზე, მოტივი არ ვიცი. ჩემთან მოვიდნენ. მაშინ გენერალ დუმბაძეს ვიცავდი და ბათუმში მივდიოდი. საქმის გადადების თაობაზე განცხადება დავაწერინე, მაგრამ არბიტრაჟმა სასწრაფოდ, ჩვენი მონაწილეობის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, რაც პროცესუალური ნორმის დარღვევა იყო. უკანონო გადაწყვეტილებით, მთელი ქონების რეალიზაცია უნდა მომხდარიყო.
- მხარემ ამხელა ქონება რატომ ჩადო 3.500 დოლარის სანაცვლოდ?
- სანოტარო აქტით, "იპოთეკაში" შპს-ს ქონება ჩაიდო. წესით, შპს-ს ქონების განკარგვის უფლება დირექტორს აქვს, რომელმაც სამეწარმეო დოკუმენტაცია ბეჭედდასმული უნდა წარადგინოს სანოტარო ბიუროში. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. კერძო პირმა, ჭიღლაძემ ეკონომიკურ ბრუნვაში მთელი შპს-ს ქონება ჩადო, სულ 8.000 ლარი. საბოლოოდ კი აუქციონზე ნახევარმილიონიანი ქონება 20.000 დოლარად გაიყიდა. სააღსრულებო ბიურომ მიიღო საქმე აღსრულებაზე და პრაქტიკულად ორმაგი მიმართულებით "ითამაშა" - იძულებითი აუქციონი ჩაატარა. თავიდან 70.000 ლარად შეაფასეს ეს ქონება, რაც აბსურდია.
- აუდიტის მოწვევა თქვენც ხომ შეგეძლოთ?
- არაკანონიერმა აუდიტმა ჩაატარა, რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა. ჩვენმა მოწვეულმა აუდიტმა სხვა მონაცემები წარმოადგინა.
- კანონით თუ არის განსაზღვრული - როცა სესხს იღებენ, რა ქონება უნდა ჩაიდოს?
- მესაკუთრეს უფლება აქვს, მთელი ქონება ჩადოს, მაგრამ აქ ლაპარაკია შპს-ს ქონებაზე. ნოტარიუსი ვალდებული იყო, ყველა დოკუმენტაცია მოეთხოვა; ეს ბათილი დოკუმენტი იყო. სამწუხაროდ, ჩემმა დასაცავმა თავიდან ამას ყურადღება არ მიაქცია. შემთხვევით გავიგეთ, რომ აუქციონი დანიშნული იყო. შვილებმა სასწრაფოდ სასამართლოში თავიანთ წილზე სარჩელი შეიტანეს. ეს დოკუმენტი აუქციონის დღეს წარვადგინეთ და განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით, სადავო თანხა გადაგვეხადა. მეორე მხარეც დაგვეთანხმა და აუქციონი შეჩერდა.
- მაშინ რატომ არ გადაიხადეთ სადავო თანხა?
- მოლაპარაკების მიუხედავად, აუქციონი ჩატარდა. სასწრაფოდ წავედით და კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ თანხას ვიხდიდით. ასეთ დროს უნდა შეწყდეს აუქციონი. მაგრამ ეს არ მოხდა. მივხვდით, მართლა სერიოზულ გარიგებასთან გვქონდა საქმე. განვაცხადე, რომ მეც მივიღებდი მონაწილეობას. თან მქონდა ავტომანქანის თანხა. კანონით, აუქციონის შემდეგ თანხის 10 პროცენტი უნდა შეიტანო. შეთავაზება 13 ათასიდან დაიწყო და ბოლოს 20.444 ლარს შეადგენდა; 22.000 შევთავაზე - ეს ოქმებშია დაფიქსირებული. ამის შემდეგ, ოქმი დაიწერა და ვკითხულობ: მართალია, გოქსაძემ 22.000 შემოგვთავაზა, მაგრამ ვერ წარმოადგინა 10 პროცენტიო. გავაპროტესტე და ოქმზე დავიწყე დოლარის კუპიურების ჩამოწერა. აღმასრულებელმა ეს რომ დაინახა, გამომგლიჯა ოქმი ხელიდან. სასწრაფოდ საჩივარიც დავწერე და ბანკში წავედი, თანხები რომ დამედეპოზიტებინა. მითხრეს, რომ ყველაფერი დახურული იყო და მეორე მხარეს თანხა უკვე შეტანილი ჰქონდა. მეორე დღეს სასამართლოში შევიტანე სარჩელი და ყველაფრის გაბათილება მოვითხოვე. ხარვეზშევსებული სარჩელი 4 ეგზემპლარად წარვადგინე და წარმოიდგინეთ - ერთი ნომრით დათარიღებული საქმე სხვადასხვა მოსამართლესთან მოხვდა. ეს ზღაპარი არ გეგონოთ, აგერ არის დამადასტურებელი დოკუმენტები:Y ყველა მოსამართლემ სხვადასხვაგვარად გადაწყვიტა დავა.
- დღეს რა სტადიაშია თქვენი დავა?
- სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილებები, უკან დააბრუნა და გაერთიანება მოითხოვა. Pპარალელურად, სისხლის სამართლის კუთხით - სიყალბის კვალიფიკაციით - საქმე პროკურატურაშიც შევიტანეთ. ფაქტზე საქმე აღიძრა, მაგრამ ამის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე შეჩერდა და უკვე 5 წელია, ველოდებით. ამ პერიოდში აღმასრულებელმა განკარგულება გასცა და Mმთელი ქონება მოპასუხეს გადაუფორმა, სასწრაფოდ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. რეესტრიდან მწერდნენ, რომ ეს ქონება არ იყო მოპასუხის სახელზე და მხოლოდ 2006 წელს გავიგე სიმართლე. მათი უმეტესობა, სხვა საქმეზე, დაჭერილია. დღეს კი მთელი ქონება გასხვისებულია და მეზობლის, გელაშვილის სახელზე ირიცხება. დღემდე გამოძიება პასუხს არ გვაძლევს. მარტივია საკითხი: თუ მიიჩნევენ, რომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, მომცენ დოკუმენტი და ევროსასამართლოში ვიდავებ, მაგრამ ეს საბუთი ვერა და ვერ მივიღე. ამასობაში, ოჯახი თავისი საცხოვრებლიდან გამოასახლეს.
- ქონება თუ გასხვისდა, კეთილსინდისიერ მყიდველს ხომ ვერ წაართმევთ?
- ვერც ერთი მათგანი კეთილსინდისიერი მყიდველი ვერ იქნება, რადგან საჯარო რეესტრიც მხარედ იყო ჩართული და უფლებრივად უნაკლო ნივთი ვერ გაიყიდა. ყველამ იცოდა, თითოეულ მათგანს ვეუბნებოდი, რომ არ უნდა ეყიდათ. ამგვარ პარადოქსში ვართ და წლებია, სახელმწიფოსგან ველოდებით პასუხს. ამის მიღმა სერიოზული თანამდებობის პირების ინტერესები დგას.
- ბატონო თემურ, რას ურჩევთ ადამიანებს?
- ვიდრე ვინმესთან გარიგებაზე წავლენ, სანამ ბინას იპოთეკით დატვირთავენ, ვურჩევ, კონსულტაცია გაიარონ იურისტებთან. ასეთ შემთხვევაში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც სამართლებრივად გამართულად იქნება ფორმულირებული ყველა საკითხი. თუ კონტრაქტი ამგვარად არ არის შედგენილი, საქმე სასამართლომდე რომ მივა, უკვე გვიანია. სამწუხაროდ, ჩემი ქალიშვილიც გახდა შეცდომის მსხვერპლი: ენდო ახლობელს, მისი თხოვნით, ბინა ჩადო და აუქციონის წესით, გაუყიდეს.
- არანაკლებ რთული პრობლემის წინაშე არიან ის ადამიანებიც, რომლებმაც თანხა გაასესხეს, მაგრამ მსესხებელს არანაირი ქონება არ ჩაადებინეს; მათაც ხომ უჭირთ ვალის დაბრუნება?
- ესეც სერიოზული პრობლემაა და ძალიან ბევრია ამ დღეში. მით უმეტეს, თუ საქმეში თაღლითური ჯგუფი მონაწილეობს. 25.000-დოლარიანი სესხის ხელშეკრულება მიდევს, მაგრამ ვერ ვიღებთ კუთვნილ თანხას. თაღლითებმა ხრიკები იციან, ისიც, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კუთხით საქმე არ წავა: თანხა გეკუთვნის, მაგრამ მის სახელზე არაფერი ირიცხება, ვერ იღებ. პრაქტიკულად წლობით გრძელდება ასეთი დავები. სასამართლოს გადაწყვეტილებას აიღებ, მაგრამ აღსრულება ჭირს. პიროვნებას 70.000 დოლარი ჰქონდა გასესხებული; პროცესი მოვიგეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსესხებელი უცხოეთში გათხოვდა და აქ ქონება არ ერიცხება. ბრძოლა კიდევ რომ გააგრძელო, ეს დიდ ხარჯს მოითხოვს, რომლის გაღებაც მხარეს არ შეუძლია.
- რატომ არ შეიძლება, ოჯახის წევრს დაეკისროს ვალის გადახდა?
- პირდაპირ ასეთი მექანიზმი გათვალისწინებული არ არის. ასეთ დროს უნდა დადგინდეს, ეს ფული რისთვის იქნა აღებული, რამდენად იყო მეუღლე თუ სხვა ოჯახის წევრი ინფორმირებული. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ოჯახის საერთო ვალია, მაშინ შეიძლება, ცოლის სახელზე რიცხული ქონება აუქციონზე გაიყიდოს. მაგრამ ამის დადგენა რთულია და ცალკე პროცესს მოითხოვს. ამიტომაც, სესხის ხელშეკრულების დადებისას სერიოზული კონსულტაციების მიღებაა საჭირო, რომ მოტყუებული არ დარჩეთ.
თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)