ავტორი:

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

"ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება" - რას ნიშნავს კონგრესში საქართველოს მხარდაჭერის აქტის ხელახლა წარდგენა?

გასულ კვირას აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს. კანონპროექტი ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, და ადასტურებს აშშ-ის წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის, ისევე, როგორც რუსული პროპაგანდის მიმართ. კანონპროექტი, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს მხარდამჭერი აქტის და მისი მნიშვნელობის შესახებ AMBEBI.GE-ს საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.

- კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი და რა გზა გაიარა დღევანდელ დღემდე. ეს არის ინიციატივა, იდეა, რომელიც 2018 წელს - ეს იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტის დროს, იქნა ინიცირებული. სენატის შენობაში მისგან გახმაურდა ინიციატივა, რაც გულისხმობს იმ მხარდაჭერის გაძლიერებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის მხრიდან აქვს, ამის ერთგვარ კონსოლიდირებას და ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას.

საქართველოს მხარდაჭერის აქტი რამდენიმე განზომილებას მოიცავს, თუმცა მთავარი აქცენტი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე კეთდება, ისევე, როგორც შემდგომში ამ ტერიტორიების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე, ანუ დეოკუპაციაზე.

თენგიზ ფხალაძე

2018 წელს საქართველოს მეგობრობის ჯგუფს სენატორი პო ხელმძღვანელობდა - სწორედ მან შეიტანა ეს აქტი კონგრესში. ეს აშშ-ის 115-ე მოწვევის კონგრესი იყო. მოგეხსენებათ, კონგრესში ძალიან გრძელვადიანი პროცედურაა და ასე ადვილი არაა, ინიციატივა კანონად იქცეს. ამიტომ, იმ პერიოდში ეს ვერ მოესწრო და უკვე შემდგომი, ანუ 116-ე მოწვევის კონგრესში, ამ შემთხვევაში კონგრესმენმა კინზინგერმა, რომელიც საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ამ საკითხის გაგრძელება ითავა. გახსოვთ, რომ აქტმა რამდენიმე ეტაპი გაიარა, კენჭისყრაც შედგა ქვედა პალატაში და ა.შ. თუმცა, ვერც 116-ე მოწვევის კონგრესმა მოასწრო ის, რომ საბოლოოდ დაესრულებინა პროცედურები და ხელმოსაწერად პრეზიდენტისთვის გადაეგზავნა. ახლა უკვე ახალი, 117-ე მოწვევის კონგრესი იწყებს ამ პროცედურას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ისევ ის ადამიანია, რომელიც საკითხს წინა კონგრესში ლიდერობდა და თანაც ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ის ახლა უკვე აშშ-ის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელია ნატო-ში. ასე რომ, აქტის ხელახლა წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შინაარსობრივად მასში არაფერი შეცვლილა, თუმცა იმისთვის, რომ თაროზე შემოდებული არ დარჩენილიყო, ხელახალი წარდგენა კონგრესისთვის და პროცედურების ხელახალი ამოქმედება აუცილებელი იყო.

- აქტში საერთოდ არანაირი შესწორება არ შესულა?

- არა, აბსოლუტურად იგივე აქტია. შემდგომი განხილვის შედეგად, შესაძლოა, მაგალითად, სენატმა შეიტანოს რაიმე ცვლილება, თუმცა ამჟამად დოკუმენტი, ტექსტი აბსოლუტურად იგივეა. უბრალოდ, მაშინ ვერ მოესწრო, რომ კანონად ქცეულიყო და ამიტომაც მოხდა მისი ხელახალი წარდგენა.

- აქტში ხაზგასმულია საქართველოს განუხრელი სწრაფვა დემოკრატიისკენ, მიუხედავად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბევრი, ასე ვთქვათ, ტურბულენტური მოვლენისა. ბოლო წლებში - თუნდაც, ამ 2-3 წლის განმავლობაში რაღაცები კვლავ შეიცვალა და გამოჩნდა, თუმცა საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა აქტი მაინც, ისევ წარადგინა...

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ აქტის თაროზე შემოდება არაფრით არ შეიძლება. შემდგომი განხილვების დროს რამდენად აისახება ბოლოდროინდელი ვითარება, ეს სხვა თემაა - შესწორებები შევა თუ არ შევა. თუმცა ყველამ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გამოვიჩინოთ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცეს. ეს არაა ადვილი, ძალიან დიდი მუშაობა და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება. კონსოლიდირებულ ძალისხმევას ვეძახი იმას, რომ თავისთავად ცხადია, ხელისუფლებასთან ერთად, აბსოლუტურად ყველა უნდა იყოს ჩართული. ნებისმიერი გზავნილი საქართველოდან უნდა იყოს ის, რომ საქართველოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი - მხარდაჭერის აქტი სჭირდება. აბსოლუტურად ყველას ვგულისხმობ - პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებას და ა.შ. ყველასგან უნდა იყოს კონსოლიდირებული გზავნილი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს, შეაკავებს რუსულ ოკუპაციას და დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

- როდის შეიძლება, ველოდოთ გადაწყვეტილებას აქტის კანონად ქცევის შესახებ? მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნეთ, რა ცვლილებების მოტანაც შეუძლია მას, მართლაც რეალური იქნება ეს ცვლილებები თუ შეიძლება, კანონად გახდომის შემთხვევაშიც უფრო გზავნილებად დარჩეს?

- მარგველაშვილის იდეაც, როდესაც 2018 წელს ამაზე საუბრობდა მაშინდელი პრეზიდენტი, ეს იყო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეზოლუცია გვაქვს, მნიშვნელოვანი რეზოლუციები, გვაქვს არაერთი განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები აშშ-ის კანონმდებლობაში, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ. ანუ, იდეა იყო ის, რომ ამ ყველაფერის თავმოყრა მომხდარიყო და მიღებული ყოფილიყო არა ძლიერი განცხადება, არამედ ძლიერი კანონი.

ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი

ეს იმით განსხვავდება ყველა სხვა რეზოლუციისან, რომ ამას უკვე კანონის ძალა ექნება, რომლის მიხედვითაც განვითარდება ძალიან კონკრეტული პროგრამები, ამიტომ ყველა იმ სფეროში, რომელიც ვახსენე, ამას ვიგრძნობთ და ვნახავთ. მთავარია, ეს კანონი გახდეს, რომლის პროცედურაც ადვილი ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი, აშშ-ის კონგრესში უამრავი საკანონმდებლო ინიციატივაა დარეგისტრირებული და ელემენტარულად, მათ განხილვას დრო სჭირდება; მერე, ამერიკაში არ ხდება კანონების ერთ დღესა თუ ერთ კვირაში მიღება - იქ აუცილებელია, ამაზე ორივე პალატის არამხოლოდ პოლიტიკური თანხმობა, არამედ მათ მიერ შეთანხმებული ტექსტის საბოლოო ვერსია იყოს; მხოლოდ შემდგომ მიდის ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამ ეტაპზე საჭიროა მუშაობა იმისთვის, რომ პრეზიდენტის ოფისი ამ კანონზე ხელმოწერის საჭიროებაში დარწმუნდეს. ე.ი., ეს ძალიან შორია, არ არის მარტივი გზა და ძალიან სერიოზული შრომა სჭირდება. თუმცა კიდევ ვამბობ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის.

- მეორე მხრივ, იქცევა თუ არა ინიციატივა კანონად, რუსეთის გადმოსახედიდანაც აქვს მნიშვნელობა...

- უპირველეს ყოვლისა, სრულიად ახალი ტიპის, ძალიან ძლიერ მხარდაჭერას ნიშნავს, რაც გამოიხატება არა მხოლოდ განცხადებებში, არამედ, ეს კანონი გულისხმობს ძალიან კონკრეტულ ინიციატივებს, რაც ეხმარება საქართველოს და იმავდროულად, გულისხმობს ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას იმ მხარის თუ სუბიექტების, ვინც საქართველოს ოკუპაციის პროცესში არიან ჩართულნი. იქ მთელი თავია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ხაზს გაუსმევს იმ კონკრეტულ პასუხისმგებლობას, რაც აქვთ სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, სუბიექტებს, რომლებიც იქ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე საქმიანობენ. ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული რამაა, ოღონდ მთავარია, ჯერ მივიდეთ იქამდე. მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ინიციატივა, რომლის კანონად გახდომაზეც ორი კონგრესის განმავლობაში იყო მცდელობები, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, ახლა იქცეს კანონად.

- ამის გაკეთება, ალბათ, მხოლოდ მესიჯებით შეგვიძლია...

- რეალურად ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუმცა აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს აქტიურობას, მუდმივ შეხსენებას იმისა, რომ საქართველოს საკითხი დროზე უნდა იყოს განხილული. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ვითარება გვაქვს აქ, როგორ დავეხმარებით ამერიკელ კანონმდებლებს, რათა ადვილად მიიღონ ამ კანონზე გადაწყვეტილება. ანუ, სკეპტიკოსებს რომ არ მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ საქართველოში რაღაც ყველაფერი ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაშიო...

"პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი... გამარჯვება გუნდის ერთგულებაზეა დამოკიდებული" - რას წერს არჩილ თალაკვაძე "ფეისბუქზე"?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვამბობ, რომ გაჭირვება არ არის... ვუყურებ, რომ ადამიანები ნაგავში იქექებიან, მაგრამ პარიზშიც არის ეგ" - ელისო ბოლქვაძე