"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.
როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
"დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმდჯომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა.
მისი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უნმნიშვნელოვანესი რეფორმები, ეს არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდა საზოგადოებაში. ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების“ საქმიანობაში.
2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი "ქართული ოცნების" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი იყო.
2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. დაახლოებით, ერთ წელში კი 2013 წლის 2 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად დასახელდა. მაშინ მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. 2015 წლის 23 დეკემბერს იგი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და აქტიური პოლიტიკიდან წავიდა. მას შემდეგ რამდენიმე ხანი საჯაროდ არ გამოჩენილა.
2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. მან ამ თანამდებობაზე ლევან იზორია შეცვალა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.