ავტორი:

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"

დაიჭერენ თუ არა ნიკა მელიას? - ოპოზიციისა და ხელისუფლების ლიდერების განცხადებები: "ეს გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი"

ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აცხადებს, ხარკს არავის გადაუხდიან.

„ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის“, - წერს უგულავა „ფეისბუქზე“.

"ქართული ოცნების” გადაწყვეტილბების პროგნოზირება რთულია, მაგრამ მგონია, რომ ორივე შემთხვევაში - დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას, არ აქვთ არჩევანი და თავად დაზარალდებიან, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ნიკა მელიას არ დააკავებენ, "მათსავე აღქმაში ჩაითვლება, იქნებიან სუსტები”.

"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა დემოკრატიასთან მიმართებაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის დაკავება ამათთვისაც კი ნამეტანია. თუ არ დააკავებენ, მათსავე აღქმაში ჩაითვლება, რომ იქნებიან სუსტები, მათი გადმოსახედიდან ეს ასე ჩანს”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ნიკა მელია შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად რუსეთის ტყვეა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „ინტერპესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პროცესები მის დაპატიმრებამდე მივა, ეს წერტილს დაუსვამს მოლაპარაკებებს.

გოცირიძე ამბობს, რომ როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული და მელიას დაპატიმრება-არადაპატიმრებაზე გადაწყვეტილებას სწორედ ის მიიღებს.

„ეს იქნება უგუნური გადაწყვეტილება, რადგან ის წერტილს დაუსვამს ყველა პროცესს, რაც კი შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგნად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საერთაშორისო ჩართულობით. სიტყვა პოლიტიკური დევნა იმდენად შეეჩვია ყურს, რომ თითქოს გაუბრალოვდა, სინამდვილეში ამ სიტყვის უკან დგას ის, რომ არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი პარლამენტი. რა თქმა უნდა ნიკა მელია შეგნებულად მიდის ამაზე და ის არ არის მხოლოდ ნიკა მელიას საქმე ასე ვთქვათ, ეს უკვე არის მთელი ოპოზიციის და ქვეყნის მოქალაქეების საქმე და ამ მოქალაქეებში არ იგულისხმება მხოლოდ ის ამომრჩეველი, რომელმაც ოპოზიციას დაუჭირა მხარი. თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი წინააღმდეგი იქნება მელიას დაპატიმრებისა გავრილოვის გამო, რადგან ის არის გავრილოვის პატიმარი , ფაქტობრივად , რუსეთის მძევალი, შეიძლება ითქვას, რუსეთის ტყვე, ამიტომ მორალური და ყველანაირი უპირატესობა მისი და ოპოზიციის მხარეს არის, რომელსაც ამ შემთხვევაში ნიკა მელია განასახიერებს. ერთი რამ არის სასაცილო - აღკვეთის ღონისძიება ვიცით რა არის, ეს არის დამზღვევი მექანიზმი „დამნაშავის“ შემდგომ ქმედებებს, რომ მაგალითად არ მიიმალება. აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას მიერ 30 000 ლარი გადახდილია, ნიკა მელიას მოთვინიერება გამოიხატება იმაში 30 000 იქნება გირაო თუ 30 000 დამატებული 40000-ში? ამ თანხაშია კანონის აღსრულების სხვაობა თუ ძაღლის თავი სხვა რამეშია დამარხული - იმაში, რომ ხელისუფლება უკვე შეგნებულად მიდის პროვოკაციაზე?! სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც დაავალებენ და როცა ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ იღებს, ვინ ეკითხება „ქართულ ოცნებას“ და მის პოლიტსაბჭოს მსხვილკალიბრიანი საკითხების გადაწყვეტას, ამაზე პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, გულუბრყვილობაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი სადღაც წავიდა და განერიდა, შესაბამისად დააპატიმრებენ თუ არა ნიკა მელიას, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის გონებაში იქნება გადაწყვეტილი,“- განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, მელიას დაპატიმრებას უმწვავესი პროტესტი და სერიოზული საერთაშორისო რეაგირება მოჰყვება.

„თუ ამას მორალურ -ადამიანური კუთხით შევხედავთ, წინა პარლამენტი ხომ შეარცხვინა და სამუდამოდ ისტორიაში დარჩა იმ ადამიანების სახელები, ვინც მელიასთვის მანდატის შეწყვეტას და ფაქტობრივად დაპატიმრებას უყარეს კენჭი, დღეს იმ პარლამენტის ნარჩენები მეორეჯერ შეირცხვენენ თავს და ამას ახალი სახეები დაემატება, რომლებსაც ყოველთვის ექნებათ ასევე ეს მორალური დამღა, ზოგი ორდამღიანი გახდება პარლამენტში, ზოგი ერთდამღიანი. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს, იქნება უმწვავესი პროტესტი და სერიოზული საერთაშორისო რეაგირება ამასთან დაკავშირებით. ცუდი ის არის, რომ ამ მნიშვნელოვან პერიოდში როცა საქართველო უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ნატოს და როცა პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად სჭირდება ქვეყანას ევროკავშირის მხარდაჭერა, ფაქტობრივად ქვეყანა დაზარალდება და მეტად გაიზრდება ქვეყანაში რუსეთის ინტერესები, ამიტომ საბოლოო ჯამში კრიზისიდან გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლა,“ - განაცხადა გოცირიძემ.

მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია!, - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება” , რომელიც აპირებს ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას "არის დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს”.

"დღეს ცალსახად ნიკა მელია და ოპოზიცია არის გამარჯვებული, მორალურად გამართული, პოლიტიკურად გამბედავი და იმედისათვის მებრძოლი. ,,ქართული ოცნება”, რომელიც აპირებს, რომ ინსტრუქციების შედეგად მეორედ შეუწყვიტოს იმუნიტეტი ნიკა მელიას, არის კუთხეში მომწყვდეული, დარცხვენილი და კიდევ ერთხელ აღრმავებს კრიზისს. მნიშვნელობა არ აქვს რას გადაწყვეტს ,,ქართული ოცნება”, ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია”, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

თუ „ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დააკავებს, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში, თვითონ "ქართული ოცნება" დაზარალდება , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაართულებს არსებულ პოლიტიკურ კრიზისს და ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი მოლაპარაკებების ჩაშლისკენ.

„ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის. თუ „ქართული ოცნება“ დააკავებს ნიკა მელიას, ეს იქნება დიდი შეცდომა, დიდი უსამართლობა და საბოლოო ჯამში, თვითონ "ქართული ოცნება" დაზარალდება. "ქართული ოცნება" სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია, როცა პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივ დევნას აწარმოებს, ახორციელებს ზეწოლას და არჩევნებს აყალბებს. იმას რაც ხელისუფლების მხრიდან მელიასთან მიმართებაში ხდება, არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან, სამართლიანობასთან, ეს არის პოლიტიკური დევნა. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს ყველა სახის პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული პოლიტპატიმრები, მათ შორის გიორგი რურუა და მოუსხდეს მოლაპარაკების მაგიდას იმ საკითხებზე რაზეც დაიწყო მოლაპარაკებები და რამაც შექმნა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისათვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარს დაუჭერს.

მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც მან მედიას განუცხადა, ნიკა მელიასთან მიმართებაში, რასაც კანონი დაავალებს, იმას შეასრულებენ.

„კანონიდან გამომდინარე როგორც საჭირო იქნება, ისე მოიქცევა ყველა უწყება, ეს იქნება შს სამინისტრო თუ პროკურატურა, სხვა უწყებები. მელია იქნება თუ სხვა იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა თანასწორი ვართ კანონთან, თვითონაც ამას იძახის ბატონი მელია. რასაც კანონი დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს ნიკანორ მელიას დაპატიმრება, არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სპეკულაციები ამ თემაზე უსაფუძვლოა, რადგან ამ დრომდე მხოლოდ ნიკა მელიაზე იყო დამოკიდებული, დააპატიმრებენ მას თუ არა.

„ის მცდელობები, რომელსაც ოპონენტების მხრიდან ვაწყდებით ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ფუჭია, საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ის, რასაც საუბრობენ ოპონენტები აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასწორი მსჯელობაა. ერთადერთი პირი, ვის ხელშიც იყო ამ დრომდე გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენება-არგამოყენებასთან დაკავშირებით იყო თავად ნიკანორ მელია. აქედან გამომდინარე, მსჯელობა იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს დაპატიმრება ნიკანორ მელიასი ეს არის ტყუილი, სინამდვილეში, თავად ნიკანორ მელია ან მისი მეგობრები ცდილობენ, რომ პატიმრობაში მოხვდეს ნიკანორ მელია, ასეთია რეალობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია ამ მიმართულებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება პატივს სცემს სამართლებრივ პროცედურებს, ამდენად, “ამ საკითხის გვერდზე გადადება ან თუნდაც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არმსჯელობა, რასაკვირველია, არ იქნებოდა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპებისა“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, როგორც სარჯველაძე აცხადებს, შესაძლოა, ოპოზიციამ ნიკა მელიას საკითხი „გაზაფხულის გასაცხელებლად“ გამოიყენოს.

„ვერ გეტყვით, ვინმეს თუ ექნება მცდელობა, რომ ეს კიდევ გააგრძელოს ამ ფაქტების გამოყენება გაზაფხულის გასაცხელებლად, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს კარგ საბაბად შეიძლება გამოყენებადი იყოს. რასაკვირველია ისინი ეცდებიან, რომ ამ თვალსაზრისით გამოიყენონ ეს გარემოებები, თუმცა, შორს მიმავალ გეგმებს ეს მათ ვერ დაალაგებინებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, თუ ვინმე ეცდება სამართლებრივი საკითხის გამოყენებით მოლაპარაკებები ჩაშალოს, ეს ხელისუფლება არ იქნება.

„ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს და თუკი ვინმე შეეცდება, რომ ეს გარემოება, ეს სამართლებრივი საკითხი დაუკავშიროს მოლაპარაკებების ჩაშლას, ან ამ გზით, ამის გამოყენებით ჩაშალოს მოლაპარაკებები, ეს ნამდვილად არ იქნება ხელისუფლება,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

"ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართო შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ", - აცხადებს ნიკა მელია.

"ქართული ოცნება“ ჰაერშია, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა, ეს გახარია იყო" - გია ხუხაშვილი

LIVE: ეთერშია "360 გრადუსი" - ვახტანგ კალოიანი; მიხეილ სარჯველაძე

რას წერენ რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები გიორგი გახარიას გადადგომაზე