ავტორი:

"დღიურიდან ირკვევა, რომ იმდენად ბევრმა იცოდა ეს ამბავი, ნინის სკოლაში წასვლის ეშინოდა" - გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმის ყველა დეტალი

"დღიურიდან ირკვევა, რომ იმდენად ბევრმა იცოდა ეს ამბავი, ნინის სკოლაში წასვლის ეშინოდა" - გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმის ყველა დეტალი

9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოების ყველა ფენა შეძრა. 14 წლის ნინი ცეცხლაძე ბაბუამ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. ტრაგედიამ თითქმის ყველა რგოლის ხარვეზი წარმოაჩინა - ოჯახის, განათლების თუ ჯანდაცვის სისტემების, პოლიციის და ა.შ.

მას შემდეგ, რაც სავარაუდო სუიციდის ფაქტი გახმაურდა, შსს-მ მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც მოგვიანებით ბრალი კიდევ ერთი, 115-ე მუხლით წარედგინა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნინის გარდაცვალებიდან 6 დღეში შსს-მ კიდევ ერთი პირი - მოზარდის ბაბუა დააკავა. 76 წლის მამაკაცს ბრალად გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა ედება.

უფლებადამცველების პოზიციით, შსს-მ საქმეში ბრალდებულ პირთა წრე უნდა გააფართოვოს.

  • ნინის ოჯახი და გარემოცვა

14 წლის ნინი მცირეწლოვნობიდან მოყოლებული უფროს და-ძმასთან ერთად მამის ოჯახში, ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. გოგონას მამა და ბებია წლების წინ გარდაეცვალა, ხოლო დედა 12 წელი არ ჰყავდა ნანახი, რადგან ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. უფროსი და, რომელიც არასრულწლოვანს დედის მაგივრობას უწევდა, გასულ წელს დაქორწინდა და საცხოვრებლად ქმრის ოჯახში გადავიდა. 18 წლის ძმასა და ბაბუასთან დარჩენილი ნინი, სკოლაში სწავლის პარალელურად საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული. გარდა ამისა, სეზონურად მუშაობდა თხილის ბაღში და ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.

76 წლის სულიკო ცეცხლაძეს ბრალად ედება შვილიშვილზე ძალადობა და მუქარა

გოგონას გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახის წევრები არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შესახებ ალაპარაკდნენ. მოზარდის დედამ მერი რომანაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მის შვილზე ძალადობდა ბაბუა, სულიკო ცეცხლაძე, ხოლო ბიძებმა სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც გოგონაზე სექსუალური ძალადობის შესახებ შეიტყვეს.

"სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს ჩემი მამამთილის ძმიშვილებმა, სულ წიხლქვეშ აგორეს ჩემი შვილი" - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი ბავშვის დედამ.

ბაბუის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ 23 წლის ბრალდებულის მშობლები: "ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა ამ გოგოზე, თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემს შვილს და უთხრა, მიშველე, წამიყვანე ჩემს მეგობართანო" - ამბობს ბრალდებულის დედა.

23 წლის ნიკა ტაკიძის ადვოკატი ირაკლი შავაძე AMBEBI.GE-ს ეუბნება, რომ გამოძიებას გადასცეს აუდიოჩანაწერიც, რომლითაც უტყუარად დასტურდება, გოგონაზე ბაბუის მხრიდან ძალადობის ფაქტი.

სულიკო ცეცხლაძემ "ტვ პირველთან" საუბარში საკუთარი შვილიშვილის სუიციდი, ფაქტობრივად, გამართლებულად ჩათვალა, სიტყვებით: "ბავშვმა ამით გამოისყიდა თავისი დანაშაული, გაუპატიურებული რომ იყო ის".

ოჯახში ძალადობას კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილი გოგონას 18 წლის ძმა და ძალადობაში საკუთარ დედას ადანაშაულებს:

"დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს, დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ, არ უძალადია მასზე არც ბაბუას და არც ბიძებს" - განაცხადა გარდაცვლილი გოგოს ძმამ მედიასთან.

მერი რომანაძე მის შვილზე ძალადობაში ყოფილ მამამთილსა და მის ძმისშვილებს ადანაშაულებს
  • როგორ გახდა 13 წლის ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი?

ნინიმ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 2020 წლის ზაფხულში სოციალური ქსელით გაიცნო. მაშინ გოგონა 13 წლის იყო. საქმის მასალების მიხედვით, 23 წლის მამაკაცმა გოგონასთან მოტყუებით ორჯერ დაამყარა სქესობრივი კონტაქტი და გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ ნინიმ ოჯახის წევრებს უამბო. გოგონას მონათხრობის საფუძველზე ქობულეთის რაიონულმა პოლიციამ საქმე 140-ე მუხლით, ანუ 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით აღძრა 2020 წლის 10 დეკემბერს, როცა ძალადობის მეორე შემთხვევა მოხდა.

დაინიშნა ექსპერტიზები, დაიკითხა დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ იცოდა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა, ორი თვის განმავლობაში არც შემაკავებელი ორდერი გამოუწერია და არც არავინ დაუკავებია. მეტიც, პოლიციას გოგონას გარდაცვალებამდე არც კი დაუკითხავს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი.

ბრალდებული ნიკა ტაკიძე

  • გამოძიების ხარვეზები

14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეში ჩართულია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის". ორგანიზაციის იურისტი ანა თავხელიძე იცავს გარდაცვლილი გოგონას უფროსი დის, 20 წლის ქალის ინტერესებს, რომელიც პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ 15 თებერვალს ცნო. ადვოკატის თქმით, საქმე ჯერჯერობით, ორი ტომისგან შედგება, თუმცა მასალები უკვე იძლევა მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას, იმაზე თუ რა უნდა მოემოქმედებინა სახელმწიფოს 14 წლის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად.

იურისტი AMBEBI.GE-სთან იმ ხარვეზების შესახებ საუბრობს, რაც საქმის მასალებში დაინახა. პირველი, რაზეც თავხელიძე საუბრობს, არასრულწლოვნის გამოკითხვის საერთაშორისო სტანდარტების დარღვევაა. მისი განმარტებით, გამოკითხვა ჩატარდა არა ბავშვზე მორგებულ გარემოში, არამედ პოლიციის განყოფილებაში. ამასთან, საქმის მასალების მიხედვით, პროცესს არ ესწრებოდა არც ფსიქოლოგი და არც ადვოკატი, ხოლო გამოკითხვა ჩაატარა გამომძიებელმა და არა სპეციალიზირებულმა ინტერვიუერმა.

იურისტი ანა თავხელიძე

"თუ გამოკითხვა მოხდებოდა ბავშვზე მორგებულ გარემოში, შესაბამისი პროფესიონალების მიერ, ბავშვი უფრო გაიხსნებოდა და ბევრ მნიშვნელოვან რამეს იტყოდა. განყოფილებაში, სადაც ნინი გამოიკითხა, არ ვიცით რამდენი ადამიანი შედიოდა, გამოდიოდა, ვინ ისმენდა ამ საუბარს და ა.შ. რაც ბავშვისთვის დამთრგუნველი იქნებოდა" - გვეუბნება იურისტი.

თავხელიძე კიდევ ერთ დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც მან საქმის მასალებში ნახა, 14 წლის მოზარდი საგამოძიებო უწყებაში სამჯერ დაიკითხა - 2020 წლის 10 დეკემბერს, 2020 წლის 14 დეკემბერს და 2021 წლის 4 თებერვალს, რაც ანა თავხელიძის შეფასებით, დაუშვებელი იყო.

"ეს არის წარმოუდგენელი მაჩვენებელი სექსუალური ძალადობის საქმეზე, ოჯახში ძალადობის საქმეზეც კი ერთხელ მეტად არ ვაკითხინებთ ბავშვს, რადგან მსხვერპლი ყოველ ჯერზე ისტრესება, ტრავმა ახსენდება თავიდან და მძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა" - ამბობს თავხელიძე.

ის რომ საქმეში არ მოიპოვება მსხვერპლის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, იურისტის შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო დარღვევვაა.

"ჩემს პრაქტიკაში ალბათ პირველი საქმეა, სადაც ასეთი ექსპერტიზა არ დაუნიშნავთ. ეს შეცვლიდა იმას, რომ გაჩნდებოდა დამატებითი მტკიცებულება და შეიძლება ისეთი რამ გამოჩენილიყო ფსიქოლოგთან საუბარში, რაც ტრაგედიის პრევენციას უზრუნველყოფდა. ფსიქოლოგი ამ საქმეში სამგან იყო საჭირო: დაკითხვაზე, ფსიქოლოგიურ ექსპერტიზისთვის და ბავშვთან თერაპიული მუშაობისთვის. ამ შემთხვევაში ტრაგიკული შემთხვევის რისკი მინიმუმამდე შემცირდებოდა" - გვეუბნება ადვოკატი.

  • სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა

საქმეში მთავარი კითხვები სწორედ სოციალური მუშაკის მისამართით ისმის.

რატომ არ მოითხოვა სოციალურმა მუშაკმა გამოკითხვაზე ფსიქოლოგისა და ადვოკატის დასწრება? რატომ მიანდო პროფესიონალმა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცააა საქმეში ფსიქოლოგის ჩართვისა და სოციალურ საცხოვრისში გადაყვანის საჭიროების განსაზღვრა? რა გააკეთა სოციალურმა მუშაკმა იმისთვის, რომ ასეთი ფატალური შედეგი არ დამდგარიყო?

AMBEBI.GE მეხუთე დღეა ცდილობს იმ სოციალურ მუშაკთან დაკავშირებას, რომელიც ნინისთან მუშაობდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მეხუთე დღეა გვეუბნებიან, რომ ჩანიშნული აქვთ შეხვედრა და პასუხს ელოდებიან.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" იურისტი ანა თავხელიძე ამბობს, რომ გამომძიებელმა სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ ბავშვს ჰქონდა უფლება უფასოდ ჰყოლოდა ადვოკატი, პროცესს დასწრებოდა ფსიქოლოგი, თუმცა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოციალურმა მუშაკმა არ მოითხოვა არც ადვოკატისა და არც ფსიქოლოგის დასწრება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა. გარდა ამისა, მას უნდა სცოდნოდა ოჯახში ძალადობის შესახებ და შესაბაბისი ზომები მიეღო. შეეფასებინა და მინიმუმამდე დაეყვანა საფრთხეები. მუშაკი ამბობს, რომ მან ბავშვს შესთავაზა ფსიქოლოგის მომსახურებაც და ოჯახიდან გაყვანაც, მაგრამ უარი მიიღო. ეს იმ ტიპის შემთხვევაა, როცა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს გადაწყვეტილებას ვერ მიაღებინებ. 13 წლის ბავშვი ვერ განსაზღვრავს მინდობით აღზრდა სჭირდება მას, ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრის დახმარება" - ამბობს იურისტი.

მედიაში გავრცელდა მიმოწერა გარდაცვლილის დედასა და სოციალურ მუშაკს შორის. რომლის მიხედვითაც, მერი რომანაძე სოციალურ მუშაკს ატყობინებდა, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო და თავის მოკვლაზე საუბრობდა. სოციალური მუშაკი კი ამის პასუხად წერდა, რომ მსხვერპლს პოლიციისთვის მიემართა, ან სოც. მუშაკთან პირადად ჩასულიყო.

ანა თავხელიძე გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე გამოძიებისგან არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნული მიმოწერის თაობაზე. მისი თქმით, შესაძლოა ეს 2018 წლის მიმოწერა იყოს, თუმცა თუ ის ნამდვილია, ადვოკატის თქმით, სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

"თუ ეს მიმოწერა ნამდვილია, ეს არის კანონის დარღვევა და გულგრილობაზე უნდა დაიწყონ გამოძიება" - ამბობს თავხელიძე.

15 თებერვალს "ბათუმელებმა" გამოაქვეყნა ინტერვიუ სოციალურ მუშაკ თამარ ღუნაშვილთან, რომელიც არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდა. ღუნაშვილის თქმით, მას არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ნინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი შეიძლებოდა ყოფილიყო.

"მე ნინის არაერთხელ დავუსვი შეკითხვა ოჯახის წევრებზე, რას ეუბნებოდნენ ისინი, ვესაუბრე ოჯახის სხვა წევრებს და მის მზრუნველსაც (გარდაცვლილის დას) არ დამინახავს რაიმე რისკი, რაც მაფიქრებინებდა, რომ ნინი იყო ან გახდებოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი… იყო თუ არა რაიმე სახის ძალადობა, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივა იყო" - ამბობს თამარ ღუნაშვილი და დასძენს, რომ ქობულეთში სოციალური მუშაკების დეფიციტია, მთელ მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი მუშაკი ემსახურება, რაც დაკისრებული მოვალეობის სრულყოფილ შესრულებას შეუძლებელს ხდის.

  • ექსპერტიზის დასკვნა

14 წლის გოგონას საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთის პასუხებია ცნობილი. ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც ნინის სხეულზე არსებული დაზიანებები მის სიცოცხლეში აღწერა. დოკუმენტით დგინდება, რომ მოზარდს სამ ადგილზე ჰქონდა დაზიანებები - მარჯვენა წინა მხრის არეში, მარცხენა წვივის მიდამოში, უკანა მხარეს და ფეხის არეში. დოკუმენტის თანახმად, არსებული დაზიანებები რაიმე მკვირივი-ბლავი საგნის ზემოქმედების შედეგად აქვს მიღებული და მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებას.

დაკითხვაზე მოზარდმა მის სხეულზე არსებული დაზიანებების მიზეზად არა ძალადობა, არამედ შემთხვევითობა დაასახელა. მან გამომძიებელს უთხრა, რომ შემთხვევით შეეჯახა კარს.

იურისტ ანა თავხელიძის თქმით, არასრულწლოვნის განმატება იმდენად შეუსაბამო იყო, რომ გამომძიებელს და სოც.მუშაკს კანონით ევალებოდათ ძალადობის ფაქტი ევარაუდათ და სიმართლის დასადგენად შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინათ.

"სავარაუდოდ, ბავშვმა ფიზიკურ ძალადობაზე იმიტომ არ მიუთითა, რომ არასათანადო გარემოში ჩატარდა გამოკითხვა. მას, როგორც ჩანს შეეშინდა, რომ თუ სიმართლეს იტყოდა, ამას შეიძლება დამნაშავის ყურამდე მიეღწია. სოციალურ მუშაკს და გამომძიებელს კანონით ჰქონდათ ვალდებულება გასჩენოდათ ეჭვი, ხომ არ იყო ბავშვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. 4 თებერვალს განაცხადა ბავშვმა დაზიანებების შესახებ და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ გატარდა, მის სიცოცხლეში რომ მომხდარიყო, ეს შედეგი დიდი ალბათობით არ დადგებოდა" - ეუბნება AMBEBI.GE-ს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" იურისტი.

  • ნინის დღიური

ამ დროისთვის 14 წლის გოგონას საქმე ორი ტომისგან შედგება. მასალებში მნიშვნელოვანი წილი ნინის დღიურს უჭირავს. ანა თავხელიძის თქმით, გოგონას პირადი ჩანაწერები საკმაოდ მოცულობითია და ის გამოძიებას ბევრ რამეში დაეხმარება.

14 წლის ნინის დღიურიდან ირკვევა, რომ გოგონას უსამართლობის განცდა ჰქონდა და განიცდიდა, რომ საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებდა

"ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გოგონა სექსუალური ძალადობის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. ჰქონდა განცდა, რომ მოატყუეს, რომ ცუდად მოექცნენ, რომ მისი არავინ დაიჯერა, რადგან რეაგირება არ მოჰყვა ამ ყველაფერს, უსამართლობის განცდა ჰქონდა და განიცდიდა, რომ საკუთარ სიმართლეს ვერ ამტკიცებდა.

დღიურიდან ირკვევა ისიც, რომ იმდენად ფართედ იყო გავრცელებული ეს ამბავი, იმდენად ბევრმა იცოდა, რომ ნინის სკოლაში წასვლის შიში ჰქონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ბულინგის მსხვერპლი გახდებოდა. ამას კი მივყავართ სკოლის პასუხისმგებლობამდე, რადგან მათ იცოდნენ ძალადობის შესახებ და არაფერი გააკეთეს..." - ამბობს ანანო თავხელიძე.

  • რას ამბობს ნინის სკოლა?

ნინის სკოლის დირექტორი საქმეში სკოლის პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს, რასაც იმით ხსნის, რომ სასწავლებელს არ ჰქონდა ინფორმაცია მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის შესახებ.

"ონლაინ სწავლება რომ არ ყოფილიყო, ალბათ გავიგებდით და აუცილებლად დავუდგებოდით გვერდით ბავშვს. არ გვქონდა ინფორმაცია და რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? რომ გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, მაშინვე მივედით ოჯახში და იქ მითხრა ბაბუამისმა, რომ სექსუალური ძალადობა იყო მომხდარი. ეს დღეებია ჩემს თავს სულ ერთ კითხვას ვუსვამ - რისი გაკეთება შემეძლო და რა ვერ გავთვალე? მაგრამ ამ დისტანციის, ამ ჩაკეტილობის გათვალისწინებით, ალბათ არაფერი შემეძლო. როცა იცი შველი, როცა არ იცი - რას იზამ?! - განუცხადა AMBEBI.GE-ს მანანა ჩხაიძემ, სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლის დირექტორმა.

  • ვინ უნდა აგოს პასუხი 14 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიიჩნევს, რომ 14 წლის გოგონას გარდაცვალების გამო პასუხი უნდა აგოს ყველა იმ პირმა, რომელიც არასრულწლოვანზე რაიმე ფორმით ძალადობდა. გარდა ამისა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის პროფესიონალი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული და გულგრილობა გამოიჩინა.

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხი უნდა აგოს სახელმწიფომ იმის გამო, რომ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქის, 14 წლის ბავშვის სიცოცხლე, რომელიც თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევდა და დახმარებას ითხოვდა.

"ახლა რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რამდენი პირიც არ უნდა დააკავოს, ამ დანაშაულს მაინც ვერ გამოისყიდიან. ცხადია ყველა ის პირი უნდა გამოავლინონ, ვინც რაიმე ფორმით ჩაიდინა დანაშაული ამ საქმეში, მაგრამ მთავარია სახელმწიფომ აღიაროს და პასუხი აგოს იმაზე, რომ ბავშვთან დააშავა და ასეთი მძიმე შედეგი დადგა. ვაპირებთ დავას ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელსაც ევალებოდა და თავიდან არ აიცილა ეს ტრაგიკული შედეგი" - გვეუბნება ანა თავხელიძე.

"ბანკომატიდან თანხის გამოსატანად გავუშვით და გაუჩინარდნენ" - სამტრედიაში 11 და 13 წლის ბავშვებს ეძებენ

გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

უზნაძის ქუჩაზე, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს