შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პანკისის ხეობაში "ბოევიკების" გადამზადებას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ვანო მერაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს, როგორც სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას ემსახურება.
მინისტრის თქმით, რუსეთი არ კარგავს დროს, რომ საერთაშორისო არენაზე საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინოს. "რუსეთი აწყობს პროვოკაციებს, რათა წყნარი, ცივილური ქვეყნის იმიჯი შეულახოს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ტურისტების რიცხვი მოწმობს, რომ დასავლეთი საქართველოს შესახებ კარგად არის ინფორმირებული. პანკისის ხეობაში რამე დაჯგუფების არსებობას გამოვრიცხავ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთმა საქართველო ტერორისტების მომზადებაში დაადანაშაულა. გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთის შსს-ს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკოლაი სიმაკოვმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი "ბოევიკები" მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალურ ბანაკებში გადიან.