ავტორი:

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი შეეხებოდა რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევას და პუტინმა ამ თვალსაზრისით თეთრი სახლისგან გაფრთხილება მიიღო.

საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციები და ალექსეი ნავალნის საკითხი. კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორივე მხარე ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდა.

  • რას აცხადებენ ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრ სახლში და კრემლში?

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ:

”პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს”, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ორმა პრეზიდენტმა განიხილა SolarWinds- ზე განხორციელებული მასიური კიბერშეტევა, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები.

სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორი ქვეყნის ინტერესებს, ასევე, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით მათი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებსაც,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე შეფასებით, ”მთლიანობაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის საუბარი საქმიანი და გულწრფელი ხასიათის იყო”.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა New Start-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეიარაღების კონტროლს შეეხება და რომლის ვადაც თებერვალში იწურება.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთთან შეერთებული შტატების პოზიციების დასუსტების გამო. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ჯო ბაიდენის პოლიტიკურ წარსულში ხშირია მისი მხრიდან პუტინის კრიტიკის ფაქტები. ერთ-ერთი კომენტარის დროს ჯომ რუსეთის პრეზიდენტს "КГБ-ს თაღლითი" უწოდა.

Bloomberg-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ადამიანების შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს - რა დრო დასჭირდება მსოფლიო მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას

Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას 6-17 წლის ასაკის მოზარდებზე პირველად გამოცდიან

აშშ-ის სენატმა იმპიჩმენტის საქმეზე დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნო - "ველოდები ჩვენი საოცარი მოგზაურობის გაგრძელებას..."