ავტორი:

იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? - რას წერს უცხოური მედია ბაიდენისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ

იქნება თუ არა კიდევ ერთი გადატვირთვა რუსეთთან? - რას წერს უცხოური მედია ბაიდენისა და პუტინის პირველი სატელეფონო საუბრის შემდეგ

"რუსეთთან პოლიტიკის გადატვირთვა არ იქნება" - ეს იყო ერთ-ერთი პირველი განცხადება, რომელიც ჯო ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის პრეზიდენტი გახდა. რამდენიმე დღის წინ ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს, რამაც ახალი კითხვები გააჩინა.

პოლიტიკური სპექტრის გავლენიანი ნაწილი ვარაუდობს, რომ მწვავე განცხადებების მიუხედავად, აშშ-ში ხვდებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვა და ახლებური მიდგომა აუცილებელია. ზოგიერთის მოსაზრებით, ამერიკის მხრიდან გადადგმული ნებისმიერი ცალმხრივი ნაბიჯი შეცდომა იქნება.

"ამერიკის ხმასთან" საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე გლობალური პოლიტიკის მიმართულებით, პოლა დობრიანსკი აღნიშნავს, რომ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე დაყრდნობით, გადატვირთვის ნიშნებს ვერ ხედავს.

"არ უნდა გავაგრძელოთ ლეღვის ფოთლების აფარება მაშინ, როცა სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ. ეს პირველი საკითხია. ამასთან, უნდა დავიცვათ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები, პარტნიორები და მეგობრები. აქტიურად უნდა ვიფიქროთ ნატოზე, ჩვენს სამხედრო განლაგებაზე, ევროპაში მოწინავე დისლოცირებაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ არქტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არქტიკაში ბაზებს აშენებს", - აღნიშნავს პოლა დობრიანსკი.

დობრიანსკის მიაჩნია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანი ის უნდა იყოს, რომ "რუსეთი არ უნდა დაბრუნდეს დიდ შვიდეულში იმის გამო, რომ მისი მოქმედებები ან ნაბიჯს არ ამართლებს".

რუსი პოლიტოლოგის, ლეონიდ გოზმანის შეფასებით, ტრამპი რუსეთისთვის შესანიშნავი მმართველი იყო, რადგან მის ინტერესებს იცავდა, რასაც არ მოელის ბაიდენის შემთხვევაში.

"ტრამპი იმიტომ კი არ იყო ჩვენთვის მისაღები, რომ კარგი პოლიტიკოსი იყო, უბრალოდ, ის კრემლისთვის სასარგებლოდ და ამერიკისთვის, ზოგადად, დასავლეთისთვის საზიანოდ მოქმედებდა. მან გაამართლა პუტინის იმედები, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ოთხ წელში ამერიკაში დემოკრატიული ინსტიტუტები შესუსტდა, საზოგადოებამ მათ მიმართ ნდობა დაკარგა. გარდა ამისა, ლამის ნატოს დაშლის საფრთხეც კი გაჩნდა.

არ შეიძლება ჯოხი მხოლოდ ტრამპზე გადატყდეს, მაგრამ მან თავის გუნდთან ერთად, ამერიკას ძალიან დიდი ზიანი მოუტანა, შეასუსტა იმ ქვეყნების ნდობაც, რომლებიც აშშ-ს მთავარ მოკავშირედ მიიჩნევენ.

ახლა პუტინს მოუწევს არჩევანი გააკეთოს ნავალნის თავისუფლებასა და საკუთარი განუსაზღვრელი ვადის უპირობო ძალაუფლებას შორის. ფაქტია, რომ ნავალნი მის მთავარ თავის ტკივილად იქცა", - აცხადებს გოზმანი.

ბაიდენი-პუტინის ურთიერთობა მსოფლიოს წამყვანი მედიისთვისაც ერთ-ერთი მთავარი თემაა.

"ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან პირველივე სატელფონო საუბარში ღიად ისაუბრა გარკვეულ საკითხებზე, მათ შორის მასობრივ კიბერშეტევებსა და ქვეყნის წამყვანი ოპოზიციონერის მოწამვლაზე. საკითხთა გრძელი სია მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული საგანგაშო ურთიერთობის ილუსტრაციაა. ამასთან, ბაიდენმა თავისი წინამორბედი დაადანაშაულა იმაში, რომ "ის ძალზე რბილი იყო რუსეთთან". თანაც საარჩევნო დებატებში მას "პუტინის ლეკვი" უწოდა", - წერს CNN.

"პუტინთან საუბრისას ბაიდენმა ღიად გამოხატა უკმაყოფილება ოპოზიციონერი ლიდერის ნავალნის დაკავებს გამო. მან კრემლს ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოსთხოვა, რომლის გამო მთელ ქვეყანაში მასშტაბური აქციები იმართება.

ახლა მთავარია, ახსოვს თუ არა, ბაიდენს თავისი სიტყვები, რომლითაც არჩევნებამდე რუსეთს მიმართა, რომ კომპიუტერულ სისტემებში შემოჭრის გამო, რუსეთი ძალიან დიდ ფასს გადაიხდიდა", - წერს The New York Times, რომლის ცნობითაც, ეს სატელეფონო ზარი პირველია ორი ქვეყნის ლიდერს შორის კონფრონტაციული ურთიერთობების გზაზე.

ადგილობრივ ანალიტოკოსებს ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებების იმედი არ აქვთ.

"ბაიდენი იბრძვის, რათა რუსეთის მიმართ თავისი წინამორბედის მეგობრული ტონი კარდინალურად შეცვალოს, თუმცა ასევე ცდილობს, ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის სივრცე დატოვოს... ეს ჯერ კიდევ არ არის ცივი ომი, რაც იმედს აჩენს, რომ ურთიერთობები დალაგდება. ბაიდენი არ ცდილობს რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას, შიდა პროცესების შესაბამისად, ასევე, ითვალისწიმებს ირანისა და ჩინეთის ფაქტორებს", - წერს Associated Press.

ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ რუსეთთან რაღაც სახის სამუშაო ურთიერთობა უნდა შენარჩუნდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს სტრატეგიული სტაბილურობის მიმართულებას და მასობრივი განადგურების იარაღის კონტროლს ეხება. "ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის" ვიცე-პრეზიდენტი რობინ შეპარდი ამბობს, რომ მიღებული გამოცდილებიდან და ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაიდენი "უფრო მკაცრი იქნება [რუსეთთან] ვიდრე პრეზიდენტი ობამა იყო. ობამამ რუსეთთან „გადატვირთვა“ დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის მოტყუების სავარჯიშო იყო. ურთიერთობის გადატვირთვა თავისთავად კარგი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მეორე მხარესაც სურს. რუსეთი არაფრის გადატვირთვას არ აპირებს. ვფიქრობ, ჯო ბაიდენს ეს ესმის. იქნება თანამშრომლობა ზოგიერთ სფეროში, მაგრამ ასევე შენარჩუნდება დაძაბული ურთიერთობაც, რომელიც ალბათ, მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება", - ამბობს შეპარდი.

ბაიდენის პოლიტიკა რიტორიკის დონეზე დარჩება, თუ ქმედითი ნაბიჯებით განისაზღვრება, იმაზეც იქნება დამოკიდებული თუ როგორი რეაქცია ექნება თეთრ სახლს „სოლარუინდის“ სახელით ცნობილ უპრეცედენტო და მასობრივ კიბერ-თავდასხმაზე. ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნით, თავდასხმა რუსეთმა განახორციელა. თავდასხმის დროს ჰაკერებმა კონფიდენციალური ინფორმაციის მფლობელ 18 000 კომპანიაზე, მათ შორის, „მაიკროსოფტზე“ მოიპოვეს წვდომა. მათ ასევე შეაღწიეს ამერიკის მთავრობის სხვადასხვა შრეების ათობით საიდუმლო სისტემაში.​

ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ექსპერტები ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას და ენერგო რესურსების დივერსიფიკაციას ასახელებენ. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ აშენების წინააღმდეგი იყო. მილსადენმა რუსული გაზი გერმანიამდე უკრაინისთვის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის ფსკერზე დაგებული მილსადენით უნდა მიიტანოს. კონგრესის ორპარტიული თანხმობით, ტრამპმა მილსადენს სანქციები დაუწესა და მისი მშენებლობა დროებით შეფერხდა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ პროექტი მაინც მალე დამთავრდება, რადგან რუსეთი მის ბოლო ფაზას, ძირითადად, საკუთარი რესურსით ამთავრებს და გერმანია პროექტის განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს.

"ფარაონების "ოქროს აღლუმი" - მუმიების გადასვენების შთამბეჭდავი ღონისძიება ეგვიპტეში, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ

"რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს" - რას წერს უკრაინული მედია

ჰაკერებმა "ფეისბუქის" მილიონობით მომხმარებლის პირად მონაცემებთან ერთად, ცუკერბერგის მონაცემებიც მოიპარეს და მისი ნომერი გაასაჯაროვეს